შეხვედრა დევნილ სტუდენტებთან

 

5 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მოწვევით საქართველოში ევროკავშირის კოორდინატორი განათლების საკითხებში ოლივერ რაიფნერი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდა.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ჩართულობის მიღწევა სხვადასხვა საერთშორისო საგანმანათლებლო პროექტებში და შეძლებისდაგვარად მათი დაფინანსების უზრუნველყოფა. ბატონმა თ. ხუბუამ სტუმარს მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია აფხაზეთის განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გააცნო შეხვედრაზე მოწვეული სტუდენტები, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას.

 

თავის გამოსვლაში ოლივერ რაიფნერმა განმარტა, რომ არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის საგანმანათლებლო უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უმაღლესი სასწავლებლებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვებას. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არის გაცვლითი პროგრამები, რისი მეშვეობითაც სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ  პროექტში. მან ხაზგასმით ისაუბრა ევროკომისიის პროექტის - „ერასმუს მუნდუსის“ ხუთწლიან პროგრამაზე და მასში მონაწილეობის პირობებზე, პროექტის ფარგლებში მონაწილეებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს) შეეძლებათ რამდენიმეთვიანი და, ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი განათლება მიიღონ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა თავად სტუდენტებმა უნდა იაქტიურონ ამ პროექტში ჩასართავად.

 

შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, რომლის თქმით “დღეს უამრავი საშუალება არსებობს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის არა მარტო სამშობლოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ამ მხრივ წინა თაობები შეზღუდულები იყვნენ.   ამიტომ, ყოველმა ნიჭიერმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი, დაეუფლოს სრულყოფილ განათლებას საქართველს ფარგლებს გარეთ, მაგრამ არ დაავიწყდეთ ისიც, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა განათლებული ევროპელი ქრთველები, არამედ განათლებული ქართველები ევროპაში”.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions