აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

1 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე, 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების ანგარიშების მოსმენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; და, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ჰერალდიკის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.

სხდომის დაწყებისთანავე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტში და ასევე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუშაობა დაწყებულია, კომიტეტებთან და ფრაქციებთან ერთად გავლილია ყველა შესაბამისი პროცედურა, რაც გვაძლევს საშუალებას კანონპროექტი გატანილ იქნას პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

2023 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდის პლენარულ სხდომებზე, 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების თავმჯდომარეების ანგარიშების მოსმენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ წლიური ანგარიშების მომზადებისა და მათი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე კონსულტაციები ჩატარდა რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით. კომიტეტების მიერ შემოტანილია შესაბამისი დოკუმენტებიც.

ამასთან, თამაზ ხუბუამ გააჟღერა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოსთან ჰერალდიკის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან, ასევე აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნულ საკითხებს.

პრეზიდიუმის დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საკითხთან დაკავშირებით ძირითადი მოხსენება წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებსა და ფრაქციებს ჩატარებული მუშაობისთვის, ამასთან მოკლედ ისაუბრა მიზეზებზე, რამაც გამოიწვია აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტში შეტანილი ჩვენი შესწორებები სამწუხაროდ შესაძლოა ბოლომდე ვერ ასახავდეს დევნილების მოლოდინს, რადგანაც მე-16 მუხლის შემსუბუქების საკითხი იმდენათ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტაში ვერ ჩავერევით. თუმცა ვხედავთ გარკვეული ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მე-17 მუხლის დებულებებში, რომლებიც ითვალისწინებენ ემიგრაციაში წასული იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებს. მნიშვნელოვანია ასევე ევროპული სტრუქტურების მიერ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილება სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არავალიდურად ცნობასთან დაკავშირებით, რაც გვაძლევს საშუალებას ახალი ხედვა წარმოვადგინოთ არსებულ კანონში. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით 30-ე მუხლში შევა ცვლილება, სადაც მოგვეცემა შესაძლებლობა ჩავერთოთ იმ დებულების შემუშავებაში, რომელიც ეხება ძირითადად გამოცდების ჩაბარების პროცედურის გამარტივებას (ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ქვეყნის სამართლებრივი საფუძვლებში კითხვარების გამარტივება და ა.შ.) ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის და სხვა.

საკითხთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარეობდა სიღრმისეული მუშაობა და პარალელურად ტარდებოდა კონსულტაციები ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, რამაც განაპირობა მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის და ოკუპაციის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა. გამოვლინდა განსხვავებული მიდგომები, რომლებიც მოითხოვენ კანონის პროექტის კიდევ უფრო დახვეწას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის შეღავათი იქნება. ამ თვალსაზრისით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

საკითხის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ელგუჯა გვაზავამ და ზურაბ ჯგუბურიამ.

სხდომები ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

https://youtu.be/9H9J8ERe4c0





























































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions