აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უმაღლესი საბჭოს წევრის გერმანე ფაცაციას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს

 

 



გერმანე ფაცაცია


აფხაზეთის საზოგადოებამ, სრულიად საქართველოს ინეტელიგენციამ, პოლიტიკურმა ელიტამ, ეროვნულმა მოძრაობამ უმძიმესი დანაკარგი განიცადა. 62 წლის ასაკში ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა აფხაზეთის პრობლემის ჭეშმარიტი ჭირისუფალი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკური მებრძოლი, აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ღირსეული მამულიშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს უზენაესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის წევრი (1991-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გერმანე გერმანეს ძე ფაცაცია.

 

გერმანე ფაცაცია დაიბადა 1951 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ქ.სოხუმის №18 საშუალო სკოლა, 1973 წელს კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ.თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად, 1990-2004 წლებში იყო საქართველოს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი, 1995 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

 

გერმანე ფაცაციას საზოგადოება იცნობდა, როგორც განათლებულ და ერუდირებულ, მჭერმეტყველ და ფართო დიაპაზონის მოაზროვნეს, არაორდინალურ პიროვნებას.

 

ბატონი გერმანე მთელი თავისი ცხოვრება იყო სიმართლისა და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი. ის ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში გამოირჩეოდა იმ დროისათვის მიუღებელი, ძალიან თამამი და თავისუფალი აზროვნებით. მის აზროვნებას ახასიათებდა  ფართო გაქანება და მასშტაბურობა და ვერ იტანდა ჩარჩოებში მოქცევას. მან ყველაფერი მოჭარბებულად იცოდა - მუშაობაც, მეგობრობაც და მოლხენაც.

 

მისი ყოველი საზოგადო გამოსვლა თუ პოლიტიკური პოლემიკა დატვირთული იყო ღრმა ფილოსოფიური და ნათელი აზრებით, რომელთაც აშკარად გადაკრავდა ბუნებრივი მიმზიდველობის სიკაშკაშე ხიბლი.

 

ბატონი გერმანე მიეკუთვნება იმ დიდ პიროვნებათა რიცხვს, რომელსაც მისი დროის ეპოქა შესაბამისად ვერასოდეს აფასებს. მომხიბვლელი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე და კიდევ უფრო საინტერესო ოპონენტი, გამორჩეული მაღალი ინტელექტით, ქართველთათვის დამახასიათებელი თბილი და გონებამახვილი იუმორის ნიჭით და, რაც მთავარია, ქართული სულის ადამიანი, ქართული სულის, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა, მით უმეტეს დღეს ერის საუნჯეს.

 

ყოველი შეხვედრა და საუბარი მასთან მთავრდებოდა ახალი აღმოჩენით ან უკვე კლასიკად ქცეული სტანდარული ნორმების ახლებურად დანახვით და შეფასებით.

 

გერმანე ფაცაციას მოღვაწეობა, ილია მართლის სიტყვებისა არ იყოს, იყო ”მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა, გულმხურვალებით გამთბარი და გოლმოდგინებით წარმართული, ერთგულებით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული”.

 

არ არსებობდა ქვეყნისთვის არცერთი სასიცოცხლო პრობლემა, რომელზეც ბატონ გერმანეს არ გამოუთქვამს თავისი წონადი და ყურადსაღები, ზოგჯერ კი პოლიტიკურად წინასწარმეტყველური მოსაზრება. გარდაიცვალა და თან გაიყოლა უდიდესი ტკივილი - დანაწევრებული საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობა, ფესვებს მოწყვეტილი ”ქართული ნერგის”  - დევნილთა მშობლიურ კუთხეში დაბრუნების პრობლემა, რომლის მოგვარებისთვისაც ძალისხმევას არ იშურებდა.

 

საზოგადოებრივ თავყრილობებში ექსპრომტად წარმოთქმულ გერმანე ფაცაციას ლექსებს მისი ნიჭის თაყვანისმცემლები დრო და დრო იწერდნენ ხოლმე შეძლებისდაგვარად და ცალკე კრებულად გამოაქვეყნეს კიდეც, რომელსაც ვაჟა ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

 

უმწიკვლო და კაცური ცხოვრებით იცხოვრა ეს ხანმოკლე დრო, რომელიც განგებამ მისთვის უხვად მომადლებული ნიჭის დასახარჯად აჩუქა.....

 

ამიტომაც სარგებლობდა ის საყოველთაო სიყვარულით და პატივისცემით, თავის ერუდიციას ჰარმონიულად უთავსებდა თავმდაბლობასა და უბრალოებას.

 

ნამდვილად დააკლდა ამ სამყაროს ასეთი უზადო ნიჭის მრავალმხრივი ინტელექტუალი, რჩეული პიროვნება, სამართლიანი და კაცთმოყვარე.... მისი სიდიდე და ღირსებაც სწორედ ისაა, რომ თავის ნიჭი და შესაძლებლობები მაღალი ზნეობრიობით მოახმარა ყველა საქმეს.... ასეთი ვალმოხდილი წარსდგება იგი უფლის წინაშეც და დაიმკვიდრებს განსასვენებელს, სადაცა მართალნი განისვენებენ.....

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობა

 

 

 

 

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი

საბჭოს პრეზიდიუმის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის გერმანე ფაცაციას სამთავრობო დამკრძალავი კომისიის შექმნის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ა დ გ ე ნ ს:


1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, საქართველოს  უზენაესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრის (1991–2004 წლებში) ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის გერმანე ფაცაციას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიქმნას სამთავრობო დამკრძალავი კომისია (კომისიის შემადგენლობა თან ერთვის).

2. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობას გაიღოს გერმანე ფაცაციას დაკრძალვასთან  დაკავშირებული  ხარჯები.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                        ელგუჯა გვაზავა

 

ქ.თბილისი

11.09.2013წ.

 

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის გერმანე ფაცაციას სამთავრობო დამკრძალავი კომისია

 

1. ელგუჯა გვაზავა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე;

2. გიორგი ქავთარაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;

3. ანზორ წოწონავა –   აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

4. დავით გვაძაბია – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო–საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

5. რაისა ქარაია – აფხაზეთის  ა.რ. უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციის თავმჯდომარე;

6. რუდიკ ცატავა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ახალი აფხაზეთი – სამართლიანობა“–ს თავმჯდომარე;

7. ნუგზარ მგალობლიშვილი – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატი;

8. რევაზ გერგედავა – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  აპარატის უფროსი;

9. თამაზ კვარაცხელია – აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი;

10. ოთარ გარმელია – აფხაზეთის  მთავრობის აპარატის საფინანსო–ეკონომიკური დეპარტამენტის  უფროსი.

 

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის გერმანე ფაცაციას სამთავრობო დამკრძალავი კომისიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გერმანე ფაცაციას – დაკრძალვა შაბათს 2013 წლის 14 სექტემბერს. გამოსვენება ქ.თბილისი ქაშუეთის  ეკლესიიდან 14.00 სთ–ზე, პანაშვიდი – 12–13 სექტემბერს 16 საათიდან, მისამართი : ვაჟა–ფშაველას ქ.N2ა, I სადარბაზო, V სართული.

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions