9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი დემონსტარცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის, უმეტესწილად ქალების, სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით მოქალაქე უცნობი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. ეს ტრაგიკული თარიღი გახდა დასაბამი უდიდესი ისტორიული მოვლენისა – 2 წლის შემდეგ სქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რის საფუძველზეც 26 მაისს მსოფლიოს სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტი ცნეს.
ორშაბათს ეს თარიღი ტრადიციულად აღინიშნა, როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში.
ამ დღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა 23 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს:
ბატონო გია, იმდროინდელი აპრილის აქციების მთავარ მიზეზად აფხაზეთში განვითარებული მოვლენები სახელდება, კერძოდ, ”ლიხნის წერილი”...
- 1989 წლის გაზაფხულზე აფხაზეთში გარედან თავსმოხვეულმა არეულობებმა მდგომარეობა საგრძნობლად დაძაბა. გაგრაში და სოხუმში ადგილი ჰქონდა აფხაზებსა და ქართველებს შორის ლოკალურ შეტაკებებს და ქართველებზე ძალადობის ფაქტებს (1 აპრილს სტუდენტური აქციის იარაღით დარბევა გაგრაში და სხვ.) მოგვიანებით ლიხნში შეკრებილმა სეპარატისტულად განწყობილმა ცრუ ინტელიგენციამ და ამ პროცესში ჩათრეულმა უხუცესებმა, რომელთა ავტორიტეტი ბრმად, მოტყუებით იქნა გამოყენებული, ხელი მოაწერეს ე.წ. ”ლიხნის წერილს”, რის საფუძველზეც აფხაზი მოსახლეობა ითხოვდა საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გამოსვლას და რუსეთთან მიერთებას. რა თქმა უნდა, ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები. 3 აპრილს სოხუმში დიდი მიტინგი ჩატარდა. აფხაზეთის ქართველების მხარდასაჭერად სოლიდარობის გამომხატველი აქციები თბილისშიც გაიმართა. მომიტინგეები მშვიდობიან ფარგლებს არ გასცდომიან, ითხოვდნენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების კონსტიტუციური უფლებების დაცვას, თუმცა შემდეგ ამ აქციებს ეროვნული მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ფრთა შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით და ეს კანონზომიერიც იყო: წესით, სუვერენულ სახელმწიფოს უფრო ადვილად უნდა შეძლებოდა შიდა პრობლემების მოგვარება. მე ვთვლი, რომ აფხაზეთში ომი 1989 წელს დაიწყო და არა 1992 წელს. და ეს ბევრად ადრე მომწიფდა. იქაურ მკვიდრ მოსახლეობას კარგად ახსოვს, როგორი პერიოდულობით (ათწლიანი შუალედებით) მიმდინარეობდა აფხაზური სეპარატისტული გამოხტომები 1967, 1978, 1989 წლებში, რაც ნაციონალურ შინაარსს მოკლებული იყო და ძირითადად მატერიალურ მისწრაფებებზე იყო დაფუძნებული.
ეს რას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშნავს, რომ იმპერია ”ცრუ ინტელიგენციას” ჯერ ზრდიდა და მერე იყენებდა თავისი მიზნების, ამ შემთხვევაში, ”გათიშე და იბატონეს” პოლიტიკის განსახორციელებლად. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ისეთ მცირერიცხოვან ეთნოსს, როგორიც აფხაზია, ჰყავდეს ამდენი სწავლული და მეცნიერი. კრემლი ამ ფსევდომეცნიერებს მატერიალური უზრუნველყოფის სანაცვლოდ თავის ”საქმეს” აკეთებინებდა. რახან კომუნისტურ წყობილებაში არ იყო მრავალპარტიული სისტემა, ამიტომ ელიტის ცვლა ხდებოდა პერიოდული საპროტესტო გამოსვლებით, რომლის დროსაც კიდევ უფრო მძაფრდებოდა ადრინდელი მოთხოვნები. დაკმაყოფილებული და გათამამებული ”ინტელიგენტები” კიდევ უფრო მეტად ჭირვეულობდნენ, რასაც სულ უფრო და უფრო ჩიხში შეჰყავდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. ყველაფერი ომისკენ მიდიოდა, მაგრამ არც ადგილობრივ ქართველებს და არც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ამის დაჯერება არ უნდოდათ.....
შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგიურად?
- ძნელი სათქმელია. იცით, ჩვენსა და მათ შორის რამდენიმე განმასხვავებელი ფაქტორი იყო: ჯერ ერთი, მათ დამოუკიდებლობა მხოლოდ 40 წლის განმავლობაში ჰქონდათ დაკარგული, ჩვენ კი 200. მეორე და ყველაზე მთავარი, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა (ხიდი ევროპასა და აზიას შორის) რუსეთისთვის ”სასიცოცხლოდ” მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენდა თავისი იმპერიული პოლიტიკის გასატარებლად, ამიტომ ზეწოლა საქართველოზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაზე. კავკასიის შესანარჩუნებლად რუსეთი ყველანაირ საშუალებას იყენებდა, რის მყარ დასაყრდენსაც მეხუთე კოლონასთან ერთად ადგილობრივი პარტიული ელიტა (მადლობა ღმერთს, ყველა არა) წარმოადგენდა. ამას გარდა, ჩვენ იმდენად ჩაკეტილი ვიყავით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობა არ გვქონდა. ტყუილად გვეგონა, რომ რომ თუკი მათ ხმას მივაწვდენთით, მსოფლიო ფეხზე წამოდგებოდა და მკაცრად მოსთხოვდა პასუხს 9 აპრილის ტრაგედიის ავტორს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო წესრიგის მიერ ჩვენთვის მიჩნეული ნიშა იმ დროს იყო არა 1921 წლის დემოკრატიული საქართველოს მემკვიდრე, არამედ ”საბჭოთა რუსეთის გადმონაშთი”. გამოდის, რომ ეს სისხლიანი სახადი უნდა მოეხადა საქართველოს, ასეთი გზით უნდა გადაეგდო საქართველოს რუსული უღელი. სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობდა, ესეც გასავლელი იყო...