თამაზ ხუბუა: “სოხუმის დე-ფაქტო ადმინისტრაცია აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მაქსიმალურ ჩართვას ცდილობს“

 

აფხაზეთის ე.წ. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ხუტაბამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ათ ქვეყანაზე მეტი მზად არის ითანამშრომლოს აფხაზეთთან ოლიმპიური მოძრაობის განვითარების სფეროში. დასახელდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, იორდანია, ირანი, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი. ხუტაბამ დაადასტურა საქმიანი შეხვედრები ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ.

 

„ხუტაბას განცხადების უმთავრესი ლეიტმოტივი გახლავთ სოხუმის ადმინისტრაციის მცდელობა მიაღწიოს აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მაქსიმალურ ჩართვას, რაც მათივე აზრით ხელს შეუწყობს „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ ისედაც მყიფე, ვირტუალური, აშკარად სუროგატული სტატუსის ამაღლებას. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავს განცხადებებსა და პრაქტიკულად გადადგმულ ნაბიჯებს ადრეც ჰქონია ადგილი და, რბილად რომ ვთქვათ, ჩემს გაკვირვებას იწვევს თუ რატომ ჰგონიათ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტზე პასუხისმგებელ უწყებებს სეპარატისტთა ინსინუაციებზე მყისიერი რეაგირება თითქოს მხოლოდ პოლიტიკოსებს ევალებოდეთ. თუ დასახელებული ორგანიზაციები იტყვიან, რომ ისინი ზეგავლენას ვერ ახდენენ მათ კონტროლს მოკლებული ორგანიზაციების პოზიციას, იქნება ყველაზე პრიმიტიული და ბანალური გამოსავალის ძიება შექმნილი მდგომარეობიდან. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო უნდა ახდენდნენ ზეგავლენას ამ მოვლენებზე და ამას თუ ვერ ახორციელებენ, ამაზეც საყოველთაოდ და სისტემატურად ავრცელებდნენ ოფიციალურ განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ, თუ აფხაზეთის საკითხს ისინი თვლიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის უპირველეს პრობლემად!“

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions