საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კონსტიტუციური შეთანხმების 20 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
ერთიან ქართულ სახელმწიფოში ქართველი და აფხაზი ხალხების მჭიდრო ურთიერთობა და თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის და არამც და არამც არ წარმოადგენს დაპირისპირებათა უწყვეტ ჯაჭვს, როგორც ამის წარმოჩენა ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს სურთ. სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კატაკლიზმების დროს წარმოშობილი და მნიშვნელოვანწილად გარედან ინსპირირებული უთანხმოებები, ძირითადად, გონივრული კომპრომისებისა და ურთიერთმისაღები შეთანხმებების გზით გადაიჭრებოდა.
ისტორიული გამოცდილება მოწმობს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი სირთულის პრობლემური საკითხის გადაწყვეტა გაცილებით იოლად ხდებოდა პირდაპირი დიალოგის მეშვეობით – შუამავლებისა და მედიატორების ჩარევის გარეშე. ასე იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში – 1918-1921 წლებში. ასე მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს.
დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპრომისების დაშვებით, 1919 წელს აფხაზეთში გაიმართა პირველი დემოკრატიული, პირდაპირი არჩევნები და აფხაზეთის სახალხო საბჭოს 40 წევრიდან 18 ეთნიკურად აფხაზი იყო, 16 კი _ ქართველი. უფრო მეტიც, მმართველი მენშევიკური პარტიის მიერ გაყვანილი 27 დეპუტატიდან მხოლოდ 10 იყო ქართველი, 12 კი _ აფხაზი.
1921წ. 21 თებერვალს დემოკრატიულად არჩეული, მრავალპარტიული საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლი აფხაზეთს ავტონომიურ მმართველობას ანიჭებდა.
1991 წლის ზაფხულშიც, თბილისსა და სოხუმს შორის კრემლის შუამავლობის გარეშე გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზებს მიენიჭათ გარანტირებული უმრავლესობა (65 სადეპუტატო მანდატიდან აფხაზებს, რომელთა რაოდენობა იმ დროისთვის აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 17,3%-ს შეადგენდა, ჰქონდათ 28 ადგილი, ქართველებს კი (45,7%) _ მხოლოდ 26. დანარჩენი 11 მანდატი გადანაწილდა რეგიონში მცხოვრებ სხვა ეროვნებებზე). დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის (ეთნიკური ქართველების) დემოკრატიულ უფლებებს ზღუდავდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთ, საერთაშორისო პრაქტიკისთვის მართლაც უპრეცედენტო კომპრომისზე დათანხმება, იმ ვითარებაში გონივრული და გამართლებული ნაბიჯი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კრემლის მიერ აფხაზეთში დაგეგმილი კონფლიქტის პროვოცირების, ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას, თუნდაც `ზედმეტი” დათმობის გზით.
“ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას ძალისხმევა არ დაუკლია, რათა აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზები მოეძებნა, რასაც ადასტურებს აფხაზური მხარისთვის შეთავაზებული არაერთი სამშვიდობო ინიციატივა.
ამ მხრივ უპრეცედენტოა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიერ 2008 წლის 28 მარტს სოხუმის რეჟიმისთვის შეთავაზებული ახალი სამშვიდობო გეგმა. ეს ინიციატივა ითვალისწინებდა: საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რომელსაც ეროვნებით აფხაზი დაიკავებდა, აფხაზების გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის ვეტოს უფლების მინიჭებას აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო კანონზე, რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას და საზღვაო პორტებზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას, სამართალდამცავი უწყებებისა და საბაჟო სამსახურის თანდათანობით გაერთიანებას და საერთაშორისო გარანტიებს აფხაზეთის შეუზღუდავი ავტონომიისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ზრუნავდა აფხაზური ენის, კულტურის და ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საკმარისია ითქვას, რომ ახალგაზრდა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1920 წელს ანტანტის წინაშე დასვა საკითხი თურქეთში მოჰაჯირობის დროს გადასახლებულ აფხაზთა შთამომავლების სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად შექმნილმა ვითარებამ არ შეიძლება არ დააფიქროს საღად მოაზროვნე აფხაზი, იმ რეალური საშიშროების გამო, რაც მათი ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებას ემუქრება. ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საიმედო გარანტი არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობასა და ერთიან კავკასიურ სივრცეში დარჩენა.
საქართველოს პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კავკასიის პრობლემების განხილვა ერთიან კონტექსტში უნდა მოხდეს. პარალელურად მან რუსეთს მოუწოდა კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში. გაეროს ტრიბუნიდან დეკლარირებული ახალი პოლიტიკური ხედვა გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი კურსის განხორციელებას მთლიანად კავკასიის რეგიონში, როგორც ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში.
საქართველოს ხელისუფლება მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ისტორიული კავშირების აღდგენას, ამიტომ, ჰუმანიტარულ-პოლიტიკური მოტივებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 2010 წლის 3 ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს საქართველოს საზღვრის უვიზოდ გადმოკვეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში უვიზო რეჟიმში ყოფნის უფლება მიეცათ.
საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიული სამართლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა, როცა ა/წ 20 მაისს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები შეფასებულია, როგორც გენოციდის აქტი.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გამოთქვამენ ღრმა რწმენას, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის, სახელოვან წინაპართა ხსოვნისადმი პატივისცემისა და მომავალ თაობათა წინაშე არსებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართველები და აფხაზები შეძლებენ გონივრული კომპრომისებით დაძლიონ მათ შორის არსებული წინააღმდეგობები და აღადგინონ ერთიანობა, მრავალსაუკუნოვანი, ძმური კავშირები.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომელიც აიძულებს კრემლს, შეასრულოს მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, რაც ქართველებსა და აფხაზებს ორმხრივი, უშუალო დიალოგის საშუალება მისცემს.
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი