ანზორ წოწონავა: ”რუსეთის დანაშაულებრივ პოლიტიკას ქართველი და აფხაზი ხალხების სასიცოცხლო ინტერესები ეწირება”

 

აფხაზეთში კონფლიქტის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა გვესაუბრებოდა.

 

ბატონო ანზორ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ”აღიარების” შემდეგ, ჟენევის ფორმატში მიმდინარე მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე დღის წესრიგში არაერთხელ დამდგარა დევნილთა დაბრუნების, მათი უძრავი ქონების კომპენსაციის საკითხი...


- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაწყვეტამ და რუსეთის მიერ ქართული რეგიონების ”აღიარებამ” სერიოზული ბარიერი შეუქმნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქართველი და რუსი ექსპერტი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ დევნილთა (ძირითადად ეთნიკურ ქართველთა) გალის რაიონის მსგავსად აფხაზეთის სხვა რეგიონებში დაბრუნების საკითხის განხილვა მაინც შესაძლებელია. ამასთან ერთად, ცნობილია, რომ აფხაზეთში მომუშავე რუსი ინვესტორები, რომლებსაც ნაყიდი აქვთ ქართველების საკუთრებაში მყოფი ობიექტები, იხდიდნენ გარკვეულ კომპენსაციას, რადგან თავადვე იყვნენ დაინტერესებულნი თავისი უფლებების სამართლებრივი სტატუსით. კომპენსაციის თაობაზე მოლაპარაკება დღესაც მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ ხდება ამ საკითხის აფიშირება.

 

რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს დღეს აფხაზეთის პრობლემაზე მუშაობა?


- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა წლების განმავლობაში არ შენელებულა, თუმცა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ამას ცალსახად ადასტურებს 1995 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კვლევა თუ გამოკითხვა, რომლის თანახმად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთა შორის აფხაზეთის პრობლემა მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. სწორედ ამ მძიმე ვითარებამ განაპირობა აფხაზეთის პრობლემის ათეული წლებით გადავადება. აღსანიშნავია, რომ ვითარებას ართულებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ანალოგიური კონფლიქტების არსებობაც, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული დიდი ქვეყნების სტრატეგიულ მიზნებთან და როგორც წესი არაადექვატურ შესაბამისობაშია პატარა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებთან. მთავარია, რომ დღეს ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობა, ხოლო რუსეთის ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე მიეცა შესაბამისი შეფასება - დამპყრობელი და ოკუპანტი.

 

ქართულ-აფხაზური ორმხრივი მოლაპარაკებების განახლების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა?


- საქართველოს ხელისუფლების მიერ სოხუმის რეჟიმისთვის ახალი სამშვიდობო გეგმის შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რომელსაც ეროვნებით აფხაზი დაიკავებს, აფხაზეთის გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისფლებაში, ვეტოს უფლება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას, საზღვაო პორტებზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას, სამართალდამცავი უწყებებისა და საბაჟო სამსახურების თანდათანობით გაერთიანებას, აფხაზეთის შეუზღუდავი ავტონომიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სხვა, სამწუხაროდ დღემდე რჩება რეაგირების გარეშე. აფხაზმა სეპარატისტებმა შესანიშნავად გამოიყენეს ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატისტული რეჟიმის მოთხოვნები, რასაც ემატებოდა რუსი და აფხაზი მეცნიერების მხრიდან ისტორიული ფაქტების მიზანმიმართული ფალსიფიკაცია, რასაც ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებებიც. იდეოლოგიური დივერსია, საუბედუროდ, დღესაც გრძელდება.

 

ბატონო ანზორ, თქვენ როგორც აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, უშუალოდ იყავით 1991-1992 წლების მწვავე პოლიტიკური პროცესების მონაწილე, ნუთუ არ შეუძლებოდა შექმნილი ვითარების დარეგულირება?


- რთულია ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა. იმ პერიოდში აფხაზეთში და საერთოდ ავტონომიურ რეგიონებში სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა. საბჭოთა იმპერია დაიშალა, საქართველო გახდა დამოუკიდებელი. მიუხედავად რუსეთში არსებული რთული შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, რუსეთის გენერალიტეტი და სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე კონფლიქტების გაღვივებაში. ამას ხელს უწყობდა აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიც. საქართველოს მიერ არჩეული დემოკრატიული განვითარების გზა და ევროატლანტიკური ორიენტაცია რუსეთის ისტებლიშმენტში განსაკუთრებულად სახიფათო მოვლენად მიიჩნევოდა. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დღემდე ახორციელებს დანაშაულებრივ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, რასაც ქართველი და აფხაზი ხალხების სასიცოცხლო ინტერესები ეწირება.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions