თამაზ ნადარეიშვილს დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა

დაბადების დღე ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. 19 ივლისი ბატონი თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა. მისი გარდაცვალებით სამშობლოს გამთლიანებაზე და თანამემამულეთა გადარჩენაზე ფიქრს კიდევ ერთი ღირსეული, სულით გაუტეხელი და თავგანწირული მებრძოლი გამოაკლდა, ხოლო დიდებულ ოჯახს სამაგალითო მეუღლე, მამა და ბაბუა. ნოსტალგიით შეპყრობილი, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ჩვენ განსხვავებულად ვხედავდით აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის ქართული სახელმწიფოს სტრატეგიის რეალიზების ვერსიებს, მაგრამ პიროვნული მეგობრობა ჩვენი მამების ძმობითა და გაგრისადმი სიყვარულით იყო დაღდასმული. მისი უდიდესი ღირსება ის იყო, რომ ცდილობდა წინააღმდეგობა არ გაეწია და არ ეღალატა თავისი სინდისის, რწმენისა და მთავარი მიზნისათვის, ეთქვა და ეკეთებინა ის, რასაც ფიქრობდა, რასაც სწორად თვლიდა. იგი ჭეშმარიტად ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. თამაზ ნადარეიშვილის გულმა ვერ გაუძლო გარეშე და შინაური მტრების ერთდროულ შემოტევებს. უსამართლობამ პოლიტიკოსსა და გენერალს სიცოცხლე წაართვა, მაგრამ ვერ წაართვა უკვდავება.

უფალმა ნათელში ამყოფოს უაფხაზეთობით გარდაცვლილი, აფხაზეთის გულდამწვარი ჭირისუფალი.

ზურაბ ერქვანია

ქ. თბილისი

2013 წლის 19 ივლისი
Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions