ჯემალ გამახარია ნიდერლანდების სამეფოში ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

4 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თავმჯდომარის კაბინეტის უფრომა ნოდარ თოფურიძემ ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.

 

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო.

სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, კუნძულ ტექსელის მუნიციპალიტეტის მერი მიხილ აუთდენჰაგი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო, ისტორიკოსი, ტექსელის მოვლენების მკვლევარი სულხან ამირანაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი, ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი იაკობ გაგულაშვილი.

მემორიალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 10-მდე ქვეყნიდან, ტექსელის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოდან ჩასულმა სტუმრებმა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს კუნძულ ტექსელზე განვითარებულ მოვლენებზე, ქართველ მებრძოლთა გმირობაზე, მათ მიერ დატოვებულ კვალზე მეორე მსოფლიო ომში.

თავის გამოსვლაში ჯემალ გამახარიამ ისაუბრა მეორე მსოფლიო ომზე, როგორც ერთერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ომზე კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც უმძიმესი ადამიანური დანაკარგი მიაყენა საქართველოსაც:

„ქალბატონებო და ბატონებო!

მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სახელით. ღონისძიება, რომელსაც ვესწრებით, პირადად ჩემთვის არის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი. ქალბატონ თინათინ სვანიძისგან მემორიალის გახსნაზე მოსაწვევის მიღებამ დამაბრუნა ბავშვობაში და მშობლიურ სოფელ ოტობაიაში, რომელიც აფხაზეთშია. სწორედ ოტობაიის სკოლაში ისტორიის მასწავლებლისგან შევიტყვე პირველად ტექსელზე ქართველთა აჯანყების შესახებ. ჩემს სოფელში ცხოვრობდა ამ აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეც, გვარად ბჟინავა. მახსოვს მისი ემოციური საუბრებიც  ტექსელის აჯანყების თაობაზე.  მაშინ, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის ექვსი ათეული წლის შემდეგ მონაწილეობას მივიღებდი ტექსელის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი მემორიალის გახსნაში.

ძვირფასო საზოგადოებავ, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის გამორჩეულ მონაწილეებს - გამორჩეულებს იმით, რომ მათ თავი გასწირეს ორი მთავარი მიზნისათვის - ფაშისტური ტირანიისაგან ევროპის, ხოლო რუსული საბჭოურ-კომუნისტური ტირანიისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის. 1945 წლის მაისში ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილმა სამხედრო - პოლიტიკურმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა ამ ორი დიადი მიზნის ერთდროულად აღსრულება. მაგრამ, ფაქტია, აქ, ტექსელზე, დაღვრილმა ქართულმა სისხლმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ევროპის, კონკრეტულად ნიდერლანდების განთავისუფლებაში. ტექსელზე დაღუპულთა სულები, რომლებიც ამწუთას ზეციდან დაგვყურებენ, ხარობენ იმის გამო, რომ საქართველოც დღეს თავისუფალია და ევროპისკენ მიისწრაფის.

მემორიალზე ამოტვიფრულ გვარ-სახელებს შორის ვნახეთ ათამდე აფხაზეთის მკვიდრი. ამ თვალსაზრით, ეს დიდებული მემორიალი ჩემთვის ერთიანი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოსაც წარმოადგენს.

დიდება ბოროტებასთან ომში, ნიდერლანდების, საქართველოსა და მთლიანად ევროპის თავისუფლებისათვის დაცემულ გმირებს!“

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები დაესწრნენ ტექსელის აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს და ამავე აჯანყების დროს გარდაცვლილ ქართველ ებრაელთა სულის მოსახსენიებელ „აშკავას“ და „კადიშის“ ლოცვებს. ამასთან, დაათვალიერეს ტექსელის "ომის და ავიაციის მუზეუმში" მოწყობილი სპეციალური ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო ტექსელის ქართველთა აჯანყებისადმი მიძღვნილი ამსახველი მრავალფეროვანი ფოტომასალა.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ამოტვიფრული იქნება ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელები.

აღსანიშნავია, რომ ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა შორის, იდენტიფიცირებული არის ათამდე ჯარისკაცი აფხაზეთიდან, კერძოდ, გალიდან და სოხუმიდან. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება კუნძულ ტექსელის ქართველთა აჯანყების საარქივო მასალებზე დაყრდნობით.

ღონისძიება ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის თინათინ სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევარის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელდა.




































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions