უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა

 

22 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხი: ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია. ბიუჯეტის შესრულებათან დაკავშირებთ მან აღნიშნა, რომ დაგეგმილი იყო 28 100 000 ლარი და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 28 7466 68 ლარი, შესრულების პროცენტი არის 102,3%.  მან დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების სხვადასხვა მიმართულებებზე და მაჩვენებლებზე, უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში  ნოე ქაშიბაძემ. მან ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებულ ნაკლოვანებებზე და დადებით ტენდენციებზე.

საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში ასახავს 2023 წლის შემოსულობებს, გადასახადების და ნაშთის რეალური ცვლილებების მაჩვენებლებს, ანგარიში შეიცავს რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვის ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებლების ანალიზს. კომიტეტის თავმჯდომარემ პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელი წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშიდან გამომდინარე შესრულდა მაღალი პროცენტულობით. თამაზ ხუბუამ ისაუბრა რესპუბლიკური ბიუჯეტის მუხლობრივ ჭრილში ფაქტობრივად გაწეული ხარჯების განაწილებაზე. აღნიშნა, რომ „სახეზეა მმართველობითი და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯებისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლებს შორის დისბალანსი. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ მოცემულობას უარყოფითად აფასებს და მხარს უჭერს სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯების მკვეთრ გაზრდას მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების მიმართ“. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მხარჯავი ორგანიზაციების სხვადასხვა ტიპის მიზნობრივი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების მართვასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სახსრების განკარგვის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.


უმაღლესმა საბჭომ გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღო დადგენილება ანგარიშის დამტკიცების შესახებ.





















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions