“ეს რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ის ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, აფხაზეთის ანექსია მოახდინოს” – ჯემალ გამახარია აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, აფხაზეთის ანექსია მოახდინოს.

 

“ე.წ. შეთანხმება ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში დაიდო, ამ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ ნახევარი წლის განმავლობაში ცნობილი არ იყო. 2022 წლის ივლისიდან დღემდე აფხაზურ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ წყდება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რუსეთი ამ ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას ასე დაჟინებით რატომ მოითხოვდა, ამას ისედაც ფლობდა. 1995 წელს, არძინბას გადაწყვეტილებით, რუსეთს ეს ტერიტორია მუდმივ სარგებლობაში არენდის წესით გადაეცა. მაგრამ რუსეთს უნდა, რომ ტერიტორია მის საკუთრებაში იყოს. ეს არის რუსეთის საერთო პოლიტიკის, ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, აფხაზეთის ანექსია მოახდინოს, განსაკუთრებით – შავი ზღვისპირა ტერიტორიების. ნელ-ნელა მიჰყვება და ამ ტერიტორიებს ითვისებს. აფხაზურმა საზოგადოებამ წელიწად-ნახევარზე მეტ ხანს გაძლო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ეს პროტესტები იმ მასშტაბის არ იყო, რომ რუსეთს, მარიონეტულ ხელისუფლებას, საოკუპაციო რეჟიმს უკან დაეხიათ. რუსეთმა ამისთვის კარგად იზრუნა: აფხაზეთის დაფინანსება შეამცირა, იმ შემცირებულ ფინანსებსაც არ აძლევს, ეს ხმამაღლა არ გაცხადებულა, მაგრამ პირობა იყო ის, რომ სანამ რატიფიკაცია არ მოხდებოდა, მანამდე დაფინანსება არ წამოვიდოდა, აეროპორტის აღდგენაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. მაგრამ აეროპორტს რუსები თავისთვის აკეთებენ და არა აფხაზებისთვის. ის ორმაგი დანიშნულებისაა – სამხედრო და სამოქალაქო. რაც შეეხება სამოქალაქო დანიშნულებას – იქ შეიძლება, კვირაში ერთხელ რაღაც რეისი შესრულდეს, მაგრამ, ძირითადად, რუსეთის სამხედრო ბაზა იქნება, მიმართული არა მარტო ჩვენს, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ამასთან დაკავშირებით ნატოელებმა, ევროპელებმა ხმა პირველად ამოიღეს. ასევე, ზღვისპირა აპარტამენტების მშენებლობაზეა საუბარი, დაახლოებით 30 000 აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომელსაც რუსები იყიდიან. ასე უნდათ მთელი ზღვისპირა ზოლის ათვისება.

აფხაზეთში ასევე ენერგეტიკული პრობლემაა აქტუალური. რუსეთმა აფხაზეთს შემოდგომაზე მიწოდებული ელექტროენერგიისთვის პირველად ფული გადაახდევინა. 700 მილიონი რუბლია გადახდილი, ეს დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. აფხაზეთისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. ეს ყველაფერი აფხაზურ საზოგადოებაზე ზეწოლაა, რათა ტერიტორია რუსეთისთვის ყოფილიყო გადაცემული.

აღნიშნული გადაწყვეტილება როგორაა მიღებული: ეს ე.წ. დეპუტატები მთელი ღამით იქ ჰყავდათ. სულ 35 ე.წ. დეპუტატი ჰყავთ, აქედან 7 -მა მონაწილეობა არ მიიღო, საკითხის განხილვაზე საერთოდ არ მივიდა, სხდომას 28 დეპუტატი ესწრებოდა, 2 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი ხმა მისცა. კადრებს თუ ნახავთ, ჩანს, სხდომა როგორ მიმდინარეობდა: ზოგი ამთქნარებდა, ზოგს ეძინა. კენჭისყრის დასრულება და ბჟანიას მიერ დოკუმენტბზე ხელმოწერა ერთი იყო. სხდომა დილით 05:30-ზე დაიწყო.

ტერიტორიასთან დაკავშრიებით სხვადასხვა ფართი სახელდება: 180 ჰექტარი, 160 ჰექტარი. სინამდვილეში თუ ყველაფერს დავითვლით, რასაც რუსეთი ითვისებს, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, დაახლოებით 340 ჰექტარზე მეტია. აქედან 180 ჰექტარი ზღვის აკვატორიაა. ეს ზუსტად ისეთივე დაცული ტერიტორიაა, როგორც უნიკალური ფიჭვნარი”, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმებას ბათილად გამოაცხადებს.

“მოისმინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ამ ე.წ. აქტს ძალიან მკაფიო შეფასება ეძლევა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად დაიწყეს იმის მითითება, რომ რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას ეწევა. ჩვენი მთავრობა, როგორც გაცხადებული იყო, ძალიან შეეცდება, რომ ეს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებს წინაშე ძალიან მწვავედ დადგეს. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სხვა ბერკეტები არ გაგვაჩნია, რომ ზეწოლა მოვახდინოთ.

როდესაც რუსეთი აფხაზეთს მისთვის სასურველ ხელშეკრულებებს ახვევს თავს, რომელსაც შედეგად ან ტერიტორიის  ან რაღაც ობიექტის გადაცემა მოსდევს (ეს პირველი შემთხვევა არ არის ), აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება ამ ე.წ. აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. დღეს უმაღლეს საბჭოში ამ საკითხთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებია. ხვალ სესია გაიმართება და ამ ე.წ. შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ ოფიციალურად გამოვაცხადებთ, საქართველოს კანონმდებლობიდან, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე. მათ ვითომ სამართლებრივი, უკანონო დოკუმენტი დადეს, ჩვენ კანონიერ დოკუმენტს ვდებთ, რომელიც “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდება. დადგება დრო, როცა ჩვენ მათ ამ დოკუმენტებს წინ დავუდებთ”, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება გუშინ მოახდინა.

ე.წ.პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ლაგვილავამ თქვა, “ის ფაქტი, რომ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ 28 დეკემბერს დაანონსდა და მერე მოულოდნელად 27 დეკემბრისთვის გადმოიტანეს, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. მათ ეშინიათ, რომ აქ მეტი ხალხი შეიკრიბებოდა, მათზე ზეწოლას მოახდენდნენ, ამიტომ ჩქარობდნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად, დღეს მათ გააუქმებს ცნება – კანონი, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენეს, თავი კონსტიტუციაზე, ხალხზე მაღლა დააყენეს. მათ კიდევ იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ისეთი რამ ახდენს მათზე ზეწოლას, რაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

“აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” – ნათქვამია განცხადებაში.

https://kvira.ge/894909

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 28.12.2023 წ.
https://youtu.be/HU10W4JKN_o

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions