ჯემალ გამახარია პროექტის „საზღვრებს მიღმა“ ორგანიზატორსა და მონაწილეებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უმასპინძლა პროექტის „საზღვრებს მიღმა“ ორგანიზატორს თინათინ სვანიძე-ვენკოსა და ახალგაზრდა მონაწილეებს აფხაზეთიდან.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორს და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას.

„ქალბატონმა თიკამ ჩამოაყალიბა საერთაშორისო თეატრი „დაბრუნება“, რომელმაც დადგა სპექტაკლი - Hellados. ეს სპექტაკლი პირველად სოხუმში დაიდგა დიდი ხელოვანის გოგი ქავთარაძის მიერ. კარგად მახსოვს ის შთაბეჭდილება, რომელიც პირველად მივიღეთ ამ სპექტაკლისგან. მაგრამ იმან, რაც აქ ვიხილე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ მთელი დარბაზი ცრემლებმორეული უყურებდა. სპექტაკლის მსახიობები იყვნენ ემიგრანტი  ბავშვები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შესანიშნავად მეტყველებენ ქართულად და მათ შეძლეს ეს ძალიან ემოციური სპექტაკლი დაედგათ და მოეტანათ ჩვენამდე. განსაკუთრებით  აღსანიშნავია, რომ აქ არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ენგურს გაღმა. ისინი  გადმოიყვანეს და მონაწილეობენ  ამ სპექტაკლსა და სხვა ღონისძიებებში.

დღევანდელი დღე ჩვენთვის არის დიდი ზეიმი. მიუხედავად ოკუპანტების მცდელობისა, რომ მოახდინონ ჩვენი მოსაახლეობის დენაციონალიზაცია, დააკარგვინონ იდენტობა, ეს მათ არ გამოსდით და ამ ღონისძიებამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა.  დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს, როცა ძლიერი ქართული სახელმწიფო არსებობს, ასეთი ახალგაზრდები არსებობენ, გამორიცხულია მოხდეს ქართული გენის გადაგვარება და ყოველივე ქართულის ამოძირკვა.

ჩვენ, დაწვრილებით ვიცით თუ რა ხდება ენგურს გაღმა, ყოველ ქალაქსა და სოფელში. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს განუკითხაობა, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთში დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენ, ძალიან მალე მოვშლით ენგურზე ხელოვნურად აღმართულ საზღვარს. ამისთვის ვემზადებით, სამართლებრივ დოკუმენტებს ვქმნით და ვმუშაობთ მომავალი აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტზე“. - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა და თემურ მჟავიამ, პროექტის ორგანიზატორმა, ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა თინათინ სვანიძე-ვენკომ, ფონდის წარმომადგენლებმა მაკა მიდოდაშვილმა, ნინო გოგოხიამ, დათო მოისწრაფიშვილმა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ბელა სარიამ,  უამღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ, ფონდის წარმომადგენლებმა და პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე ახალგაზრდებმა.

ღონისძიების ფარგლებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა წარმატებულის სიგელით დააჯილდოვეს პროექტის მონაწილე  ახალგაზრდები აფხაზეთიდან.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქართული სახელმწიფოს წინაშე დიდი დამსახურებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან საქმიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი, ფონდის „დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თინათინ სვანიძე-ვენკო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა.

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეები, უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელები და  თანამშრომლები ესწრებოდნენ.















































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions