რუდიკ ცატავა: ”ნატო-რუსეთის საზღვარი აფხაზეთზე გადის”

 

ბოლო თვენახევრის მანძილზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და კერძოდ, გალის რაიონში ადგილობრივი ქართული მოსახლეობის უფლებების შელახვა საგრძნობლად გაიზარდა. პოლიტიკური მძევლების სტატუსში მყოფი მაცხოვრებლები, მართალია, თავს არიდებენ მსგავსი ფაქტების გახმაურებას იმის გამო, რომ მათ სიცოცხლეს შემდეგ საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ, ქართული ანადაზისა არ იყოს - ”ჭირი მალეს და ჭირმა თავი არ დამალაო”, ცალკეული შემთხვევები მაინც აშკარა ხდება. ამ ექსცესების რეალურ მიზეზებზე გვესაუბრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფრაქცია "ახალი აფხაზეთი-დაბრუნების” თავმჯდომარე  რუდიკ ცატავა.

 

- აფხაზეთში რუსების თვითნებობას არანაირი მიზეზი არ სჭირდება. ახლა ენგურის მთელ პერიმეტრს რუსები აკონტროლებენ. აფხაზები დღეში ერთხელ აკეთებენ ”შემოვლას” ენგურის ხიდამდე, სოფლებშიც ვერ შედიან. თუ მანამდე საზღვართან აფხაზი ბოევიკიც იდგა ავტომატით, დღეს ასეთ სურათს ვერ ნახავთ. მათი ადგილი რუსულმა ფსბ-მ დაიკავა. ფულად შემოსავლებსაც ისინი აკონტროლებენ. უწინდელი 50 რუბლის ნაცვლად ახლა გადასვლა 150 რუბლი გახადეს. მათ, ვინც ლეგალურად გადმოდის ენგურზე, ფაქტიურად აშიშვლებენ გაჩხრეკის დროს. აფხაზური ხელმძღვანელობისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია რუსების ასეთი ქმედება, მაგრამ ხმამაღლა ვერ აცხადებენ. დამოუკიდებლობის ”აღიარების” შემდეგ მათ ის დამოუკიდებლობაც დაკარგეს, რაც მანამდე ჰქონდათ.  პირისპირ ჩვენთან საუბარში აფხაზები შინაურულად გამოხატავენ უკმაყოფილებას რუსების მიმართ, თქვენ წარმოიდგინეთ, ცრემლებითაც კი, მაგრამ ამის საჯაროდ აღიარებას ვერ ბედავენ.

 

ახლახან სოფელ თაგილონში რუსი სამხედროების მიერ მამუკა ფიფიას დაკავებისა და ცემის ფაქტს როგორ შეაფასებთ?


- ბავშვის ცემა იმის გამო, რომ მას ქართული რუკა და ხეზე ამოტვიფრული ქართული გერბი უპოვეს ჩანთაში, ფაშიზმია. სხვაგვარად როგორ შევაფასო?

 

თუმცა მეორე დღეს დედამ უარყო ცემის ფაქტი...


- არც არის გასაკვირი. სავარაუდოდ მუქარას ჰქონდა ადგილი, დედამაც საქმის გამწვავებას აარიდა თავი და ამიტომაც უარყო.

 

სოხუმში აცხადებენ, რომ არაფერი სმენიათ ამ ფაქტის შესახებ...


- ვერც გაიგებდნენ! საიდან უნდა გაიგოს აფხაზმა მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რა ხდება? დამიჯერეთ, აფხაზი რუსის ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტს იქ. მეტსაც გეტყვით: თუკი ადგილობრივ ქართველს რომელიმე აფხაზმა ხელი გაუმართა რაიმე წვრილმან საქმეში, აფრთხილებს, რომ არ გაახმაუროს ეს ფაქტი, ეშინია, რუსმა არ გაიგოს. აფხაზები ჩვენთან გადმოდიან სამკურნალოდ, სხვა მხრივაც  ვეხმარებით, მაგრამ გვთხოვენ არ გავამჟღავნოთ. აფხაზეთის დევნილი ქართველები ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში ხართო - შეგვნატრიან. ესაა დამოუკიდებლობა?

 

ქართული მხარე აპირებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილონ ქართველი ბავშვის უმოწყალოდ ცემის ფაქტი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მისია იქნას ამოქმედებული.


- ეს საკითხი ძალიან ბევრჯერ არის დაყენებული. აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევები, ფაქტებით დადასტურებული, ევროსაბჭოსთვის ახალი არ არის, მაგრამ ამას რუსეთის თანხმობა სჭირდება. ეს, ცხადია, მოსკოვს არ აწყობს, იმიტომ რომ ასეთ დროს ყველა დარღვევა იქნება დაფიქსირებული და აღრიცხული. ასეთი ფაქტების სიმრავლის შემთხვევაში შეიძლება დადგეს აფხაზეთში რუსი სამხედროების ყოფნა-არყოფნის საკითხიც. რუსეთი კი პირიქით, სამხედრო ბაზების გაფართოება-გაძლიერებაზე მუშაობს.  გალის რაიონში უკვე 4 სამხედრო ბაზაა. შარშანდელი მონაცემებით 1200 სამხედრო მსახურობდა ამ ბაზაში, წელს კი 2200-მდე გაიზარდა, თითქმის გაორმაგდა. თუმცა ამის საბაბი არ არსებობს, რადგანაც ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან იქ არავითარ კანონდარღვევებს არა აქვს ადგილი. მეტსაც გეტყვით, გალის რაიონის ცენტრში შენდება 9 სართულიანი შენობა, რომელსაც 60 სმ-იანი სისქის ბეტონის კედლები აქვს. ამ სახლს 3,5 მეტრიანი გალავანი აქვს შემორტყმული. ეს სახლი ფსბ-ს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის აშენდა, სადაც 120 ოფიცერი და მათი ოჯახები იცხოვრებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა იყოს მათ დაქვემდებარებაში? ყველაზე ცოტა 5000, ამას დამატებული სამხედრო ტექნიკაც. რისთვის სჭირდება ასეთ პატარა რაიონს ამხელა გარნიზონი, მიწისქვეშა გვირაბები, სათვალთვალო პუნქტები, რომ ცალკეული ვითომდა ყაჩაღობები აღმოფხრას? მაშინ რატომ არ შენდება მსგავსი რამ ოჩამჩირეში, გაგრაში? ამას ყველაფერს ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: რუსები იქ ნატო-რუსეთის საზღვარს აშენებენ.

 

თუმცა რუსებმა ამაზე დიდი ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა გაიყვანეს ევროპიდან, როცა დრო მოვიდა...


- მართალია, რუსებმა აღმოსავლეთ ევროპა დატოვეს და აქაც ასე მოხდება, ალბათ, მაგრამ დღეს მიჭირს იმის პროგნოზირება, როდის მოხდება ეს. უახლოეს 2-3 წელში არ იქნება. ამას გარდა, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ქართულ-აფხაზურ ფაქტორზეც. ჩვენ თანდათან ვშორდებით ერთმანეთს. არც ერთი ფორმატით მოლაპარაკებები არ მიმიდინარეობს.  ეს ძალზე ცუდია. უწინ ჩვენ აფხაზებთან სიტყვიერი შეთანხმებებითაც კი ვაგვარებდით მთელ რიგ საკითხებსა თუ პრობლემებს გალის რაიონში. ახლა ეს რუსული უშიშროების ჩარჩოებში მოექცა. აფხაზი, ასე თუ ისე, სიტყვის კაცია და თუ პირობა მოგცა, მას არ დაარღვევს.

 

დღეს სად არიან ეს სიტყვის კაცები?


- დღეს ისინი დათრგუნული არიან და ქართულ მხარესთან დაახლოების ინიციატივის შემთხვევაში უმალ დატუქსავენ და არა მარტო სიტყვიერად. რუსები აფხაზებს ამადლიან მათი წყალობით მოპოვებულ ”დამოუკიდებლობას”, აქაოდა, ჩვენ რომ არა, დღეს აფხაზეთში ახალი თაობაც არ იქნებოდა, მათ ქართველები ამოჟლეტდნენო. რუსები არწმუნებენ აფხაზებს, რომ მათ სურთ დაეხმარონ  აფხაზებს დამოუკიდებლობის შენაჩუნებაში, ხოლო როცა უკვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებიან, რა თქმა უნდა, გავლენ აფხაზეთიდან - აი, ესაა რუსული  ”მეგობრული და მშვიდობისმოყვარე მისია”.

 

და მათ სჯერათ ამ მისიის?


- არ სჯერათ, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ დღეს სხვა გამოსავალი არა აქვთ. გამოსავალი კი იმაშია, რომ მათ არ უნდა ეგონოთ ასე!

 

ბატონო რუდიკ, თქვენ ახსენეთ, რომ დრო ცუდად მუშაობს ქართულ-აფხაზურ ფაქტორზე. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი დაბრუნების შემთხვევაში აფხაზები მასპინძლებად დაგვხვდებიან სტუმრებად ჩასულ ქართველებს?


- არა, ასე არ იქნება. როცა ეს ბედნიერი დღე დადგება, აუცილებლად მოხდება შეთანხმება, გაიწერება ჩვენი თანაცხოვრების პირობები და დაბრუნდება პირვანდელი ურთიერთობები. არა მარტო პირვანდელი ურთიერთობები, საქართველო უფრო ფართო პრივილეგიებს სთავაზობს აფხაზეთს და დარწმუნებული ვარ, რომ მოვილაპარაკებთ, შევთანხმდებით და ვიცხოვრებთ კიდევაც მშვენივრად. მაგრამ ეს ყველაფერი რუსების გარეშე უნდა მოხდეს.

 

თუ არსებობს მსოფლიოში ისეთი პრეცედენტი, რომ დამოუკიდებლად აღიარება რომელიმე სახელმწიფომ უკან წაიღოს ან ბათილად ჩათვალოს?


- ასეთი პრეცედენტი მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ჩინეთის ავტონომიური ერთეული - ჰონკონგი წლების განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია და ზუსტად 99 წლის და 364 დღის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ის ჩინეთს გადასცა. დღეს ჰონკონგს შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. რუსეთმაც უნდა დაიხიოს უკან და ამის გაკეთება მოუწევს ბრიტანელებზე გაცილებით ადრე, მით უმეტეს, რომ ამისთვის  საერთაშორისო თანამეგობრობაც თავდაუზოგავად იღწვის.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions