ჯემალ გამახარია: დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თითქოს, წინადადება წამოვიდა, აპარტამენტების მშენებლობა, როგორც საპილოტე ვარიანტი, იქნებ გალის რაიონიდან, ტყვარჩელიდან დავიწყოთო

 

“ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თითქოს, წინადადება წამოვიდა, აპარტამენტების მშენებლობა, როგორც საპილოტე ვარიანტი, იქნებ გალის რაიონიდან, ტყვარჩელიდან დავიწყოთო”-, ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასპრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში 30 000- მდე აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომელსაც შემდეგ რუსები იყიდიან. როგორც გამახარიამ განაცხადა, ე. წ. კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

“ეს არის იმ თემის გაგრძელება, რასაც აფხაზეთში უძრავი ქონების გასხვისების საკითხი ჰქვია. მოგეხსენებათ, აფხაზეთში დე ფაქტო კანონები არსებობს, რომლის თანახმად, უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვა აკრძალულია. ამ ე.წ. კანონისთვის რომ გვერდი აევლოთ, აპარტამენტების თემა მოიფიქრეს. აფხაზეთში 30 000- მდე აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომლის მყიდველი გასაგებია, ვინ იქნება. ამერიკელები , გერმანელები, ფრანგები არ ჩამოვლენ. ბუნებრივია, რუსები იყიდიან. ვინ უნდა ააშენონ? აფხაზები ხომ ვერ ააშენებენ? რუსები ააშენებენ. ეს არის აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. რუსებს უნდათ, მიწები, ქონება ხელში ჩაიგდონ, გარდა ამისა, უნდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ დემოგრაფიული უპირატესობა მოიპოვონ. ეს ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიონ. ე.წ. კანონპროექტი შექმნილია, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დიდი ხანია დე ფაქტო პარლამენტში გადაინაცვლა. მაგრამ, უნდა გითხრათ, ჩვენ ისეთი სპეციალისტები გვყავს, რომ რასაც იქ მალავენ, ჩვენები გამოჩხრეკენ და აფხაზებს აჩვენებენ ხოლმე, აი, თქვენი “ხელისუფლება” რას აკეთებსო, მაგრამ ამ ე.წ. კანონპროექტს ვერა და ვერ მივაგენით, ის ოფიციალურად არსად გამოქვეყნებულა, თუმცა , არაერთხელ გაცხადებულა, რომ განხილვა დაიწყეს, შემდეგ პროტესტები იწყებოდა და განხილვა წყდებოდა. ბოლო პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თითქოს, წინადადება წამოვიდა, რომ როგორც საპილოტე ვარიანტი, ტესტი, იქნებ გალის რაიონიდან, ტყვარჩელიდან დავიწყოთო. მათი არგუმენტები რა არის: ამ რაიონებს აღდგენა სჭირდება, თუ იქ აპარტამენტებს ავაშენებთ , ეს ტურისტების მოზღვავებას, ინვესტიციების შემოდინებას , ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითარებას გამოიწვევსო. ანუ, თითქოს, ამ დანგრეული, გაუბედურებული რაიონების აღდგენა დაიწყება”- განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ეს აფხაზების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან რუსებს არც გალის, არც ტყვარჩელის აღდგენა აინტერესებთ, ამ ეტაპზე მათი მიზანი შავი ზღვისპირეთის ათვისებაა.

“არა მგონია, ბჟანიამ, რომელიც მეტ დროს მოსკოვში ატარებს, ვიდრე სოხუმში, ეს წინადადება დე ფაქტო პარლამენტს თავის კურატორებთან კონსულტაციის გარეშე წარუდგინა. ალბათ, ეს აფხაზების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. რუსებს არ აინტერესებთ არც გალის, არც ტყვარჩელის აღდგენა, ამ ეტაპზე მათი მიზანი შავი ზღვისპირეთის ათვისებაა, გაგრის, სოხუმის, გულრიფშის. თუ ე.წ. კანონი მიღებული იქნა , რომ აპარტამენტების მშენებლობა გალიდან და ტყვარჩელიდან დაიწყონ, შეიძლება, 1-2 სასტუმრო ააშენონ, მერე იტყვიან , აი ნახეთ, რა კარგიაო და მერე ამ აპარტამენტების მშენებლობას იქ გააგრძელებენ, სადაც რუსებს უნდათ. ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ასე რომ, ამას განვიხილავ როგორც საპილოტე ვარიანტს, რათა შემდეგ აფხაზებს უთხრან, ხომ ხედავთ, რა კარგია , არავითარ საფრთხესთან დაკავშირებული არაა და დანარჩენ რაიონებშიც შევუდგეთ აპარტამენტების მშენებლობასო ” – განაცხადა გამახარიამ.

https://kvira.ge/936760


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 24.06.2024 წ.
https://youtu.be/NFsxQeWDR2k


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას კომენტარი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის ეთერში
https://youtu.be/BUU8yxk0xkg

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions