აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის საგაზაფხულო სესია დაიხურა

28 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

სესიის დახურვამდე უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ“; ინფორმაცია „ავტონომიური მოწყობის ევროპული გამოცდილების შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის დახურცის შესახებ“.

სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი სოფიო დემეტრაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ გონაშვილი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოკლე ინფორმაცია იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის 23-ე პრიმა მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, ფულადი დახმარების გაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. ვახტანგ ყოლბაიამ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას, რომელიც დაიცავს დევნილი ოჯახის ინტერესებს.

აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნული ცვლილების საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენას.

სესიის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის და კმაყოფილება გამოხატა იმ ურთიერთობით, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის. „რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის და აჭარის უმაღლეს საბჭოებს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ ღონისძიება. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება, თანამშრომლობა არის საქმიანი“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ჯემალ გამახარიამ ასევე მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით და გამოხატა რწმენა, რომ დღეისთვის საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მოკლე დროში, დღის წესრიგში დადგება აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი.

სესიაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო კოლაჟი აფხაზეთის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით აფხაზურ და რუსულ მედიაში გავრცელებული არაერთგვაროვანი გამოხმაურებების შესახებ.

დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ვიზიტი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. მოკლედ ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო პროექტების შესახებ.

დავით გაბაიძემ ასევე წარმოადგინა საინტერესო მოხსენება ავტონომიური მოწყობის ევროპული გამოცდილების შესახებ. ისაუბრა რა ტერიტორიული ავტონომიების სხვადასხვა მოდელზე, მათ პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემაზე, მიმოიხილა ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, საერთაშორისო მიდგომები და პერსპექტივები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატები ელგუჯა გვაზავა, ზურაბ ჯგუბურია, თემურ მჟავია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი სოფიო დემეტრაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ გონაშვილი.

დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აჭარელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დასასრულს ჯემალ გამახარიამ დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, მან საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით არის განსაზღვრული. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.





















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions