ჯემალ გამახარია ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გილოცავთ

12 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

ამავდროულად, აღინიშნება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაწესდა. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული,  პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მოციქულთაგან პირველია, რომელსაც უფალმა იესო ქრისტემ სამოციქულო მსახურებისათვის მოუწოდა, ამიტომ იხსენიება იგი პირველწოდებულად. გადმოცემის მიხედვით საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგ. გიორგი მთაწმინდელი საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს ასახელებს.

შესაბამის ცნობებს „ქართლის ცხოვრება“ (ლეონტი მროველი) შეიცავს.

უფლის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა“. როცა ღვთისმშობელი საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო, მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულვებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებელსა და თანა წარატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილი ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“. უფლის გამოცხადების შესახებ ღვთისმშობელმა მაშინათვე ანდრია პირველწოდებულს აუწყა: „შვილო ანდრია, დიდად უჩანს სულსა ჩემსა, რომელ ქვეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართექადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებელსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და მტერთაგან მძლე ექნას მათ“. მოციქული ანდრია საქართველოში გამგზავრებას დაეთანხმა. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, „დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობლის ხატი და მის წიაღში განხორციელებული ჩვილი იესო. ღვთისმშობელმა „მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და თქუა: მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა შემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვიდოდე, და მეცა თანა შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებელსა“.

წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.

დღეს, ასევე, XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, საულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს სახელით, გილოცავთ ამ დღეს, ულოცავს სრულიად საქართველოს, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს.

უფალი გფარავდეთ!

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions