პლენარულმა სხდომამ მოისმინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის ყოველწლიური მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ვრცელ მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ინსტიტუციური განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებები, სამოქალაქო ინტეგრაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გატარდა რიგი ინსტიტუციური ცვლილებები. განხორციელდა სტრუქტურული ცვლიბები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, დაფუძნდა ააიპ „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“, შეიქმნა სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო“, ამასთან განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სტრუქტურილი და საკადრო ცვლილებები.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, გასულ პერიოდთან შედარებით, საბიუჯეტო ხარჯები 2.972.747 ლარით (15.7%), ხოლო პროგრამული ნაწილის დაფინანსება 174.975 (4%) ლარით გაიზარდა. როგორც რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია სამომავლოდ პროგრამულმა დაფინანსებამ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. მისი განმარტებით, ეს პროცესი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს დევნილთა სოციალური და ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მოხსენებაში რუსლან აბაშიძემ მიმოიხილა მთავრობის აღმასრულებელი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობა სოციალურ და ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, სპორტის სფეროში, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აღინიშნა აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის გაწეული ჯანდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის დახმარების შესახებ.
მოხსენების დასრულების შემდეგ, გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს და მთელი რიგი შეკითხვები დასვეს ქალბატონებმა ადა მარშანიამ, რაისა ქარაიამ, ბატონებმა მურმან კვარაცხელიამ, თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ანზორ წოწონავამ, ბორის კაკუბავამ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმაოდ მრავალრიცხოვან და ამასთანავე კრიტიკულ შენიშვნებს უპასუხა. დეპუტატებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოპალარაკებების შედეგები; ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებული ხარვეზები, კორუფციის საფრთხეები, ავტონომიური რესპუბლიკის ტელე-რადიო მაუწყებლობის აღდგენა, მთავრობის პოლიტიკა კულტურისა და სპორტის სფეროში, უცხოეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან და მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან კავშირების გამყარება, მათთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელება, დისტანციური სწავლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები, დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვა სხვადასხვა დონეზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და მრავალი სხვა.
რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისადმი გამოჩენილი დაინტერესებისა და შენიშვნების გამო. ამასთან გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში აფხაზეთის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი სტრუქტურების საქმიანობის კოორდიანაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგებზე დადებითად აისახება.
სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია პროგრამული დაფინანსების თანმიმდევრული ზრდა, დევნილთა ყოფის გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებები და გაჟღერებული ინიციატივები. ამასთან, მან გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული ცალკეული შენიშვნები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.
ჯემალ გამახარია აგრეთვე შეეხო ოკუპირებული გალის რაიონში არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით, დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიის, პირველ რიგში გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების დაცვას და ეკონომიკურ მხარდაჭერას.