ინტერვიუ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ჯემალ გამახარიასთან

 

გაზეთ “კვირის ქრონიკაში“ (17-23 ივნისი, #24) ჟურნალისტ ხათუნა ელბაქიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს ეხება. მასში რატომღაც ხშირად იხსენიება დეპუტატი ჯემალ გამახარია, რომელსაც ვთხოვეთ კომენტარი.

კორ: ბატონო ჯემალ, თუ გაეცანით “კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ მასალას?

ჯ.გ. - სისულელეებს, როგორც წესი, არ ვკითხულობ, მაგრამ კოლეგებმა და მეგობრებმა პირდაპირ მაიძულეს გავცნობოდი წერილს და მასზე გარკვეული რეაგირება მომეხდინა. წინასწარ ბოდიშს მოვუხდი ჟურნალისტს, ფოტოსურათის მიხედვით, მშვენიერ ქალბატონს ხათუნა ელბაქიძეს. აშკარაა, რომ სიბინძურითა და სისულელეებით სავსე მასალა მას გარკვეულმა პიროვნებებმა მიაწოდეს. ჟურნალისტს მეტი რა უნდა - მანაც ეს ყველაფერი ერთად აკინძა...

 

კორ: თუ იცით, ვინ არიან ის პიროვნებები?

 

ჯ.გ. - იმ ადამიანების ვინაობა ძალიან დიდი ალბათობით ჩემთვის და ყველა ჩემი კოლეგისთვის ცნობილია. წერილის მომზადებაში უშუალოდ და ირიბად რამდენიმე პიროვნება მონაწილეობდა. მათი მახინჯი სახეები ჩანს სტრიქონებს შუა, იმ ყალბ ფრაზებში, რომლებითაც გაჯერებულია “ქრონიკის“ პუბლიკაცია. წერილის ნამდვილ ავტორებს, მოდით, პირობითად, სირაქლემები დავარქვათ, ცარიელი თავები რომ დამალეს, სხეულის უკანა ნაწილები კი - სააშკარაოზე რომ გამოფინეს. რადგანაც ინტერვიუზე დამიყოლიეთ, მზად ვარ მაგ სირაქლემებს “ვეკამათო“, შეცდომაში შეყვანილ ჟურნალისტთან კი (ძნელი წარმოსადგენია, ის იყოს მოსყიდული, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ) პრეტენზიები არ მაქვს.

 

კორ: თუ შეიძლება, ვისაუბროთ წერილში დასმულ საკითხებზე. პირველ რიგში, მაინტერესებს რა სამართალდარღვევებია ვახტანგ ყოლბაიასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში?

ჯ.გ. - არავითარი დარღვევა იმ გადაწყვეტილებებში არ არის. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ბუნებაში არ არსებობენ ჩვენს მიერ ამ შემთხვევაში დარღვეული კონსტიტუციები და კანონები. იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, სხვა უფრო სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები არ გვაძლევდა. გადაწყვეტილება კი აუცილებლად მისაღები იყო, რისი უფლებამოსილება მხოლოდ უმაღლეს საბჭოს გააჩნია. აფხაზეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ქვეყნისა და ავტონომიის კონსტიტუციებს, არის კანონიერი. ეს კარგად იციან ან უნდა იცოდნენ ოპონენტებმაც.  ჩვენს მიერ ვითომ დარღვეულ ნორმებს, რომლებიც წერილშია მითითებული და რომლებითაც სირაქლემები მუდმივად ჟონგლირებენ, უმაღლესი საბჭოს ”უკანონო” გადაწყვეტილებასთან კავშირი არა აქვთ.

 

მაგალითად, გვეუბნებიან, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასულ დეპუტატს კი არ უჩერდება, არამედ უწყდება უფლებამოსილებაო; ამით თქვენ არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიეთო. ამ ადამიანებს შეცდომაში შეჰყავთ ჟურნალისტიც და, შესაბამისად, საზოგადოებაც. უმაღლესი საბჭოს არსებობის მანძილზე, ავტონომიური კანონმდებლობის შესაბამისად, სულ ასე ხდებოდა - დეპუტატთა რიგებიდან ავტონომიის აღმასრულებელ სტრუქტურებში დანიშნულ პირებს ყოველთვის უჩერებდნენ უფლებამოსილებას. ეს არის არა კანონდარღვევა, არა წინააღმდეგობა ფედერალურ და ავტონომიურ კანონმდებლობებს შორის, არამედ განსხვავება მათ შორის. ეს განსხვავება განპირობებულია აფხაზეთის როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შედარებით მაღალი სტატუსით (რაც თავისთავად გულისხმობს აუცილებლობის შემთხვევაში განსხვავებული რეგულაციების გამოყენებას), დევნილობაში ყოფნით, რაც გამოკლებული დეპუტატის ადგილის შევსების საშუალებას არ იძლევა. წარსულშიც არაერთ ჩვენს დეპუტატს უმუშავია აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მერე კვლავ უმაღლეს საბჭოში დაბრუნებულა. ასეთები იყვნენ და არიან აწ გარდაცვლილი კოლეგები თამაზ ნადარეიშვილი და რენალდ დგებუაძე, აგრეთვე დღეს მოქმედი დეპუტატები აკაკი გასვიანი, რუდიკ ცატავა, დავით გვაძაბია და თამაზ ხუბუა. ერთი სიტყვით, ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთან დაკავშირებით მიღებულ ანალოგიურ,  გადაწყვეტილებაში უკანონო, უჩვეულო და ახალი არაფერია. სხვათა შორის, ბ-ნი ვახტანგი ადრეც იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მუშაობდა გალის რ-ნის გამგებლად და იმავდროულად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ კვლავ უმაღლეს საბჭოში დაბრუნდა. მაშინ ხმაური არავის აუტეხია არც ვახტანგთან და არც სხვა კოლეგებთან მიმართებაში. ჩვენს პრაქტიკაში იყო უფლებამოსილების შეწყვეტის ერთადერთი ფაქტი, როდესაც დეპუტატი ეთერ ასტემიროვა ფედერალურ მინისტრად დაინიშნა. ამ შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ ფედერალური კანონმდებლობით იხელმძღვანელა და ამიტომაც მიიღო ამგვარი, მისთვის ძალიან არასასურველი გადაწყვეტილება. დასასრულს, დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ბრალდებები ჩვენს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა.

 

კორ: რატომ არ შეიძლებოდა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, დეპუტატის ნაცვლად, რომელიმე მინისტრის დანიშვნა?

ჯ.გ. - კარგი შეკითხვაა. დავნიშნავდით მინისტრს თუ დეპუტატს, ორივე შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება იქნებოდა თანაბრად კანონიერი ან თანაბრად უკანონო, რადგანაც აფხაზეთის კანონმდებლობა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ცნებას საერთოდ არ შეიცავს. კანონმდებლობაში არც გადამდგარი მთავრობის წევრებისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხია დარეგულირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც დავნიშნეთ და მთავრობის წევრებსაც უფლებამოსილება გაუგრძელეთ. აფხაზეთის მთელი მთავრობა ან სახლში უნდა წასულიყო, ან მხოლოდ ეს გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. პატივცემულ მინისტრებს (მოვალეობის შემსრულებლებს) უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პირველი ნაწილი არ მოსწონთ, მეორე ნაწილს (მათთვის უფლებამოსილების გაგრძელებას) კი სიამოვნებით ეთანხმებიან (?!). რომ იტყვიან, კომენტარები ზედმეტია.

 

ჩვენ გვსაყვედურობენ, აჭარის ანალოგია სრულად რატომ არ გამოიყენეთ და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად რომელიმე მინისტრი რატომ არ დანიშნეთო. აჭარის ანალოგიის გამოყენება შეეძლო უფრო გიორგი ბარამიას, ვიდრე უმაღლეს საბჭოს. აჭარის კონსტიტუციისა და მთავრობის შესახებ კანონის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას, მის მოვალეობას მოქმედი თავმჯდომარის მიერ წინასწარ დანიშნული მინისტრი ასრულებს. ეს ყველაფერი უმაღლესი საბჭოს ჩარევის გარეშე ხდება. ჩვენთან კი სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო. აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურაში არ არის მოადგილე, არ იყო წინასწარ დანიშნული მინისტრიც, რათა ან ერთი, ან მეორე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ავტომატურად შესდგომოდა. ამ ვითარებაში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სწორედ უმაღლესი საბჭოა ერთადერთი უფლებამოსილი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ხანგრძლივი და ფართო კონსულტაციების შემდეგ მან მიიღო კიდევაც გადაწყვეტილება, რომლის შეცვლას არ აპირებს. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დახმარებით უმაღლესი საბჭო უახლოეს ხანებში დიდწილად შეავსებს აფხაზეთის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს. ამის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარეც დაინიშნება, მერე ყველაფერი დალაგდება და მსგავს გაუგებრობებს მომავალში ადგილი არ ექნება. ხომ ხედავთ, რამდენი ხარვეზი და კოლიზიებია ფედერალურ კანონმდებლობაში. ვის და რატომ უკვირს, თუ იგივე მდგომარეობაა დევნილობაში მყოფი ხელისუფლების მიერ შექმნილ კანონმდებლობაშიც. ძალიან მალე ცენტრშიც და ჩვენს ავტონომიაშიც ეს პრობლემა მოგვარდება.

 

კორ: წერილში ნათქვამია, რომ უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისია არ ეთანხმება უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. ამაზე რას იტყვით?

ჯ.გ. - დავიწყოთ იქიდან, რომ აღნიშნული კომისიის წევრთა უმეტესობამ ხმა მისცა ბ-ნი ვახტანგის დანიშვნას. როგორც კი ვითარება გართულდა, მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა სცადეს და მოახერხეს რამდენიმე დეპუტატის გადაბირება. ისინი დაარწმუნეს იმაში, რომ “ზემოდან“ მითითებით ბ-ნ ვახტანგს მალე გაათავისუფლებდნენ, მას მიაყოლებდნენ გია გვაზავასაც, რასაც ხელისუფლების ორივე შტოში “თანამდებობების ცვენა“ მოჰყვებოდა. ხუთმა თუ ექვსმა დეპუტატმა უმალვე “გადაინაწილა“ ძირითადი “განთავისუფლებული“ თანამდებობები. იმავდროულად ხუთმა კაცმა საჩქაროდ დატოვა თავისი ძველი ფრაქცია და ახალი ჩამოაყალიბა. მოხდა ისე, რომ ხუთივემ ერთ - იურიდიულ კომისიაში მოიყარა თავი, სადაც მათ უმრავლესობაც შეადგინეს. მოგეხსენებათ, როცა ახალი ფრაქცია ყალიბდება და პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფება ხდება, რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული პროცესი უმალვე აისახება კომისიების შემადგენლობაზე. ეს კარგად იცოდნენ ჩვენმა კოლეგებმაც, ამიტომ იჩქარეს, არ დაელოდნენ კომისიების განახლებას ფრაქციების კუთვნილი კვოტების შესაბამისად და ასე გამოაცხვეს ის გადაწყვეტილება, რომელზეც არის საუბარი. არსებითად, ეს არის არა იურიდიული კომისიის, არამედ ხუთკაციანი ფრაქციის გადაწყვეტილება. ა/წ 5 ივნისიდან კომისიები პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შესაბამისადაა დაკომპლექტებული და, ბუნებრივია, იურიდიული კომისია ბათილად მიიჩნევს გაზეთში ნახსენებ უკანონო გადაწყვეტილებას.

 

კორ: რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რომ გია გვაზავას თავმჯდომარეობის ვადა ა/წ ივლისში ეწურება?

ჯ.გ. - ეს ტყუილი და მასზე მიბმული წიაღსვლები თავიდან ბოლომდე ზემოთ ნახსენები სირაქლემების - ამ წერილის ნამდვილი ავტორების გამოგონილია, რომლებმაც ჟურნალისტი უსინდისოდ მოატყუეს. ბ-ნ გიას ვადა მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე უმთავრდება, რის შემდეგაც თავმჯდომარის თანამდებობაზე იგი კენჭს ვერ იყრის. ამიტომ მას არაფერში სჭირდება იმ წვრილმანი ინტრიგების ხლართვა, რაზეც წერილშია საუბარი.

 

კორ: რა ურთიერთობა გაქვთ, ან გქონდათ როლანდ ახალაიასთან?

ჯ.გ. - ეს ადამიანი ერთადერთხელ მყავს ნანახი, როცა ის სრულიად მოულოდნელად დევნილთა ერთ-ერთ ჩასახლებაში მოვიდა, სადაც მე ბევრად უფრო ადრე ვიყავი მისული, ვსწავლობდი რა რეგიონში დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს. ჩასახლებაში ბევრი წიგნიც მივიტანე და დევნილებს ვაჩუქე. როცა იქ შეკრებილ საზოგადოებას რეგიონში ჩემი მივლინების შედეგად შედგენილ დასკვნას ვაცნობდი დევნილთა ჩასახლებების კატასტროფული მდგომარეობის შესახებ და თან ახალ ფაქტებსაც ვიწერდი, ყველასათვის მოულოდნელად ბ-ნი როლანდი თავისი ამალით მოგვადგა. დევნილები მას თბილად შეეგებნენ. რა თქმა უნდა, მე როგორც ოფიციალური პირი იქვე შევხდი ბ-ნ როლანდს, გავაცანი ჩემი დასკვნის მოკლე შინაარსი და ვთხოვე დევნილების დახმარება, ბოლოს კი წიგნიც ვაჩუქე. ეს შემთხვევითი შეხვედრა 15-20 წუთს თუ გრძელდებოდა. არც მანამდე, არც შემდგომში არანაირი ურთიერთობა მასთან არ მქონია. ასეთია ჩემდამი წაყენებული “ბრალდების“ ფაქტობრივი მხარე. მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სირაქლემების პატარა კაცობის წარმოჩენა. ჭეშმარიტ პატივისცემას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენიდან გამომდინარე, მაღალ თანამდებობაზე მყოფ გავლენიან პირებს უპირისპირდებიან მაშინ, როცა ისინი თავიანთი დიდების ზენიტში იმყოფებიან. ის თხუნელები კი, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სოროებიდან გამოძვრებიან და ძალაუფლებადაკარგულ ადამიანებთან იწყებენ “ბრძოლას“ (სამართალდამცავ ორგანოებს არ ვგულისხმობ), სასაცილოდ გამოიყურებიან. ასეთებს ზუსტად მიესადაგება მეგრული სიტყვა “ჩიჩიე“. ადამიანთა ამ კატეგორიის განსახიერებას წარმოადგენენ ჩვენი სირაქლემებიც. ერთი ჩამახედა იმათ თავებში (თუმცა იქ ვერაფერს ნახავ), ვისაც ძველი ხელისუფლების სახეებთან არა თუ შემთხვევითი შეხვედრები, არამედ ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობები “სკანდალად“ და კომპრომატად მიაჩნიათ. ნამდვილი სკანდალია XXI საუკუნეში მსგავსი მორალის ადამიანების არსებობა. ეს ხომ ველურობაა. მარტო დღევანდელი ხელისუფლების რიგებში, მათ შორის ზედა ეშელონებში უამრავი ისეთი ადამიანია, ვისაც სხვადასხვა დროს როლანდ ახალაიასთან და მისნაირ “ხალხის მტრებთან“ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ამ თემაზე საუბარი იმით მინდა დავასრულო, რომ ჩვენი “ჩიჩიე“ სირაქლემები არასოდეს ყოფილან რომელიმე ხელისუფლების ოპოზიციაში. პირიქით, ისინი ყოველთვის მოქმედი ხელისუფლების ლაქიები იყვნენ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლებოდა, მათ ვერავინ დაასწრებდა ძველი რეჟიმის “კრიტიკას“ და ახალის ქება-დიდებას. უფრო მეტი ზნედაცემულობა წარმოუდგენელია. ასეთი ადამიანები ძალიან სახიფათონი არიან ნებისმიერი ხელისუფლებისათვის.

 

კორ: ორჯერ მონათვლასაც გაბრალებენ... ამაზე რას იტყვით?

ჯ.გ. - რაც ამის თაობაზე გაზეთში წერია, გახლავთ ადამიანის, ჩვენს შემთხვევაში სირაქლემას, ზნედაცემულობის უკიდურესი გამოვლინება. როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მეც ერთხელ ვარ მონათლული. დაბადებისთანავე ჩემს ნათლიად სახელდებული დიდებული პიროვნება ისე გარდაიცვალა, რომ მას არ მოუნათლივარ. ამიტომ მოვინათლე საკმაოდ გვიან. ეს მოხდა მოსკოვის ქართულ ეკლესიაში 1997 წელს. მომნათლა არა ჯერ არარსებული ნაციონალების ფავორიტმა, რომელიც ვითომ თანამდებობებს არიგებდა (აქედანაც კარგად ჩანს სირაქლემების ზნედაცემულობა, მათი აზროვნების სტილი და გონებაშეზღუდულობა), არამედ შევარდნაძის რეჟიმის მიერ სამშობლოს ღალატის ბრალდებით ძებნილმა გურამ აბსანძემ. იმჟამად მისი ნათლულობა იყო არა თანამდებობის მიღების, არამედ დაპატიმრების მყარი გარანტია. ჩემი მონათვლიდან ერთი წლის შემდეგ იყო ე. შევარდნაძეზე თავდასხმა, მერე - გურამის დაპატიმრება, გასამართლება და ბოლოს განთავისუფლება, რაშიც მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე. 2003 წელს, როცა გურამი მართლა ნაციონალების ფავორიტი გახდა, პოლიტიკაში ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყარა და ამას მოჰყვა ის არასერიოზული განცხადება. გურამის განცხადებას პრესის ფურცლებზე მაშინათვე საკმაოდ ვრცელი პასუხი გავეცი და მისი საქციელი შევაფასე როგორც მცირემორწმუნეობის თუ სრული ურწმუნეობის გამოვლინება. მიუხედავად ყველაფრისა, გურამს პატივს ვცემ როგორც ნათლიას და როგორც კარგ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, მკითხველებმა სათანადოდ უკვე შეაფასეს ნათლისღების წმინდა თემის გაუკუღმართებულად წამოწევით სირაქლემების მიერ გამოვლენილი სიმდაბლე და არაკაცობა.

 

კორ: წერილში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი გია გვაზავასთან თქვენს ძველ დაპირისპირებას. რა იყო ამის მიზეზი?

 

ჯ.გ. - ერთ-ერთმა სირაქლემამ ყველაფერი “ჩამოუწიკწიკა“ ჟურნალისტებს, გარდა უმთავრესისა, არსებითისა, რის გარეშეც წერილში მოტანილი ფაქტები სუფთა წყლის პროვოკაციას წარმოადგენენ და მეტს არაფერს. მან (სირაქლემამ) ჟურნალისტს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები მიაწოდა, კიდევ ერთხელ მოატყუა და დაუმალა ის, რომ წერილში მითითებული და სხვა ფაქტებიც სწორედ გია გვაზავას მოთხოვნით დეტალურად შეისწავლა კონტროლის პალატამ და ვერაფერი საგანგაშო ვერ აღმოაჩინა. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, შემოსული საჩივრები სპეციალურმა შიდა კომისიამაც შეისწავლა, რომელმაც ასევე ვერ აღმოაჩინა დარღვევები. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი სირაქლემები შემთხვევით არ ამახვილებენ ყურადღებას. თავიანთი მიზნები მათ ჟურნალისტის მეშვეობით გაახმოვანეს: “თუ პროკურატურა მოისურვებს, მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ამ დოკუმენტს, რომლითაც გამახარია ... ამხელს გია გვაზავას“. სირაქლემებმა მშვენივრად იციან, რომ გამახარიას არანაირი საჩივარი გია გვაზავაზე ან სხვა ვინმეზე არასოდეს დაუწერია, იგი მხოლოდ პრეზიდიუმის ყველა წევრის სახელზე შემოსულ საჩივარზე ახდენდა რეაგირებას და იმ საჩივრებში მოტანილი ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვდა. ეს მოთხოვნა, თუ ასე შეიძლება ითქვას, გადაჭარბებით შესრულდა, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. კონფლიქტიც ამით ამოიწურა. მივიწყებული თემებით მანიპულირება სირაქლემებს გია გვაზავაზე და უმაღლეს საბჭოზე ზეწოლისთვის სჭირდებათ, ამიტომაც იმუქრებიან პროკურატურით, სადაც, სხვათა შორის, წერილში გამოქვეყნებულ მასალებს ორი წელიწადია, კარგად იცნობენ.

 

კორ: თქვენს მიერ ნათქვამს კიდევ რას დაუმატებდით?

 

ჯ.გ. - სამწუხაროდ,  ჩვენი სირაქლემების მიერ შეთითხნილი წერილი, სადაც სხვა სისულელეებიც ბლომადაა (მარტო ის რად ღირს, რომ ვახტანგ ყოლბაია და მისი მომხრეები ვითომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს?!?!), უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და არა რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. თავად განსაჯეთ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის კანონიერება-უკანონობის თაობაზე მიმდინარე დისკუსიასა და ჩემს მონათვლას შორის? რა თქმა უნდა, არა. წერილში ”განხილულ” სხვა თემებსაც, ცხადია, ზემოხსენებულ დისკუსიასთან არანაირი შეხება არა აქვთ. სირაქლემები იმდენად დაბნეულები და გაბოროტებულები არიან, რომ არ იციან რას აკეთებენ ან მომავალში რა აკეთონ. ამიტომაც გულზე გამსკდარნი და დაბოღმილნი მათთვის „საშიში“ პიროვნებების ლანძღვა - გინებაზე არიან გადასული, რათა ოდნავ მაინც თავი დაიმშვიდონ და ახალი ენერგიით კვლავ შეუდგნენ თავიანთ ბინძურ საქმიანობას. ისე, კაცმა რომ თქვას, მეტი რა უნდა აკეთონ ამ საცოდავებმა...

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions