აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ცნობილი საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მწერალი და ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა დაჯილდოვდა

2 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ქართულ-უკრაინული ლიტერატურული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლისათვის („მელე“), აფხაზეთიდან ლტოლვილებისთვის აღმოჩენილი დახმარებისათვის, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, გამოჩენილი პოეტი, მთარგმნელი, მეცნიერი, ჟურნალისტი, დიპლომატი, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირების, აგრეთვე მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მრავალი ქართული, უკრაინული და საერთაშორისო პრემიების, პრიზებისა და ჯილდოების კავალერი - რაულ ჩილაჩავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

 

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებული დღეა, რადგან გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენ გვეწვია ლეგენდარული პიროვნება რაულ ჩილაჩავა. მან გაიხსენა ბატონი რაულის განვლილი გზა სტუდენტობიდან დაწყებული, როცა ის 1967 წელს თბილისის უნივერსიტეტიდან უკრაინაში მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. ჯემალ გამახარიამ ისაუბრა მის მრავალმხრივ საქმიანობაზე სხვადასხვა სფეროში, დიპლომატიურ სარბიელზე, მეცნიერებასა და პოეზიაში, მთარგმნელობით საქმიანობაში. აღნიშნა, რომ მას მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო, პრემია. გაიხსენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი ბატონი რაულის მიერ დაწერილი ლექსით გამოხატული მხარდაჭერა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ბატონ რაულ ჩილაჩავას.

მოწვეულ სტუმარს გულთბილად მიესალმა და სამახასოვრო საჩუქარი გადასცა დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა. ბატონ რაულს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ.

ბატონმა რაულ ჩილაჩავამ მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დეპუტატებს, აუდიტორიას დღევანდელი დღისთვის, საპატიო ჯილდოსთვის, იმ საოცარი თბილი სიტყვებისთვის, რაც მის მიმართ გამოითქვა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პირადად მისთვის აფხაზეთი არის განსაკუთრებული მიწა, რომელთანაც მას ბევრი რამ აკავშირებს ბიოგრაფიულად. ბატონმა რაულმა გაიხსენა აფხაზეთის ომის პერიოდი, როდესაც ის უკრაინაში მუშაობდა უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ. როცა საქართველოდან საკმაოდ დიდი ტალღა ლტოლვილებისა მოაწყდა უკრაინას, ამ ხალხმა ძირითადად მის ხელში გაიარა და ყველამ იცოდა, რომ იქ იყო ვიღაც ქართველი და ყოველგვარი ინსტანციის გვერდის ავლით ხალხი მიდიოდა მასთან და რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. მან ისაუბრა უკრაინაში მოღვაწეობის პერიოდზე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ  მოძრაობასა და ზვიად გამსახურდიაზე.

ღონისძიების მსვლელობისას რაულ ჩილაჩავამ მის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე დაწერილი, მათ შორის საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხა.

სიტყვის გამოსვლის დასასრულს რაულ ჩილაჩავამ მის მიერ დაწერილი ესეები უკრაინის ომზე და არამარტო უკრაინის ომზე, სახსოვრად გადასცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას.






































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions