1 ივლისს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კონსტიტუციური შეთანხმების 20 წლისთავის საკითხებს მიეძღვნა.
სხდომაზე გამომსვლელთა საერთო აზრით, თბილისსა და სოხუმს შორის 20 წლის წინათ მიღწეული შეთანხმება, ქართველი ერის კეთილი ნების გამოხატულება იყო. მაშინ, კრემლის შუამავლობის გარეშე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზებს გარანტირებული უმრავლესობა მიენიჭათ.
"ეს ეროვნული უმცირესობების მიმართ მსოფლიოში ერთადერთი უნიკალური გადაწყვეტილება იყო. დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ერთი მხრივ ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის (ეთნიკური ქართველების) უფლებებს ზღუდავდა, მაგრამ მეორე მხრივ, მართლაც უპრეცედენტო კომპრომისზე დათანხმება იმ ვითარებაში გონივრული და გამართლებული ნაბიჯი იყო, რომელიც კრემლის მიერ აფხაზეთში დაგეგმილი კონფლიქტის პროვოცირების, ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად", – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. მისი თქმით, ეს ქართველი ერის ტოლერანტობის ძალიან მაღალი მაგალითი იყო, თუმცა სამწუხაროდ, შეთანხმება ბოლომდე ვერ შესრულდა.
ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებზე, არსებულ პრობლემებსა და გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ჯემალ გამახარიამ. კონსტიტუციური შეთანხმების მომზადების დეტალები და მოლაპარაკებების პროცესი გაიხსენა პროფესორმა ლევან ალექსიძემ.
როგორც სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, ისტორიული გამოცდილება მოწმობს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი სირთულის პრობლემური საკითხის გადაწყვეტა გაცილებით იოლად ხდებოდა პირდაპირი დიალოგის მეშვეობით – შუამავლებისა და მედიატორების ჩარევის გარეშე. ასე იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში – 1918–1921 წლებში, ასე მოხდა 1991 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება დღესაც არ იშურებს ძალისხმევას აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის და ამას ადასტურებს აფხაზური მხარისათვის შეთავაზებული არაერთი სამშვიდობო ინიციატივა. მათ შორის უნდა აღინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოხუმის რეჟიმისათვის შეთავაზებული ახალი სამშვიდობო გეგმა.
საერთო აზრია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს შექმნილი ვითარება აფხაზი ეთნოსის არსებობას დიდ საფრთხეს უქმნის. "აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საიმედო გარანტი არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობასა და ერთიან კავკასიურ სივრცეში დარჩენა და ამას ადასტურებს ისტორიული გამოცდილება", – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში აუცილებლად გაიზრდება ახალი, კომუნისტური ნომენკლატურისაგან განსხვავებული თაობა, რომელიც გაითავისებს ისტორიულ წარსულს და აფხაზეთის მომავალს ერთიან საქართველოში დაინახავს. იმ საქართველოში, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა აფხაზური ენის, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.
დასასრულს, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ და აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა (პრობლემები, გადაწყვეტის გზები) და კონსტიტუციური შეთანხმების 20 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს.