ვ. თორდია: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა“

 

ქართულ-უკრაინულ-რუსული ურთიერთობების ამსახველ საინტერესო ამბავს ყვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, სამართლის დოქტორი ვახტანგ თორდია:

 

- გასული წლის სექტემბერში კიევში ყოფნისას, ჩემმა მეგობარმა ნიკოლაი პუხტინსკიმ (1991-1994 წლებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში), შემახვედრა დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტს ბატონ ლეონიდ კრავჩუკს, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს უკრაინის საკონსტიტუციო ასამბლეის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფს.

 

ბატონმა ლეონიდემ გულისტკივილით გაიხსენა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია და გვიამბო, რომ 1993 წლის სექტემბერის ბოლოს მას დაურეკა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. იგი შეშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ ვერ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს, რათა ეთხოვა გემები და ვერტმფრენები მოსახლეობის აფხაზეთიდან სამშვიდობოზე გასაყვანად და საკენი-ჭუბერის, გოლგოთის ამ გზას მიმავალი ხალხი განსაცდელისგან ეხსნა. ე. შევარდნაძე ბ. ელცინთან სატელეფონო კავშირის დამყარებაში დახმარებას თხოვდა ბატონ ლეონიდეს.

 

პასუხად ლ. კრავჩუკმა თავადვე გამოთქვა მზადყოფნა გემებისა და ვერტმფრენების გამოყოფის შესახებ და შესაბამისი დავალებაც მისცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.

 

როდესაც რუსეთის პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. კრავჩუკი აპირებდა აფხაზეთში გემებისა და ვერტმფრენების გაგზავნას, იგი დაუკავშირდა მას და საყვედური უთქვამს: “თქვენ რატომ ერევით სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში, რატომ აპირებთ აფხაზეთში გემებისა და ვერტმფრენების გაგზავნას. თუკი გაღელვებთ ის, რაც აფხაზეთში ხდება, შეგიძლიათ მოითხოვოთ დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეკრება, სადაც შეიძლება გადავწყვიტოთ ეს საკითხი“.

 

“ჩვენ თუ დაველოდებით დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეკრებას და მერე განვახორციელებთ დახმარებას, მაშინ იმ დროისათვის დასახმარებელიც არავინ დარჩებაო. ასეთ განსაცდელში, ჩვენი მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მოსახლეობას ვერ დავტოვებთო“ - უპასუხია ლ. კრავჩუკს.

 

მართლაც, ბატონ ლეონიდ კრავჩუკის მითითების საფუძველზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ აფხაზეთში გაგზავნილი 19 ვერტმფრენით ათასობით ქართველმა, აფხაზმა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა შეძლეს გამოეღწიათ სამშვიდობოზე.

 

ვისმენდი ბატონ ლეონიდეს მონაყოლს და თვალწინ დამიდგა 18 წლის უკან საკენი-ჭუბერის გზაზე ნანახი უბედურება, განცდილი უმძიმესი დღეები და მთელი სიგრძე-სიგანით წარმოვიდგინე თუ რაოდენ უფრო დიდი შესაძლოა ყოფილიყო უმწეო ადამიანთა მსხვერპლი გოლგოთის გზაზე, რომ არა უკრაინის პრეზიდენტის ეს ვაჟკაცური ნაბიჯი.

 

მადლობა უფალს, რომ მსოფლიოში დღესაც არიან ლეონიდ კრავჩუკისნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან საქართველოს ძმურად დაუდგნენ სამართლიან საქმეში.

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions