ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილა

2023 წლის 29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პირველად აღინიშნა ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ - რითაც ევროპის საბჭომ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა მისი ბოლო ვიზიტისას საოკუპაციო ხაზის მონახულებასა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საკითხზე. მწუხარება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ და წინა შემთხვევებში მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსრულების მნიშვნელობას. გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში. დასასრულს, მარია ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას.

კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის განცხადებას მიუერთდნენ: ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან მარინო, უკრაინა), მოლდოვის, სერბეთის, უკრაინის, ისლანდიის, კვიპროსის, ნორვეგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, გაერთიანებული სამეფოს, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, სომხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, თურქეთის, მექსიკის, აშშ-ს და იაპონიის დელეგაციებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.


Mfa.gov.ge

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions