მიმართვა აფხაზეთიდან ლტოლვილებისადმი!

 

ძვირფასო თანამემამულენო!

დებო და ძმებო!

 

მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა 1992-1993 წლებში ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას. ავტონომიური რესპუბლიკის მრავალეროვანი მოსახლეობა, რომელიც ომამდე 535 ათას კაცს შეადგენდა, 73% შემცირდა. ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი რუსეთის მიერ თავსმოხვეული დანაშაულებრივი ომის ან მრავალწლიანი აღვირახსნილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად და უცხო ქვეყნებში მიმოფანტულ ლტოლვილებად იქცა.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში განმეორდა რუსეთის ღია აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით დასრულდა. ოდესღაც აყვავებული აფხაზეთი დღეს ნანგრევებშია მოქცეული, იძარცვება უმოწყალოდ, ნადგურდება მისი უნიკალური ეკოსისტემა.

 

ოკუპანტი მაშინათვე მოექცა საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრი კრიტიკისა და ზეწოლის ქვეშ. მისგან კატეგორიულად მოითხოვენ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმებას,საოკუპაციო ჯარების გაყვანას. დღეს სრულიად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და მოკავშირეთა აქტიური მხარდაჭერით რუსეთის დიპლომატიურმა ომმა საქართველოს წინააღმდეგ სრული კრახი განიცადა. წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა. მიუხედავად კრემლის გაშმაგებული მცდელობისა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მხოლოდ დიდი ეკონომიკური სარგებელისა და ქრთამის საფასურად აღიარეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნიკარაგუა და ვენესუელა, აგრეთვე ჯუჯა სახელმწიფოებმა ნაურუმ და ტუვალუმ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფ ლეგიტიმურ სახელისუფლო სტრუქტურებს – უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას საკუთარი წვლილი შეაქვთ აფხაზეთის დეოკუპაციისათვის ბრძოლაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვაში, ოკუპირებულ რეგიონებთან  მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც აფხაზეთში დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვას, ხელოვნურად გათიშულ საზოგადოებებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობისა და ნდობის აღდგენას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით ჩვენს მუშაობაში არსებული ობიექტური და სუბიექტური სიძნელეების მიუხედავად, დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ოკუპანტი სამუდამოდ დატოვებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ეს კი შექმნის აუცილებელ წინაპირობას არსებული კონფლიქტების სრულმაშტაბიანი მოგვარებისათვის, ქართველების, აფხაზებისა და ცხინვალელი ოსების კანონიერი ინტერესების დაცვისათვის და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს გამთლიანებისათვის.

 

შექმნილი ვითარება მოითხოვს დევნილი საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას და ერთიან მოქმედებას. ამ დროს კი ათეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე, განურჩევლად ეროვნებისა, რომელმაც 1993წ. იძულებით დატოვა საქართველო და ცხოვრობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში, ევროპაში თუ სხვა კონტინენტებზე, მიზეზთა გამო, აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესში ჩართული არ თუ ვერ არის.

 

ლტოლვილთა დიდ ნაწილს სამშობლოში რეგისტრაციაც არ გაუვლია, ამიტომ ძალიან ხშირად მათი ადგილსამყოფელიც კი ჩვენთვის უცნობია. ყოველივე ამის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, დავამყაროთ ურთიერთობები, ან განვაახლოთ გაწყვეტილი კავშირები თქვენთან - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, შევქმნათ მონაცემთა ბაზა, შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემების მოგვარებაში, გავითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რჩევები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უმაღლესი საბჭო გულისყურით მოეკიდება უცხოეთში იძულებით გადახვეწილ ლტოლვილთა ნებისმიერ თხოვნასაც. ამასთანავე აუცილებელია, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში, მასპინძელ ქვეყნებში რეალობის ადექვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

 

გთხოვთ, დარეგისტრირდეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე www.scara.gov.ge ან უმაღლესი საბჭოს ელექტრონულ მისამართზე scofara@gmail.com,  მოგვაწოდოთ თქვენს შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის მისამართი აფხაზეთში), რომელსაც ჩათვლით საჭიროდ, წარმოგვიდგინოთ წინადადებები და რეკომენდაციები, ამ მიმართვის თაობაზე შეატყობინოთ სხვა ჩვენს თანამემამულეებს აფხაზეთიდან. გარემოებათა გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის იძულებით მიღება არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დასამყარებლად.

 

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას და აქტიურობას!

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions