გია გვაზავა: ” პატარა სახელმწიფოს ბედი არაა დალხინებული, როცა ძლიერი მეზობელი ჰყავს იმპერიული მონსტრის სახით”

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ხსნის ახალ რუბრიკას ”თვიდან თვემდე”, სადაც ყოველი თვის დასაწყისში გამოქვეყნდება ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ელგუჯა (გია) გვაზავასთან გასული თვის მნიშვნელოვან მოვლენებთან და ჩატარებულ ღონისძიებებთან, ასევე სხვა სამომავლო აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

ბატონო გია, თუმცა 2012 წლის პოლიტიკური კალენდარი საკმაოდ აქტიური ფაზით დაიწყო, გავიხსენოთ 2011 წელი, როგორ შეაფასებდით მას ქართულ–აფხაზურ–რუსულ ჭრილში?


- შევაფასებდი პოზიტიურად. საქართველოს სწორი პოლიტიკური კურსის წყალობით საერთაშორისო არენაზე  დღეს ჩვენი გაცილებით უკეთესად ესმით. საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა ღიად დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.  როგორც იქნა, ჩამოყალიბდა დამპყრობლის სახე – ოკუპანტს დაერქვა ოკუპანტის, ანუ მტრის სახელი. ცხადია,  მე მტერში  რუს ხალხს არ ვგულისხმობ, ეს ეხება კრემლის პოლიტიკას და მათ წარმომადგენლებს საქართველოში – მეხუთე კოლონას. ვფიქრობ, როცა პოზიციები დაფიქსირებული და გარკვეულია, წინსვლა უფრო გაადვილდება, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამის მიღწევა არ იყო ადვილი.

 

დეკემბრის თვეში რუსეთი გახდა მვო–ს წევრი, რასაც აფხაზური მხრიდან მოჰყვა დიდი უკმაყოფილება. როგორ ფიქრობთ, ჰქონდათ ამის მიზეზი?


- ნუ იფიქრებთ, რომ რუსეთის მვო–ში გაწევრიანება ადვილი თემაა. ეს რუსეთისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულებების აღება და წესრიგზე დაქვემდებარებაა და არა ის ძალისმიერი თვითნებობა, რაც მათ საერთოდ სჩვევიათ და ახასიათებთ დიპლომატიურ სამყაროში, მხედველობაში მაქვს იმპერიული ამბიციებისა და ახირებების საფუძველზე  ცალმხრივად შეთანხმებების დარღვევა და პირის გატეხვა, ან გნებავთ, ეკონომიკურ საკითხებში, ასევე პირადი და სარფიანი გამორჩენის მიზნით მანიპულირება და შანტაჟი. გახსოვთ, ალბათ, გაზის და ნავთობის საკითხებთან დაკავშირებით  ევროპასა და განსაკუთრებით, ყოფილი სსრკ რესპუბლიკების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს, მე ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია, რადგანაც თუნდაც ელექტრონული მონიტორინგი რუსეთ–საქართველოს საზღვრებზე, ფაქტიურად ჩვენი სახელმწიფო საზღვრების ოფიციალურ აღიარებას ნიშნავს და ეს იმ დროს, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცნო დამოუკიდებელ ქვეყნებად. ცხადია, ამან აფხაზების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ყველაფერი რუსეთსა და საქართველოს შორის გადაწყდა სოხუმისა და ცხინვალის გარეშე (არც ისაა  გამორიცხული, რომ  კრემლმა ისევ რაიმე ხრიკი გამოიყენოს და არაზე დაიყვანოს ამ შეთანხმების ძირითადი პრინციპები). აფხაზები აცხადებდნენ, რომ ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაკნინებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ასეც არის. აფხაზეთი დღეს ფაქტიურად რუსეთზე დამოკიდებული „დამოუკიდებელი ქვეყანაა“. თუკი იქ დარჩა ვინმე, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ხვდება, ალბათ, რომ რუსის ჩექმა ადვილად შემოალაჯებს, აი გასვლაზე კი რა მოგახსენოთ...

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრ. ვაშაძემ სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის დაბლოკვას. რატომ?


- რუსეთი უკვე თავისად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებს და მის იზოლირებას ცდილობს დანარჩენი მსოფლიოსგან. ვერ ვიტყვი, რომ ჟენევის შეხვედრები ყოველთვის შედეგიანი იყო (ისევ რუსული პოზიციებიდან გამომდინარე), მაგრამ ასე თუ  ისე, მაინც ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს  ხვდებოდნენ. ახლა რუსეთს არ სჭირდება ქართული და აფხაზური მხარეების კონტაქტები. ჟენევის ფორმატი მათ აიძულებს შეასრულონ ესა თუ ის ვალდებულებები, უსაფრთხოების მექანიზმები დაიცვან, რაც იქ საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანას გულისხმობს და ა.შ. ეს კი, როგორც გითხარით, არაფრით არ აწყობს რუსეთს. რუსეთმა ისიც იცის, რომ აფხაზები ევროპისკენაც იყურებიან. სამწუხაროდ, ევროპაში შეიძლება მოიძებნოს ძალები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ „სწრაფვას“ ჩვენს ვექტორზე  გაუვლელად. ამის საშიშროება არის.

 

თუ ასეა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გადაყლაპავს აფხაზეთს რუსეთი თუ ევროპა?


- აქვს და გეტყვით რა: ჯერ ერთი, ევროპასთან ურთიერთობა ყველა დონეზე ცივილიზებულია. მეორე, რუსეთი ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანაა და ჩვენი ტერიტორიის მიერთების გაცილებით მეტი შანსი არსებობს. ევროპა, გნებავთ, აშშ არ არიან დაინტერესებული ტერიტორიების მითვისებით. ისინი სადაც შევიდნენ, ყველგან ცივილიზაცია შეიტანეს რუსებისგან განსხვავევით. გარდა ამისა, აფხაზებს შანსი რჩებათ თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნონ. მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში უფრო კეთილგონიერი ძალები გაიმარჯვებენ, რომლებიც იმაზე დაფიქრდებიან, რომ ანალოგიური სუბიექტები და სიტუაციები ევროპის სახელმწიფოებშიც არის...

 

ვ. პუტინის განცხადებით, რუსეთის ფარგლებში დასაშვებია ეროვნულ უმცირესობათა თვითგამორკვევა, მაგრამ არა გამოყოფა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამას დადებითად აფასებს...


- პუტინი აფრთხილებს ყველას, რომ  ნაციონალური და რელიგიური თავისებურებანი კანონზე აღმატებული არ უნდა იყოს.  ამას ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აფასებს, ოღონდაც თავის ქვეყანაში. რუსეთში ეროვნებების თვითგამორკვევა შეიძლება, აი, საქართველოში კი, თურმე, აფხაზების თვითგამორკვევისთვის მაინც და მაინც გამოყოფა ყოფილა საჭირო. ეს რუსული პოლიტიკის ძირითადი კრედოა. რუსეთს საინტერესო ნიშა აქვს ასეთი უსამართლობებისთვის – ის იცავს რუსი მოქალაქეების უფლებას რუსეთის ფარგლებს გარეთ. ის მშვიდობისმოყვარეა საზღვარგარეთ, თავის ტერიტორიაზე კი გამოყოფის მსურველებს, აღგვის პირისაგან მიწისა და ამისთვის, თუ დასჭირდა, არც ბავშვებს დაინდობს, როგორც ეს ჩეჩნეთში მოხდა....

 

აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე რას იტყვით?


- მას მხოლოდ მივესალმები. პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოხატა, ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე. ის ფაქტი, რომ ასეთი დიდი ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია –  წარმატებაა.

 

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვენ განაცხადეთ, რომ აუცილებლად უნდა აილაგმოს აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის მცდელობა.


- უმაღლესმა საბჭომ გასულ წელსაც ატეხა განგაში ილორის ეკლესიის რესტავრაციის თაობაზე და არაერთი ღონისძიება და საგაზეთო პუბლიკაციაც მიუძღვნა ამას. ჩვენთვის ეს თემა ახლაც აქტუალური რჩება, ვინაიდან უკვე სხვა ტაძრებს მოედო ”რესტავრაციები”. როგორც იცით, ბედიის მონასტრის კედლიდან გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III ფრესკა გაქრა. აფხაზები ამას 1993 წლის ომის დროს ქართული მხარის მიერ დაბომბვებს აბრალებენ, თუმცა ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. მაგრამ, დავუშვათ, მართლაც მოხვდა ჭურვი ტაძარს. 2003-2004 წლებში ბედიაში ახალაგზრდები იყვნენ შესული და ფირზე აღბეჭდეს ტაძრის მდგომარეობა, იმ კადრებზე ბაგრატ III არის ასახული. ამას გარდა, შარშან ნოემბერში მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა ადგილზე ვითარება და დაასკვნა, რომ ფრესკები, მათ შორის, ბაგრატ III, დაზიანდა 2003 წლის რესტავრაციის დროს არაპროპორციული ინიექტირების გამო. რა თქმა უნდა, რუსეთს თვალში ეკლად ეჩხირებოდა დედით აფხაზი მეფის ფრესკა, რომელიც არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ამიტომაც  მის გასანადგურებლად ასეთ ფანდს მიმართა: აფხაზის ხელით ფრესკის განადგურება რომ წმინდა წყლის ვანდალიზმად არ შერაცხულიყო, რესტავრაციის დროს არაპროფესიონალის მიერ ”უნებლიე” დაზიანება მოიფიქრა. სამწუხაროა, რომ აფხაზები ვერ ხვდებიან, ამ ფრესკის გაქრობა მათ უფრო დააკლდებათ, რამეთუ მათი გადარჩენის საფუძველი ჩვენი საერთო კულტურაა.

 

აფხაზეთში ქართველი ბერმონაზვნის გაუჩინარებაზე რას იტყვით?


- დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია. პირადად კი ვიცნობდი მამა იონას, ერში მამუკა მაისურაძეს, მაგრამ მისი აფხაზეთში ჩასვლის მოტივაცია ჩემთვის უცნობია. სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, კურთხევის გარეშეა წასული. თუმცა, ყველა შემთხვევაში ოკუპირებულ აფხაზეთში სასულიერო პირის გაუჩინარება აღმაშფოთებელი ფაქტია.

 

ბატონო გია, იმოქმედებს თუ არა საქართველოს უსაფრთხოებაზე აშშ–სა და ირანს შორის შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტი? მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება?


- დღეს იმის პროგნოზირება, რა მოხდება ხვალ და ზეგ, ძნელია. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მოინახება ამ პრობლემის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზები.  არა მგონია საქართველოზე ამ კონფლიქტმა გლობალურად იმოქმედოს, იმიტომ, რომ ამ პროცესში აქტიურები ვერ ვიქნებით. რუსეთი და აშშ, ალბათ, რაღაც კონსესუსამდე მივლენ, იმიტომ რომ ასეთი დიდი ნაბიჯები მოლაპარაკების გარეშე არ იდგმება. მე ვფიქრობ, საქართველომ აქ უნდა გადადგას ძალიან ჭკვიანი და მიზნობრივი ნაბიჯები. ჩვენ ღიად არავის ვუპირისპირდებით და არა ვართ ირანის არც მომხრე და არც წინააღმდეგი. მაგრამ თუ ეს კონფლიქტი განვითარდება, ჩათრევას,  როგორც იტყვიან, ჩაყოლა ჯობია. მე ვფიქრობ, რომ საქართველო შეძლებს გამონახოს  თავისი ადგილი ისე, რომ  შეძლოს თავის გადარჩენა, ანუ აქტიურად არ ჩაებას არცერთ მხარეში. რაც შეეხება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას, მიმაჩნია მიზანშეწონილად. თქვენ თვითონ განსაჯეთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო ეს სისტემა საქართველოში, როგორ გგონიათ, მოხდებოდა ის,  რაც მოხდა?


საქართველო–რუსეთის ურთიერთობა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ ჩიხში შევიდა. ოპოზიცია კი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამ ჩიხიდან გამოსასვლელ რეალურ გზად რა მიგაჩნიათ?


- ჩვენ არა მარტო ოპოზიცია გვიკიჟინებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, დასავლეთიც გვირჩევს. მაგრამ არის კი ეს რეალურად შესაძლებელი? ვაღიაროთ, რომ რუსეთის მოქალაქეებიც კი ბევრად უფრო რადიკალურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მიმართ. ეს ჩიხი კრემლმა შექმნა და იმიტომ, რომ ასე აწყობს. მას ეს პოლიტიკა სჭირდება აფხაზეთის და ცხინვალის წასართმევად. ეს არის პროცესი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. როცა რუსეთის გეგმა არის „საქართველო ქართველების გარეშე“, გეკითხებით, რაში სჭირდება მას ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და დიალოგი? მათთან საერთო ენას ვერ გამონახავ. ის კეთილმეზობლური მაშინ გახდება, თუ დავუთმობთ აფხაზეთს, ცხინვალს და ვინ იცის, მერე სადამდე მივა მათი მადა.... მესამე საუკუნეა, რაც რუსეთი საქართველოს აქუცმაცებს, ოღონდ თანდათანობით. ჯერ შემოიერთა საქართველო და მერე სადაო თუ არასადაო საკითხები ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნების სასარგებლოდ გადაწყვიტა. კახი, ნუხი, ზაქათალა, ბელაქანი, ლორე და 40 დასახლებული პუნქტი ჩვენს მეზობლებს გადასცა, ყველაზე ”მსუყე ლუკმა” კი - სოჭი და ადლერი თავისთვის დაიტოვა. ახლა საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფას ცდილობს. პატარა სახელმწიფოს ბედი არაა დალხინებული, როცა ძლიერი მეზობელი ჰყავს იმპერიული მონსტრის სახით. მოყოლებული მეფის რუსეთიდან დღემდე მის იმპერიულ მარწუხებს ვერ დავუსხლტით.

 

ჩვენთვის მოიცალა რუსეთმა? რაღა მაინც და მაინც ჩვენ?


- ეს ვრცელი და რთული თემაა, მაგრამ მაინც მოკლედ გეტყვით: საქართველოს პრობლემები პირდაპირ კავშირშია მის გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან. მართალია, საქართველო მსოფლიო რუკაზე პატარაა, მაგრამ აზია-ევროპის გასაყარზე მდებარეობამ განსაზღვრა მისი წარსული და განსაზღვრავს მომავალსაც. მსოფლიოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი დღეს თუ ნავთობია, ხვალ შეიძლება წყალი გახდეს. როგორც ბიოლოგმა მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ნორმალური ხარისხის სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება 1 მილიარდზე მეტ ადამიანს, ანტისანიტარიული და დაბინძურებული წყლის მიზეზებით გამოწვეული დაავადებებისგან ყოველდღიურად კვდება 14-დან 30 ათასამდე ადამიანი, უმეტესად ბავშვები და მოხუცები. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 2025 წლისთვის მსოფლიოს  მოსახლეობის მესამედი  უწყლოდ დარჩება. ამიტომ წყლის ფასმა მალე შეიძლება ნავთობსაც გაუსწროს. ხომ ხვდებით, წყლის რესურსები კონფლიქტური თემა გახდება. საქართველო კი ამ მხრივ ძალიან მდიდარია. რუსებმა ეს მშვენივრად იციან და რა თქმა უნდა, დასათმობად ენანებათ ასეთი მიწა. ჩვენ მათთვის მხოლოდ ტერიტორია ვართ და არა უძველესი კულტურის ხალხი. არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

 

რუსეთში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სულერთი.  თქვენი აზრით როგორ წარიმართება არჩევნები? ხომ არ დადგა ვ.პუტინისთვის ბარგის ჩალაგების დრო?


- არა, ბარგის ჩალაგების დრო ნამდვილად არ დამდგარა. ”დერჟავნიკების” ხედვით, რუსეთის დემოკრატიზაციის პროცესი ქვეყნის დაშლას ნიშნავს, ამიტომ ისინი ყოველნაირად შეეცდებიან პუტინის რეჟიმის გამყარებას. მათ ისევ ”დერჟავულ” სახელმწიფოში ცხოვრება ურჩევნიათ და გულის სიღრმეში ამაყობენ კიდეც იმით, რომ ასეთი სახელმწიფოს შვილები არიან. პუტინი არც ისე სუსტია, როგორც ეს ახლა  გამოჩნდა, მაგრამ არც უწინდელი ძლიერება შერჩა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინი სადმე წავა. ვინც არ უნდა მოვიდეს, დიდად განსხვავებულ პოლიტიკას ვერ განახორციელებს. თუკი მიხვდებიან სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომ ძალოვანი იმპერია ეკონომიკურით შეცვალონ, რაც, პირველ რიგში მათთვისაა უმჯობესი, მაშინ შეიძლება ჩვენს მიმართაც შეცვალოს პოლიტიკური კურსი. მაგრამ დღეს ასე არ ჩანს.


რუსეთი 2012 წლის სექტემბრისთვის გეგმავს სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“, რომელშიც აფხაზური და სამხრეთ ოსური სამხედრო შენაერთებიც მიიღებენ მონაწილეობას. ხომ არ იქნება ეს 2008 წლის ანალოგიური, რაც მაშინ ომით „დაგვირგვინდა“?


- რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების - ცხინვალისა და აფხაზეთის მილიტარიზაციას, ავითარებს იქ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საქართველოში სიტუაციის დაძაბვის პროვოცირებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს. არაპროგნოზირებადი რუსებისგან არაფერია გამორიცხული, თუკი მათ შიდა არეულობის ჟამს დასჭირდებათ ”პატრიოტული და ნაციონალური” ყურადღების სხვა ქვეყანაში გადატანა.

 

ამ დღეებში თქვენ აფხაზეთის ესწრებოდით ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შოთა გოგოხიას 90 წლის იუბილეს, რომელიც აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში აღინიშნა.


- ამ საღამოზე შეიკრიბა აფხაზეთის საზოგადოებრიობა, მეცნიერები, ბატონ შოთას ახლობლები და მეგობრები, გაიხსენეს მისი ცხოვრების განვლილი გზა, მეცნიერული მოღვაწეობა, დამსახურება ქვეყნისა და ხალხის წინაშე. შოთა გოგოხია 23 წელი იყო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი. მან ფაქტიურად ფეხზე დააყენა აფხაზეთის ჯანდაცვა. მე მხვდა წილად ბედნიერება, აფხაზეთში გერონტოლოგიურ ექსპედიციაში ვყოფილიყავი მასთა ერთად. ეს იყო საოცრად თბილი ადამიანი, უდიდესი ჰუმანისტი და დიდი მეცნიერი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ გვყავდა და რა კვალი დატოვა მან აფხაზეთის  და საქართველოს ისტორიაში.

 

იანვარში აფხაზეთის დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს ჰქონდათ პატრიარქთან შეხვედრა.


- 4 იანვარს უწმინდესი 79 წლის გახდა. გავითვალისწინეთ რა, რომ იმ დღეს გადაღლილი იქნებოდა, მეორე დღეს მივულოცეთ. პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არის სიხარულის და სიმშვიდის მომგვრელი. მან დიდი სიყვარულით დაგვლოცა, დაგვმოძღვრა, გაგვამხნევა, რომ ჩვენთან არს ღმერთი  და ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions