აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მილოცვა

მინდა უმაღლესი საბჭოს სახელით მივულოცო სრულიად საქართველოს ეს დიდი მოვლენა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

 

საქართველო, როდესაც ევროპის ნაწილი იყო, ჯერ ძველბერძნული სამყაროსი, რომაული, ბიზანტიური სამყაროსი, ძალიან ბევრი სახელმწიფო, რომელმაც ხმა მისცა ჩვენს კანდიდატობას, საერთოდ არ არსებობდა დედამიწაზე. ჩვენ ოდითგანვე ვიყავით ევროპელები, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე-15 საუკუნეში საქართველო ტერიტორიულად მოსწყდა ევროპას. გუშინდელი გადაწყვეტილებით დავბრუნდით იქ, საიდანაც მე-15 საუკუნეში მოგვიწია ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ წასვლა.

მინდა მივულოცო ეს დიდი მოვლენა ჩვენს ენგურს გაღმელ თანამოქალაქეებს და პირდაპირ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ევროპისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მინიჭება, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ მე პირადად, ასევე რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ მიიღო მილოცვები სოხუმიდან, ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისგან. იქ, ენგურს გაღმა, ბევრი ჩვენთან ერთად ხარობს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.

რასაკვირველია, დღეს არა მარტო ერთმანეთს, არამედ ვულოცავთ უკრაინასაც და მოლდოვასაც. უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი გმირობის დამსახურებაა ის, რომ ევროპაში პროცესები სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინელი ხალხი იბრძის არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ  იმ 27 და კიდევ სხვა სახელმწიფოების საკეთილდღეოდ.

ევროპაში ვითარება სწრაფად იცვლება და, დიდი იმედი გვაქვს, შეიცვლება რუსეთშიც.

ყოველი ნაბიჯი ევროპისკენ გადადგმული, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მოგიწოდებთ დღეს 17 საათზე ყველამ ერთად მონაწილეობა მივიღოთ დიდ სახალხო შეკრებაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions