ელგუჯა გვაზავა: ”კრემლი მზაკვრული იმპერიული ინტერესების განხორციელებას შეუდგა”

 

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი დანიშნა. საგულისხმოა, რომ ტკაჩოვი რუსეთის მრავალი ანტიქართული პროექტის მხარდაჭერითაა ცნობილი. კომენტარი ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ გააკეთა:

 

– ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ თაფლობის თვე მოსკოვსა და სოხუმს შორის დამთავრდა და საქმეზე გადასვლის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი თავისი მზაკვრული იმპერიული ინტერესების განხორციელებას შეუდგა. საოკუპაციო ჯარი უკვე შეყვანილი ჰყავს აფხაზეთში, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ამ ტერიტორიაზე, 5 თუ 6 სამხედრო ბაზა უკვე აშენებულია. ახლა საჭიროა მარიონეტ აფხაზურ „ხელისუფლებას“ დაუნიშნოს უფროსი, რომელიც  იქ ყველაფერს წარმართავს  კრემლის დირექტივებით.

 

ტკაჩოვის განცხადებით, ის ხელს შეუწყობს აფხაზი და რუსი ხალხების დაახლოებას, კრასნოდარის მხარისა და აფხაზეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას.


– თუკი არსებობს ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ე.ი. არსებობს ერთიანი ტერიტორიაც. ადვილი მისახვედრია, რას უნდა ნიშნავდეს ასეთი „მოფერება“ –  ანექსია, ასიმილაცია, რასაც თანდათანობით მოჰყვება ამ ეთნოსის სრული გაქრობა. სხვათა შორის,  აფხაზეთში არც თუ დიდი მოწონებით შეხვდნენ ამ სიახლეს, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შეწინააღმდეგების  უფლებაც არა აქვთ...

 

საინტერესოა, რა ფუნქიებს შეითავსებს ტკაჩოვი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე?


ერთ სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ელჩი. რუსეთს  ასეთი ელჩი უკვე ჰყავს აფხაზეთში, რომელიც დიპლომატიური მისიის ფარგლებში თავის ფუნქციას ”ასრულებს”. ცხადია, ელჩის ფუნქციას ტკაჩოვი არ შეასრულებს, მას უფრო „სერიოზულ“ მისიას დააკისრებენ, დაახლოებით ისეთი გეგმის განხორციელებას, როგორიც თავის დროზე ჰქონდა განზრახული ნ. ხრუშჩოვს: აფხაზეთისა და სოჭის გაერთიანებით ე.წ. დიდი სოჭის რეგიონის შექმნა, თავისთავად ცხადია, რუსეთის შემადგენლობაში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს თანამდებობა შეგვიძლია შევადაროთ ადრინდელ მეფისნაცვალს, რომელიც ემსახურებოდა  რუსეთის იმპერიასთან კავკასიის სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა არა უხეშად, არამედ მოქნილად. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც.

 

რა შეუძლია საქართველოს ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს?


ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისგან რეაგირებას ველით, უნდა დაიგმოს ოლიმპიადის სარჩულით იმპერიული ხრიკების მოწყობა. საერთაშორისო თანამეგობრობა გულგრილად ნამდვილად არ უდგება ჩვენს პრობლემას, დამიჯერეთ.  თუნდაც ის, რომ  2008 წლის მოვლენების შესახებ რუსულ ფილმს მთელ რიგ ქვეყნებში ბოიკოტი გამოუცხადეს და კინოთეატრებში დაბლოკეს მისი ჩვენება, ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

მაგრამ ასეთი „მუქარები“ ხომ მაინც სუსტი პოლიტიკაა?


– პირიქით, ეს დიდი პოლიტიკაა. ბოიკოტი ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორც რუსეთია, არ არის უმნიშვნელო ამბავი... დააკვირდით, საერთაშორისო არენაზე როგორი გამოხმაურება ჰქონდა პუტინის გაპრეზიდენტებას?

 

თუმცა ქარავანი მაინც მიდის....

 

– ქარავანი კი მიდის, მაგრამ ხომ გაგიგიათ, „ერთხელაც იქნება – თხა მგელი იქნებაო!“ ასე რომ, ნუ გავუსწრებთ დროს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions