მურმან კვარაცხელია: “აფხაზეთის დაკარგვა - ვაშინერს, ჩემო სამშობლო!“

 

ტკივილი, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია განუკურნებელ იარად იქცა. ქართველები ვერასოდეს შეეგუებიან ამ ულამაზესი მხარის დაკარგვას. ცხრა წლის წინ ინტერვიუ მქონდა აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, პროფესორ მურმან კვარაცხელიასთან. სურვილი გამიჩნდა კვლავ შევხვედროდი ჩემთვის საინტერესო რესპოდენტს.

 

ბატონო მურმან, პირველი ინტერვიუ თქვენთან ცხრა წლის წინ ჩავწერე. საოცარი სევდა და ტკივილი სდევდა თან დაკარგული მშობლიური გარემოს გახსენებას. ცნობილი გამონათქვამია: დრო ყველაფერს კურნავსო. როგორ ფიქრობთ, განვლილმა წლებმა თუ შესძლო, ოდნავ მაინც გაენელებინა ის მწუხარება?


- ერის მამა, დიდი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია წარსულის ფესვებთან აბსოლუტური მოწყვეტა. არც წარსულში ჩარჩენაა პროგრესის საწინდარი. ამდენად, ჩემთვის ძალიან ძნელია იმ ბავშვობის, იმ ახალგაზრდული წლების, იმ მიწისა და იმ მხარის დავიწყება, რომლებიც უსაშველოდ გემშობლიურება. ბუნებრივია, ადამიანი მხოლოდ წარსულში ვერ დარჩება, ცხოვრებას დღევანდელობით მიჰყავხარ წინ, მაგრამ ეს ყველაფერი წილნაყარია იმ მიწის სიყვარულთან, რომელსაც შენი ოდაბადე ჰქვია, სადაც ბავშვობის აკვანი დარწეულა, სადაც შენი წინაპრების ნაოფლარი, ნაამაგარი ნერჩი (ნიადაგი) გეძახის. ვერანაირი დრო ვერ გაანელებს ვერც ტკივილს და ვერც იმ მიწის მონატრებას. ორი ათეული წელია ჩემი სახლ-კარი არ მინახავს. ხშირად მესიზმრება, რომ ოთახებში დავდივარ და დედას დავეძებ. გამოღვიძებულს საშინელი განცდა მეუფლება. ამ ტკივილის განცდას არავის ვუსურვებ. მე დავიარები ჩემს ქვეყანაში, მაგრამ დავეძებ მშობლიურ სურნელს, რომელიც იქ დარჩა, რომელსაც ვერაფერი შემიცვლის. ხშირად მგონია, რომ ჰაერი არ მყოფნის. აი ესაა, რითაც ძალიან გავღარიბდი, რითაც ძლიერი ვიყავი. ტირის ფესვები, რომელიც იქ უღვთოდ გადამიჭრეს. მათგან ერთდროულად ცრემლიც მოედინება და სისხლიც.

 

როდესაც ჩენნაირი ქვეყანა კარგავს თავის უმშვენიერეს ნაწილს, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა იყო ამის მიზეზი, გარდაუვალი განაჩენი მეზობელი სახელმწიფოსგან თუ ჩენი ხელისუფლების პოლიტიკური ფიასკო?

 

- ერთიც და მეორეც. ისტორიულა რუსეთმა როგორც კი გააცნობიერა კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა, მისი ოცნება გახდა აბსოლუტური კონტროლის დაწესწბა მასზე. ამისათვის რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა. მის წარმატებებს ხელი შეუწყო იმანაც, რომ კავკასია ყველა დიდი დამპყრობელის ობიექტი იყო. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სიძლიეე საკმაოდ შერყეულიყო. ცნობილი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე კარგად წერს თავის „დედა ისტორიაში“: „ სამი მსოფლიო მონარქია - რუსეთი, ოსმალეთი და ირანი - არასოდეს ისე მძაფრად არ დაპირისპირებიან ერთმანეთს, როგორც იმჟამად. სამივეს ძალიან „სჭირდებოდა“ საქართველო და საქართველოს ისღა დარჩენოდა, არჩევანი გაეკეთებინა. მისი არჩევანი კი უყოყმანოდ რუსეთი იყო“. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა გახდა დიდი რუსეთის კოლონია. საბჭოთ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა აღმოჩნდა ბევრი პრობლემის წინაშე. გეოგრაფიული მდებარეობის გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გაუჩნდა ისეთ ძლიერ ალიანსს, როგორიცაა „ნატო“. ქართველების ოცნებად გადაიქცა ამ დიდ გაერთიანებაში შესვლა. ამ ფაქტმა გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან ყველასთვის კარგადაა ცნობილი „ნატოს“ შექმნის ისტორია. ძლიერი რუსეთი კი, რა თქმა უნდა, თავის ყურისძირში მისადმი დაპირისპირებული ალიანსის ჯარს არ შეეგუებოდა. აი, ასეთი მძიმე პოლიტიკური სურათი წარმოიქმნა ახლადჩამოყალიბებული დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ განჭვრიტა არსებული რთული რეალობა. სწორედ ამის შედეგია აფხაზეთის დაკარგვა. მივიღეთ პოლიტიკური ფიასკო. უამრავი ქართველი კმაყოფილია იმით, რომ ამერიკა და ევროპაც ეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სიტყვიერი თანადგომის გარდა ჩვენ ვერაფერი მივიღეთ. მხოლოდ ორი სიტყვა გახდა მათ ლექსიკონში პოპულარული: „აღშფოთება“ და „შეშფოთება“. „ნატო“ დღეს ჩვენთვის, სამწუხაროდ, გახდა აუხდენელი ქიმერა.

 

ძალიან რთულია იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართველობა შეწყვეტს ფიქრს აფხაზეთის დაბრუნებაზე. ძალიან ბევრს დაკარგული აქვს იმედი. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა შესაძლებლობა აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარებისა?

 

- ხშირად მეც გამჩენია ანალოგიური განწყობა და უიმედობას შევუპყრივარ. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება. მეგრულ ენაში ერთი სიტყვაა - „ვაშინერს“, რომელიც ქართულად ნიშნავს აკრძალვას, ტაბუდადებულს. ოღონდ ეს აკრძალვა ჩვეულებრივი არაა, უფრო ღვთაებრივისკენ იხრება. ამიტომაც მეც ვიტყოდი: აფხაზეთის დაკარგვა - ვაშინერს, ჩემო სამშობლო! ეს იქნება მთლიანად ქართველი ერის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი ისტორიული დანაშაული, რომელსაც არ გვაპატიებს მომავალი თაობა და თვით მამაზეციერი. თავისი არსებობის მანძილზე ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არის ტოლერანტი ერი. არასოდეს გაგვჩენია აგრესია სხვა ერების მიმართ, პირიქით, მსოფლიოში განთქმულია ქართველის სტუმარმასპინძლობა. ჰარმონიულად ვცხოვრობდით აფხაზებთანაც და ოსებთანაც. სამივე ერი გავხდით პლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლნი. სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს პოლიტიკური ამბიციების შუაგულში. ამიტომაც აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მაგრამ ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ბედის გადაწყვეტის გასაღები არის ისევ ჩვენს ხელში და სწორად წარმართულ პოლიტიკურ დიპლომატიაში. ლოგიკური კანონზომიერებაა, ვინც გართმევს მასთან უნდა აღადგინო ურთიერთობა. ოცი წელი საკმარისია იმისათვის, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ წარმატებულ შუამავლად არ გამოგვადგა არც ამერიკა და არც ევროპა. დროა ჩვენ ვისწავლოთ აკადემიური სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვნახოთ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების რესურსი. სავსებით ვეთანხმები ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომელიც განაცხადა ევროპარლამენტში. ჩვენ უნდა გავხდეთმისაბაძი ქვეყანა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. მათ შორის, რა თქმა უნდა, აფხაზებისა და ოსებისთვისაც. ისინი ეჭვიც არ მეპარება, რომ კვლავ ისურვებენ ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას. ამაში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ, თუ გვინდა დავიბრუნოთ ყველაზე სანუკვარი, მზად უნდა ვიყოთ მეგობრული ხელის გაწვდენისთვის. ისიც ხომ ცნობილია, რომ არც აფხაზია ნაკლები კულტურის მქონე ერი. რეალურად მომხდარი ფაქტია, რომ აფხაზმა მამამ შვილის მკვლელი შეიფარა და სასიკვდილოდ არ გაწირა. ეს დაედო აფხაზი მწერლის ლეონიდ ლაკერბაის შესანიშნავ მოთხრობას საფუძვლად. ჩვენ, ქართველები კი - ვეფხისა და მოყმის ბალადის შემქმნელები ვართ. ასე, რომ ბუნებაში ვერ ვხედავ სხვა გზას, გარდა ურთიერთობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა, იმ ჩტეხილი ხიდის გამთლიანებისა, რომელიც კვლავ დაგვაახლოვებს ერთმანეთთან. ყველამ ვიცით, რომ ამ აზრისაა ამერიკაც და ევროპაც...ორივე ერმა დიდი გზა განვვლეთ, დიდი გამოცდაც გამოვიარეთ, ბევრი ღირებულიც ერთად ვაშენეთ, ოჯახებიც ერთი შევქმენით, სისხლით და ხორცით გადავეჯაჭვეთ ერთმანეთს და ეს წარსული უნდა გახდეს საცნაური და მკვიდრი ბალავარი შემდგომი ერთად ყოფნისა. გაუცხოვება და სხვადასხვა ნაპირზე დგომა შეუძლებელია გაგრძელდეს მარადიულად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლის წაგებიდან ომის წაგებამდე შორი მანძილია. ქართველების სვე-ბედი კი რატომღაც საუკუნეების მანძილზე თითქოს ჩვენთან ერთად ნაშობ ომების ველზე მიდიოდა, ხან ვმარცხდებოდით და ხან ვიმარჯვებდით, მაგრამ იმედს არასოდეს ვკარგავდით.

 

ბატონო მურმან, სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთის თემა თითქოს დავიწყებას მიეცა. საზოგადოებაში ამ მხრივ აქტიურობა აღარ ჩანს. დუმილია როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე ინტელიგენციისგანაც. აფხაზეთის ხელისუფლების, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი თქვენც ბრძანდებით, მუშაობა გამოიხატება მხოლოდ დევნილთა სოციალური პრობლემის მოგვარებაში. არადა მთავარი მიზანი ხომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიებაა?

 

- სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსთა ვაჭრობისა და ამბიციების საგანი ხდება აფხაზეთის პრობლემატიკა.. თუმცა მათგან წარმატებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ვერავინ გვთავაზობს პრობლემის მოგვარების ოპტიმალურ სქემას. სასწრაფოდ უნდა მოხდეს როგორც პოლიტიკური გამოცდილების მქონე, ასევე ახალგაზრდა ძალების გაერთიანება ახალი გზების ძიების საქმეში. ამ მხრივ საინტერესო თაობა მოდის და მათი ხედვები ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ჩვენისგან. უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება და არა იგნორირება. აღსანიშნავია, რომ ბევრი უკვე ცნობადი სახე ჯიუტად გაიძახის „უჩემოდ ვით იმღერეთას“. მათ ავიწყდებათ, რომ თუ შენ არა ხარ წარმატებული, გზა უნდა დაუთმო სხვას, მაგრამ ვერ შელევიან თბილ თბილ სკამებს. ამით ზარალდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. ახალი ხელისუფლების მოსვლასთან დაკავშირებით ქვეყნის უამრავი პრობლემა ახლებურად იქნება გააზრებული, მათ შორის აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაც. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სხვა ენერგიითა და ხედვით შევუდგეთ მუშაობას. ჩვენ წინ გვაქვს აჭარის ნათელი მაგალითი. იგი თითქმის სამი საუკუნე იყო მოწყვეტილი დედასამშობლოს, მაგრამ, ალბათ, განგების ნებით კვლავ ჩვენთანაა. ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, ზნეობრივად, ჭკვიანურად, რათა მივაღწიოთ სასურველი სამართლიანობის აღდგენას.

 

ძალიან კარგია ისეთ დიდ სახელმწიფოსთან მეგობრობა როგორიც ამერიკაა, მაგრამ აგერ სულ ახლოს მყოფ რუსეთთან ძალიან გაგვიფუჭდა ურთიერთობა, საერთო ენის გამოლნახვის შესაძლებლობები. რა აღმოჩნდა ამის მთავარი მიზეზი?

 

- ამის მტავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ არა მარტო გარეშე ფაქტორებში, არამედ ჩვენშიც, ჩვენ მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებში. თავიდანვე უნდა გვცოდნოდა, რომ ორი ზესახელმწიფო ჩვენი გულისთვის არ გაიფუჭებდა ურთიერთობას. საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების დაიმედებით, ჩემი ღრმა რწმენით, ამერიკამ ერთგვარი გამოცდის წინაშე დააყენა რუსეთი. ეს უკანასკნელი კი არ შეგუა თავის გვერდით მყოფ სახელმწიფოში „ნატოს“ ინტერესების განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი გახდა საერთო ენის გამონახვა ჩვენსა და რუსეთს შორის, თუმცა, თუ იქნებოდა სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი შევძლებდით მეზობელთან ურთიერთობის წსრმართვას ჩვენდა სასიკეთოთ. კიდევ ერთი ფაქტორია საქართველოსთვის დამღუპველი, რატომღაც ფიქრობს, რომ მის ბედს კეთილად გადაწყვეტს ან ამერიკა, ან ევროპა. იმედია ამ ოცმა წელმა მიახვედრა, რომ თავის ოჯახს თვითონ უნდა მიხედოს.

 

ხშირად მსმენია, რომ ომით წართმეულს, მშვიდობით ვერ დაიბრუნებ. ბუნებრივია, რთულია დავივიწყოთ იქ დატრიალებული ტრაგედია, მაგრამ გვმართებს თუ არა ორივე ერს - აფხაზებსაც და ქართველებსაც ურთიერთმიტევება, რთული არ იქნება ამის მიღწევა?

 

- ამ ომში ორივე ერი წაგებული აღმოვჩნდით. ქართველები უფრო მეტად, რადგან მოგვწყვიტეს საკუთარ კერიებს. უცებ ყველაფრით უზრუნველი ოჯახების მქონენი აღმოვჩნდით სასტიკ გაჭირვებასა და სიღარიბეში, მოვექეცით როგორც ეკონომიკურ, ასევე მორალურ წნეხში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვალენი ვართ ორივე ერმა გამოვნახოთ ის დიდი სულიერი ძალა, რომელიც მიტევებას შეგვაძლებინებს. მე მესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი. სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმ მოსაზრებისა, რომ ომით წართმეული ომით დავიბრუნოთ. ჯერ ერთი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ ვის ვეომებოდით. ამ მეთოდით მასთან ვერასოდეს გავიმარჯვებთ. თუ კვლავ დაიღვრება სისხლი, ეს გააჩენს საბოლოო უფსკრულს. ჩვენ ხომ ქრისტიანი ერი ვართ, მის მცნებებზე აღზრდილი. ხომ არ გვავიწყდება ადამიანთა ურთიერთობის მთავარი ბერკეტი: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი“. მგონია, რომ ქართველებიც და აფხაზებიც მსოფლიოს დავანახვებთ კარგ მაგალითს, რა თქმა უნდა, ამის მიღწევას დიდი ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება.

 

P.S. ბატონ მურმანთან საუბრის დამთავრების შემდეგ დიდი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ბრწყინვალე ლექსი გამახსენდა „აფხაზური კანტატა“. თითქოს გული უგებდაო ავტორს ისეთი სევდანარევი სიძლიერით გამოხატა ამ ორი ერის თანაცხოვრება. ამიტომაც მისი სიტყვებით მინდა მივმართო ჩემს საყვარელ აფხაზეთს: „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.

 

 

მაია გელიაშვილი

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions