დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე“.
წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.
უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი წარსდგა. მან ისაუბრა კომიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან (სსიპ) ურთიერთობა. მიმოიხილა უმაღლეს საბჭოსთან არსებული ელექტრონული ბიბლიოთეკის საქმიანობა, ქ. ქუთაისში დევნილთა ახალი სკოლისა გახსნისა და რამდენიმე მოქმედი სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისა და ამ თვალსაზრისით უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას მიერ გამოქვეყნებული წიგნის დეტალები. კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცალკეულ პროექტებთან და ამ თვალსაზრისით გახარჯულ ფინანსურ სახსრებთან დაკავშირებით, შეეხო კულტურისა და სპორტის მიმართულებით სამინისტროს მუშაობას, ასევე ჟურნალების - „იალქნის“ და „აფქიოს“ გამოცემების შემცირებისა და აფხაზეთის კაპელას საკითხებს.
გაიმართა საქმიანი დისკუსია, გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები. ამასთან, გამოითქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობაზე და ერთობლივ მუშაობაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, მურმან კვარაცხელია, ზურაბ ჯგუბურია.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია შემაჯამებელ სიტყვაში შეეხო დევნილი სტუდენტების აკადემიური მოსწრების საკითხს, სპორტის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების მდგომარეობას და სხვა. ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. მიმდინარე პროექტები უმნიშვნელოვანესია დევნილი მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ჩვენი თანამემამულეებისათვის, ამ თვალსაზრისით მუშაობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. თავის მხრივ, უმაღლესი საბჭო ვალდებულია თვალყური ადევნოს სამინისტროს საქმიანობას, მოახდინოს დროული რეაგირება ყველა იმ მოვლენასა თუ პროცესზე, რომელიც პრობლემების მოგვარებასთან იქნება დაკავშირებული.
სხდომები ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.