ჯემალ გამახარია დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის “ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში” გახსნას დაესწრო

 

2024 წლის 27 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი, „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე. "ქართული დიასპორა ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და ქვეყნის განვითარების პროცესში მისი ჩართვის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, საგარეო უწყება დიასპორული ორგანიზაციების, ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერის, მექანიზმების დახვეწის მუდმივ ძიებაშია," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

აღსანიშნავია, რომ 28 მაისს, ფორუმის მონაწილეები მუშაობას განაგრძობენ სამ თემატურ ჯგუფში და იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: განათლება და კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაცია - დიასპორის  წარმატების მექანიზმი.

















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions