თამაზ ხუბუა: “გალის რაიონის მოსახლეობას მშობლიურ ენაზე ლაპარაკს ვერავინ აუკრძალავს!“

 

გასულ კვირას საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონის თითქმის ყველა სკოლაში ქართულ ენაზე სწავლა იკრძალება. ამ მხრივ განსაკუთრებული სიმკაცრე მაღალი ზონის სოფლებშია. ადგილობრივ სკოლებში მშობლიური ენის სტატუსი რუსულს მიაკუთვნეს, მეორე ენად აფხაზური ითვლება, ხოლო ქართულ ენას ზოგიერთ სკოლაში მხოლოდ რამოდენიმე საათი ეთმობა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივების თქმით, პედაგოგები მაინც ახერხებენ და მოსწავლეებს ქართულ ენას ჩუმად ასწავლიან.

 

აღნიშნულ ფაქტის კომენტირებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუამ განაცხადა, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებში ქართული ენის დისკრიმინიციის მცდელობები სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არ არის ახალი.

 

მისი განცხადებით, მიმდინარე ანტიქართულ ქმედებებს დაემატა რუსეთის საოკუპაციო სამხედრო მოსამსახურეთა ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, რომ მათმა შვილებმა “აუცილებლად უნდა ისწავლონ რუსულ ადგილობრივ სკოლებში“.

 

“მიუხედავად აღნიშნული სიძნელეებისა ამჟამად გალში მაცხოვრებელი მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები ერთგულნი რჩებიან მშობლიური ენისა და აკრძალვის მიუხედავად განსაცვიფრებელ მონდომებასა და დაუოკებელ ჟინს იჩენენ ქართული ენის, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურული ნამუშევრების საფუძვლიანი შესწავლის საქმეში. გაკვირვებასა და ღიმილს იწვევს ადგილობრივი მარიონეტული ადმინისტრაციისა და მათ მხარდამჭერთა ერთობ პრიმიტიული, იმთავითვე სრული კრახისთვის განწირული იძულებითი ღონისძიებები გალის მკვიდრი მოსახლეობის “გარუსებისთვის“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

“ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი კინოშედევრის “შერეკელიბი“ ერთერთი გმირის სიტყვები: “აქედან ვერ ამოშლი!“, რომელშიც ადამიანური გონებიდან არამოშლა იგულისხმებოდა. თუმცა ამ სიტყვების სიდიადის გაგებას სხვა ფასეულობებისადმი თაყვანისცემა სჭირდება, ვიდრე ის ე.წ. ღირებულებები, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად დროებით გამეფებული რეჟიმის ადგილობრივ და გარეშე მესვეურთ გააჩნიათ. და მაინც, როგორც გალის მკვიდრი, ვეტყოდი მსგავსი იდეოლოგიური ფანდების უბადრუკ ავტორებს: გალელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ქართველები და არ არსებობს ძალა, რომელიც მათ მშობლიურ ენაზე ლაპარაკსა და ცხოვრებას აუკრძალავს!“ - განაცხადა თ. ხუბუამ.

 

 

 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions