სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით, 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა

2008 წლის ომის სარჩელზე,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებული დარღვევებისა და ზარალისთვის საქართველოსთვის კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა.

ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელის შესახებ სამართლიანი კომპენსაციის ნაწილთან მიმართებაში დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2021 წლის მთავარი გადაწყვეტილებით.

სასამართლოს დადგენილების მიხედვით, მას აქვს იურისდიქცია, განიხილოს საქართველოს მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან 2022 წელს გააძევეს და რუსულმა მხარემ არ ითანამშრომლა სასამართლოსთან საკითხის განხილვისას.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეზე სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ. ასევე, „ბუფერულ ზონაში“ სახლების გადაწვისა და გაძარცვის ადმინისტრაციული პრაქტიკის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების მსხვერპლთა მიმართ „სამხრეთ ოსეთის ძალების“ მიერ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში დაახლოებით 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში. ასევე, 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების აღკვეთის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მოპასუხე სახელმწიფოს მსხვერპლთა მიმართ, პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ჩაეტარებინა სათანადო და ეფექტიანი გამოძიება გარდაცვალების ფაქტებზე, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა მომჩივანი სახელმწიფოს სასარგებლოდ 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა, სულ მცირე, 50-მა ადამიანმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შედეგად „ბუფერულ ზონაში“; ასევე, მოპასუხე მთავრობის მიერ თავისი პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება ამ მკვლელობებზე. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უნდა გადაეხადა მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანის გამო, რომელიც განიცადა, სულ მცირე, 166-მა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქეების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და თვითნებური დაკავების შედეგად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში, 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 640 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლმა, სულ მცირე, 16-მა ადამიანმა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა გადაეხადა მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში 115 000 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, სულ მცირე, 23 000 ადამიანისთვის სახლში დაბრუნების აღკვეთის ადმინისტრაციული პრაქტიკის საფუძველზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს სამი თვის განმავლობაში მოსარჩელე ქვეყნისთვის უნდა გადაეხადა 8 240 000 ევრო მოპასუხე მთავრობის, სულ მცირე, 412 მსხვერპლისთვის პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ჩაეტარებინა სათანადო და ეფექტიანი გამოძიება გარდაცვალების ფაქტებზე, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.



1tv.ge

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions