უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

4 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სხდომას თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატები ეთერ ასტემიროვა და თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია.

რუდიკ ცატავამ კოლეგებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტის გარკვეული პარამეტრები, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის რეფერალური მომსახურების თანადაფინანსების ზრდის, თანხების სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილების, ადმინისტრაციული ხარჯების მატებისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს რიგი პროექტების განხორციელების საკითხებს.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს და დამატებებს, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 2022 წლისა და 2023 წლის 3 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions