აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

2013 წლის აპრილში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასთან დაკავშირებით  შექმნილი სიტუაციის არასწორი ინტერპრეტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საჭიროდ თვლის განაცხადოს შემდეგი.

სამწუხაროდ, ამა წლის 8 აპრილის სესიის მიერ აფხაზეთის მთავრობის უფლებამოსილებაგაგრძელებული წევრები მოსალოდნელი რეორგანიზაციის ჩარჩოებში საკუთარი სკამების მომავალშიც შენარჩუნების მიზნით დაადგნენ ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელი შანტაჟისა და მთავრობის მოვალეობის შემსრულებლისადმი დაუმორჩილებლობის გზას, რაც გამოიხატა მათ მიერვე შეთხზულ და გავრცელებულ ჭორებში - თითქოსდა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით გეგმავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი სტრუქტურების გლობალურ შეკვეცას და თანამშრომელთა მასიურ გათავისუფლებას. ამ მიზნით ისინი კოლექტიურ ვოიაჟებს აწყობენ სამინისტროებში და არასწორ ინფორმაციებს აწვდიან მათ თანამშრომლებს, რათა აიყოლიონ აღმასრულებელი სტრუქტურები უმაღლესი საბჭოზე ზეწოლის მოსახდენად.

სამ თვეზე მეტია სამინისტროებისა და დეპარტამენტების პირველი პირები თავს არიდებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რის გამოც შეჩერებულია მთელი რიგი დევნილთა სოციალური დახმარების პროგრამები.

პარადოქსია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ხელმძღვანელები ეწინააღმდეგებიან აფხაზეთის კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანი ცვლილებების დაკანონებას და ამას აღიქვამენ, როგორც პიროვნულად მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიმართავს ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადობას, შრომით კოლექტივებს, რომლებიც უმძიმეს ეკონომიკურ და ურთულეს პოლიტიკურ პერიოდებში იჩენდნენ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და სწორ მოქალაქეობრივ პოზიციას, არ აყვნენ ცალკეული პიროვნებების ზღვარგადასულ ამბიციებს, - შევინარჩუნოთ ერთიანობა, მოვუხმოთ გონებას, რამეთუ უფრო რთული და სახიფათო პოლიტიკური გამოწვევებისთვის გაგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ განახლების პროცესებს, გამოვიყენოთ ჩვენი ადამიანური რესურსები და ინტელექტუალური პოტენციალი აფხაზეთის პრობლემის მოგვარების და დევნილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭო

ქ.თბილისი, 15.07.2013

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions