აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საშემოდგომო სესია დაიხურა

15 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

სხდომის დასაწყისში ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით სრულიად საქართველოს მიულოცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მან აღნიშნა, რომ ჩვენ დავბრუნდით იქ, საიდანაც  მე-15 საუკუნიდან ჩვენი ნების წინააღმდეგ მოგვიწია წასვლა. „ჩვენ აფხაზეთის ხელისუფლებას წარმოვადგენთ, ამიტომ მე მინდა მივულოცო ეს დიდი მოვლენა ჩვენს ენგურსგაღმელ თანამოქალაქეებს და მინდა პირდაპირ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ევროპისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ერთი დიდი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.“ მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მოვლენა გაუხარდათ და კარგად ესმით მისი მნიშვნელობა. მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირობას, რომელსაც ეს ხალხი ჩადის არამხოლოდ საკუთარი, არამედ იმ 27 სახელმწიფოსი და კიდევ სხვა სახელმწიფოების  საკეთილდღეოდ. სწორედ უკრაინის დამსახურებაა ის, რომ ევროპაში პროცესები სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. “თქვენ გახსოვთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ევროპის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად მთლად ევროპა არ არის, მაგრამ მან გუშინ ხმა მისცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. აი, ასე იცვლება ვითარება ევროპაში და შეიცვლება მთელს მსოფლიოში, დიდი იმედი გვაქვს შეიცვლება რუსეთში და ყოველი ნაბიჯი აქეთკენ გადადგმული ეს არის იმავდროულად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. მან კიდევ ერთხელ მიულოცა კოლეგებს ეს მიღწევა და სთხოვა ყველას დღეს 5 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრება ამ დიდი მოვლენის აღსანიშნავად.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს ამ მოვლენის დიდ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვისთვის მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რადგან ოკუპირებულ რეგიონებში ესმით, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიკური შედეგები მოყვება მას.

სხდომის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად საშემოდგომო სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.











































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions