27 სექტემბერს სოხუმი დაეცა

 

20 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან და აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან. აფხაზეთიდან დევნილთათვის ომის გახსენება მძიმე და ტკივილიანია.

 

1992-1993 წლებში აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი განდევნა მშობლიური მხარიდან, ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე კი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. აფხაზეთის ომს უამრავი მამულიშვილი, გმირი მეომარი შეეწირა.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა, თბილისში, გმირთა მოედანზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

გმირთა მოედნიდან სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ხატით ”ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მსვლელობა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით იქნა დაწერილი. სამების საკათედრო ტაძარში ხატი საქართველოს პატრიარქმა აკურთხა, ქართველთა და აფხაზთა შერიგებისათვის ილოცა და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

გარდა ამისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ”წმინდა ნინოს ოქროს ჯვრით” დააჯილდოვა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას გადაეცა.  ილია II-მ მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების არსებობის მნიშვნელობაზე და სრულიად აფხაზეთის მოსახლეობა დალოცა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა ასევე მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს 23-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ გენო ადამიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავები.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions