აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას საახალწლო მილოცვა

 

ძვირფასო თანამემამულენო!

გილოცავთ შობა-ახალი წლის შემობრძანებას, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ახალი მოლოდინებით, ახალი გეგმებითა და იმედებით ეგებება. სულ რამდენიმე წუთში 2023 წელი ისტორიის საკუთრება გახდება. იგი დაგვამახსოვრდება არა მხოლოდ რუსი აგრესორების მიერ თავსმოხვეული დამანგრეველი ომით უკრაინში, ტერორიზმით ახლო აღმოსავლეთში, სხვა სირთულეებითა და პრობლემებით, არამედ  მნიშნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით, წარმატებებით ქვეყნის შიგნით და  საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც კიდევ ერთი მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციისა და საქართველოს გაერთიანების გზაზე. გვჯერა, 2024 წელი კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და წინსვლის მომტანი იქნება საქართველოსთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და უცხოეთში მცხოვრებ ლტოლვილებს, ასევე ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას, ერთიან და წარმატებულ საქართველოში მშვიდობიან   ცხოვრებას.

უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!

პატივისცემით,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions