ელგუჯა გვაზავა: ”აფხაზეთში სერიოზული შიდა კრიზისია”

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა (გია) გვაზავას ინტერვიუ გასული თვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომელიც გამოქვეუნდა გაზეთ ”ახალ თაობაში” (05.04.2012წ.), დაიწყო ჟენევის მოლაპარაკებების შეფასებით.

 

- იმ მოვლენების ფონზე, როცა რუსეთი თავად წყვეტს თავისი მარიონეტი ”ქვეყნის” ბედ-იღბალს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის საშუალებასაც არ უტოვებს, რომ დამოუკიდებლად გამოხატონ თავისი და არა კრემლის პოზიცია, ჟენევის მოლაპარაკებები არც შეიძლება დიდად პროგრესული იყოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს ქართული და აფხაზური მხარეეები და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ გარკვეულ შეხედულებებს აფიქსირებენ. აქ კარგად ჩანს  თითოეული მხარის ორიენტირი. რაც შეეხება პოზიტიურ შედეგს, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ვითარებაა მსოფლიოში, ამიტომ ეს ეტაპები გასავლელი გვაქვს...

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „საქართველო აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში არაფორმალურ შეიარაღებულ გაერთიანებებს ქმნის“. ესეც ხომ არ გამოადგება რუსეთს აფხაზეთში რუსული სამხედრო ესკალაციის გაფართოების საბაბად?

 

- კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე, რომ თითქოსდა საქართველოში შექმნილი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ან აფხაზეთის საწინააღმდეგოდ  იყოს მიმართული და საფრთხეს წარმოადგენდეს ვინმესთვის. რა, საქართველოს არ ესმის იმდენი, რომ ამხელა მონსტრს სპეცდანიშნულების რაზმით ვერ შეაშინებ? ან რაში გვჭირდება ჩვენ ეს? ეს არის მხოლოდ საბაბი რუსებისთვის, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება არ აიღონ, რაც ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი საკითხია. ან თუნდაც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების გრიფით წლის ბოლოსთვის დაგეგმილი რუსული სამხედრო ესკალაცია გაამართლოს.

 

აფხაზეთში მორიგი ე.წ. საპარლამეტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა, თუმცა ასარჩევია კიდევ 2 დეპუტატი. თქვენი კომენტარი.

 

- მინდა გითხრათ, რომ 90-იანი წლების არჩევნებში აფხაზი დეპუტატები დიდი დისციპლინით გამოირჩეოდნენ და ჩვენგან განსხვავებით პირველივე ტურში გაიმარჯვეს. ”დამოუკიდებელ” აფხაზეთში კი ორი ტურიც არ გახდა საკმარისი, რომ არჩევნები შემდგარიყო. როგორც მე ვიცი, ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩაიშალა ამომრჩევლეთა დაბალი აქტიურობის გამო, ხოლო მეორეგან კანდიდატებს შორის კონფლიქტის გამო. ფაქტიურად გამოდის, რომ მაისში მესამე ტური უნდა შედგეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთში ან სერიოზული შიდა  პოლიტიკური კრიზისია, რაც კლანური დაპირისპირების შედეგია, ან დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამენ... ე.ი. დანიშვნა არ მოხდა.

 

ამას წინათ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ იგეგმება მოქვის, ბედიისა და სხვა ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოები. წინაააღმდეგი არ არის იუნესკოს დელეგაციის მიიღების, მაგრამ რამდენად ეფექტური და მიზანშეწონილი იქნება იქ იუნესკოს მისიის მუშაობა ქართველი სპეციალისტების გარეშე?


- რა თქმა უნდა, ქართველი სპეციალისტების გარეშე რესტავრაცია არ შეიძლება შედეგიანი და სრული იყოს. რისი ეშინიათ, რატომ არ უნდათ ქართველი რესტავრატორის და სპეციალისტის იქ შესვლა? თუკი მათ ისევე ადარდებთ ისტორიული და კულტურული მონაპოვარი, როგორც ჩვენ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რა რჯულის ადამიანი დაიცავს განადგურებისგან მას? რახან არ უშვებენ ქართველ სპეციალისტს, ეტყობა რომ რაღაც უკუღმართი ჩანაფიქრი აქვთ... და რა უნდა იყოს ეს ჩანაფიქრი, თუ არა რუსული  დავალება, ანუ ქართული კვალის წაშლა... ყველაზე უკეთესი იქნება, თუკი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ შესაძლო რესტავრაციაში ქართველი მხარის მიერ საკუთარი სპეციალისტები იქნება ჩართული. თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ უნდა განხორციელდეს ამ ძეგლების საერთაშორისო მონიტორინგი ანუ მათი მდგომარეობა აისახოს ფირზე, შემდეგ ჩვენს მონაცემებთან შეჯერდეს და ტრადიციული იერ-სახის დაცვით ჩატარდეს სარესტავრაციო სამუშაოები.

 

კრემლმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები დანიშნა. როგორ მიესადაგება ეს მათი დამოუკიდებლობის სტატუსს?

 

– რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა წინააღმდეგობაშია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსთან, მაგრამ რუსეთი ამის გამო ბოდიშს არ მოუხდის ”თავისუფლებისათვის” მებრძოლ აფხაზებს. გასულ ინტერვიუში გითხარით, რომ ასეთ წარმომადგენლებს ძალიან ”მნიშვნელოვან” მისიას დააკისრებს კრემლი, დაახლოებით ისეთი გეგმის განხორციელებას, როგორიც თავის დროზე ჰქონდა განზრახული ნ. ხრუშჩოვს: აფხაზეთისა და სოჭის გაერთიანებით ე.წ. დიდი სოჭის რეგიონის შექმნა, თავისთავად ცხადია, რუსეთის შემადგენლობაში. ისტორიას გამეორება ახასიათებს. სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ადრეც მოიფიქრეს რუსებმა თავისი იმპერიული პოლიტიკის განსახორციელებლად, ოღონდაც მაშინ მას მეფისნაცვალი ერქვა და რუსეთის იმპერიასთან კავკასიის სრული შერწყმის საქმეს ემსახურებოდა.

 

ასეთივე წარმომადგენელი დნესტრისპირეთშიც დანიშნა რუსეთმა. ყარაბახი გამორჩა?

 

- არა, ასეთი გულმავიწყი რუსეთი არ არის. აქ ბევრად მარტივადაა საქმე. ის უბრალოდ ყარაბახს თავის ტერიტორიად არ თვლის.... დნესტრისპირეთი, მართალია, არ უღიარებია დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც თავისად თვლის. საერთოდ, რუსეთის პოლიტიკის უტიფარი ნაბიჯები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ამიტომ დანამდვილებით ვერ გეტყვით, ყარაბახთან მიმართებაში კიდევ რა აქვთ ჩაფიქრებული...

 

გასული თვის ბოლოს უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი აფხაზეთის აღმასრულებელ სტრუქტურებში...

 

- უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში გასვლითი შეხვედრა გამართა. შევხვდით თანამშრომლებს, გავეცანით ახალგზრდა კადრებს, მათ საქმიანობას, ვისაუბრეთ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. ასეთივე შეხვედრები იგეგმება წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სტრუქტურებშიც.

 

ბატონო გია, ჩაქვში რა სახის შეხვედრა გქონდათ?

 

- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ქ-ნ ხ. გოგორიშვილის ინიციატივით მოეწყო მეტად საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ხელმძღვანელებთან, სადაც გავეცანით ახალ კანონპროექტს ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. საქართველოს პარლამენტსა და ორ რეგიონულ პარლამენტს შორის კავშირი თითქმის მოშლილი იყო. წესით, რეგიონული პარლამენტების თავმჯდომარეები უნდა ყოფილიყვნენ დიდი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, მაგრამ რახან ერთი რეგიონი ოკუპირებულია, ხოლო მეორეს თავის დროზე უთანხმოება ჰქონდა ცენტრალურ  ხელისუფლებასთან, ამიტომ თანამშრომლობის კავშირი არ არსებობდა. ახლა პრაქტიკულად ახალი ეტაპი დაიწყება. საკოორდინაციო საბჭოში შევა სამ-სამი წევრი საქართველოსა და რეგიონული პარლამენტებიდან, მას ექნება თავისი დებულება, საკანონონმდებლო ბაზა. ამით ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოები მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ახალი კანონების განხილვასა და დამტკიცებაში არა მარტო აფხაზეთისა და აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს პრობლემებთან მიმართებაშიც. მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების აღდგენა  საპარლამენტო ისტორიაში არის ახალი  და მნიშვნელოვანი ეტაპია.

 

წმ. ამბროსი აღმსარებლის ხსენების დღეს მარტვილში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები გაემგზავრნენ.

 

- დიახ, ჩვენ გახლდით მიწვეული იმ ღონისძიებაზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჭყონდიდის ეპარქიის ორგანიზებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევით გაიმართა და კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) იუბილეს მიეძღვნა. ეს იყო გამოფენა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სახელწოდებით - ,,სული ღმერთს, გული სამშობლოს”, სადაც  ძირითადად წარმოდგენილი იყო პატრიარქის ქადაგებები, პირადი წერილები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნის ამსახველი მასალა. მოგეხსენებათ, ამბროსი ხელაია ჯერ სოხუმში, შემდეგ ახალ ათონსა და ლიხნში მსახურობდა და ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. ის იყო უდიდესი ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი მოწამეობრივი ცხოვრება საქართველოს მიუძღვნა, ღირსეული შვილი თავისი ქვეყნის და ამიტომაც გვმართებს მისი განსაკუთრებულად დაფასება. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენმა დეპუტატმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ ამბროსი ხელაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას კაპიტალური ნაშრომი მიუძღვნა.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions