აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

13 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

ძირითადი მოხსენება მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ. მისი განცხადებით, კანონის პროექტი წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობას. ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად, წარმოდგენილია პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ. ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნები, კერძოდ კი შემუშავდა პროგრამული ბიუჯეტის პროექტი, რაც გულისხმობს ასიგნებების გადანაწილებას პროგრამების მიხედვით, ნაცვლად ასიგნებების მხარჯავი ორგანიზაციებით გადანაწილებისა. ლევან თევზაიამ დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, პროგრამულ დაფინანსებაზე, მოსალოდნელ შედეგებზე.

მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობების ჯამური საფინანსო მაჩვენებელი 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 2 991 000 ლარით და შეადგენს 30 691 500 ლარს, მათ შორის საშემოსავლო გადასახების საპროცენტო მაჩვენებელი 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 900 000 ლარით, ხოლო საპროცენტო მაჩვენებელი 2024 წლის არის 14 000 000 ლარი. სხვა შემოსავლები გაზრდილია 96 500 ლარით, ხოლო საპროცენტო მაჩვენებელი არის 691 500 ლარი. გრანტების მუხლი ასევე გაზრდილია 2 000 000 ლარის ოდენობით და ჯამში შეადგენს 16 000 000 ლარს.

ლევან თევზაიას განცხადებით, 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ათი პრიორიტეტი, რომელთა დაფინანსება ასევე გაზრდილია, კერძოდ: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა; განათლერბის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების მიმართულებები; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის და კავშირების აღდგენა; საარქივო ფონდის დაცულობა; მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა; დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება; ფინანსური და არაფინანსური რესურსების მართვა; საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა; აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა.

კანონის პროექტთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, რომელმაც კანონპროექტში არსებული ცალკეული შეუსაბამობების ხაზგასმის მიუხედავად, მას დადებითი შეფასება მისცა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის მოსაზრებები წარუდგინა, რომელშიც ხაზგასმული იყო საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით არსებული ხერვეზები და დადებითი ტენდენციებიც. აღინიშნა, რომ კანონპროექტში აუდიტის ცალკეული შენიშვნა გათვალისწინებულია. ამასთან, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მეტი დასაბუთება უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ასიგნებების მაჩვენებლების კლების, ასევე მატების შემთხვევაში.

მთავარ საბიუჯეტო კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია, ელგუჯა გვაზავა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.

დეპუტატების მოსაზრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვა და გადანაწილება, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების დევნილთა საჭიროებებისთვის მაქსიმალური გათვალისწინება, ახალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს კომიტეტის მიერ მუხლობრივად გაწერილი ინფორმაციის მიღება ყველა მხარჯავი სტრუქტურიდან, სხვადასხვა პროგრამებზე გაწერილი ხარჯების კონტროლი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით გაერთიანების 105 წლისთავისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის გარდაცვალებიდან 85 წლის აღნიშვნის ღონისძიებათა დაფინანსება და სხვა.

სხდომის მუშაობა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ძირითადად გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, შენიშვნები და დეპუტატებს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის კეჭისყრისკენ მოუწოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი საბიუჯეტო კანონი 18 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.




























































































































































































































 

 

 

 

 

 

 

 






































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions