აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ გაიმართა

12-13 სექტემბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“.

 

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ახალი მსოფლიო წესრიგის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში ყალიბდება, 30 წლის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული მოვლენების სამართლიანი შეფასება, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასამართლო ინსტიტუციების სამართლებრივი ინიციატივების ანალიზი.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. მან მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ, ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

თავის გამოსვლაში ჯემალ გამახარიამ ვრცლად ისაუბრა 30 წლის წინ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. მისი განცხადებით, ომის პირველი ეტაპი 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვის შეთანხმებით დასრულდა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპი, რომელიც 1992 წლის 1 ოქტომბერს ქ. გაგრაზე შეტევით დაიწყო, 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა. პირველ ეტაპზე რუსეთის როლი ომის პროვოცირებაში, ჰიბრიდულ ქმედებებში გამოიხატებოდა. მეორე ეტაპზე კი ის უშუალოდ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მთელ რიგ აქტებში რუსული სამხედრო ნაწილები აღიარებულია კონფლიქტის მხარედ და გადამწყვეტ ძალად საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის წარმოებაში. ომის მიზანს კი აფხაზეთის ოკუპაცია/ანექსია, ქართული მოსახლეობის განადგურება და დეპორტაცია წარმოადგენდა. იგივე მიზნებს ემსახურებოდა 1994 წლის ივნისში დსთ-ს ეგიდით აფხაზეთში დაწყებული რუსული ე.წ. სამშვიდობო მისიაც. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტებში, გენერალური პროკურატურის, ასევე 1993 წლის 6 სექტემბერს შექმნილი სახელმწიფო კომისიის დასკვნებში რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში შეფასებულია როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ გენოციდის მკაფიოდ გამოხატული ფორმით. სამწუხაროდ აღნიშნული შეფასების საერთაშორისო აღიარება არ მომხდარა. ეუთოს ბუდაპეშტის (1994 წლის 6 დეკემბერი), ლისაბონის (1996 წლის 3 დეკემბერი) და სტამბოლის (1999 წლის 17-18 ნოემბერი) სამიტებმა, ასევე ევროპარლამენტმა (1996 წლის 14 ნოემბერი) ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეთნიკურ წმენდად შეაფასეს. ვერ მოხერხდა აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის, ასევე სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე საერთაშორისო ტრიბუნალის ჩამოყალიბებაც. საერთაშორისო ორგანიზაციების ფრთხილი პოზიცია აფხაზეთის ტრაგედიის შეფასების საკითხში აიხსნება მხოლოდ იმჟამინდელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურით - „ცივ ომში“ გამარჯვების შემდეგ კოლექტიური დასავლეთი აფხაზეთში განხორციელებელ ეთნოწმენდა-გენოციდზე პასუხისმგებელ რუსეთს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და მოკავშირედაც კი განიხილავდა. შესაბამისად, აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა-გენოციდი ვერ იქცა საერთაშორისო ტრიბუნალის განსჯის საგნად.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეებისა და ექსპერტთა წარმომადგენლებმა საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ესპანეთიდან: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ - (ომი აფხაზეთში - პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსმა, სამართლის დოქტორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა სოფიო დემეტრაშვილმა - (30 წელი კომპრომისების ძიებაში); გრანადის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა ლუკა რუის დიასმა - (ევროკავშირის მიდგომააღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რუსეთის აგრესიისადმი - გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების კიდევ ერთი შესაძლებლობა მსოფლიოში); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პროფესორმა, სამართლის დოქტორმა მერაბ ტურავამ - (გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ურთიერთგამიჯვნა ეროვნული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, სამართლის დოქტორმა გიორგი დგებუაძემ - (ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა „სახელმწიფო პოლიტიკის“ გატარების მიზნით); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა, სამართლის დოქტორმა ირაკლი გაბისონიამ - (გენოციდის სამართლებრივი ინტერპრეტირება ნიურბერგის პროცესებზე და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართალში); ოჰრიდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა ლარისა ვასილესკა - (დავიწყებული ხალხი, მაგრამ არდავიწყებული დანაშაული აფხაზეთში - ანალიზი წარსულის პრიზმიდან); პრჟემიშლის მეტროპოლიტენის ტრიბუნალის ნოტარიუსმა, სამართლის დოქტორმა მალგორცატა შტილფმა - (მივცეთ ყველაფრის ლეგიტიმური დეფინიცია - იყო თუ არა გენოციდი აფხაზეთში?); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა ჯემალ გახოკიძემ - (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებული კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები); აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, სამართლის დოქტორმა ნოდარ თოფურიძემ - (ეთნიკური წმენდა, როგორც გენოციდის ფორმა აფხაზეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში); ინდიანას უნივერსიტეტის რობერტ მაკკინის სამართლის სკოლის დოქტორანტმა, მოწვეულმა ლექტორმა ირენე ვიქტორია მასიმინიომ - (ეთნიკური წმენდა აფხაზეთში: კიდევ ერთი დავიწყებული გენოციდი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტმა, სამართლის დოქტორმა ხატია ვასაძემ - (გაყინული კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესის გამოწვევები აფხაზეთის კონფლიქტის მაგალითზე); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა მარიამ ჯიქიამ - (აფხაზეთის კონფლიქტის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტემტმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა მაკა აბულაძემ - (სეცესიის სხვადასხვა დისკურსი - აფხაზეთისა და ყოფილი იუგოსლავიის მაგალითზე).

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის, ეთნიკური წმენდის, აგრეთვე ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი სისხლის სამართლებრივი ასპექტები. მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა სისტემური კვლევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში; ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ერთერთი მნიშვნელოვანი აქტორის როლი კონფქტების მოგვარების საქმეში; რომის სტატუტი და მისი მნიშვნელობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებათა განხორციელების თვალსაზრისით; გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემადგენლობები, მისი ცალკეული ელემენტები; დანაშაულის ბუნება და მისი განსაკუთრებული ხასიათი ნიურბერგიდან ჰააგამდე, საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმები მსგავს შემთხვევებში; საერთაშორისო ტრიბუნალი და მისი იურისდიქციის გავრცელება; ეთნიკური წმენდის შემთხვევები, სხვადასხვა ერისთვის/ხალხისთვის დამახასიათებელი კომპონენტები, კულტურა/რელიგია; დროებითი ტრიბუნალის, საერთაშორისო შერეული სასამართლოების და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის ანალიზი; რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; აფხაზეთსა და იუგოსლავიაში ჩადენილი „ეთნიკური წმენდის“ საერთო მახასიათებლები, სისხლის სამართლის მეთოდოლოგიის გამოყენება; საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა) როლი აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში; კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხები გაყოფილ საზოგადოებაში, საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების როლი; თვითგამორკვევისა და სეცესიის განხორციელებაზე ლეგიტიმური პრეტენზიის გაცხადების უფლება და სხვა.

ამასთან, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა აფხაზეთის პრობლემის პარალელურად, დაწვრილებით მიმოიხილეს პოსტ საბჭოთა სივრცეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რუსეთის მიერ პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის აღდგენის მცდელობები.

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ აღნიშნული პრობლემების ირგვლივ დისკუსიის გაგრძელების თაობაზე.

იმედი ტვ
https://youtu.be/czoRMvjPZLQ


მაესტრო ტვ
https://youtu.be/lYqKtoWx6wA


პალიტრანიუსი ტვ
https://youtu.be/5FgDUf4w4Ig


აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
https://youtu.be/qUb1i2278KU

































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions