გაგრის დაცემის 21-ე წლისთავი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ, აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა 5 ოქტომბერს გაგრის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შემაკეს. იმავე დღეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერში მათი სულის მოსახსენიებელი დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა გადაიხადა.

 

შეგახსენებთ, რომ გაგრაზე შეტევა 1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე დაიწყო. 2 ოქტომბერს მტერმა ქალაქი ალყაში მოაქცია, ქართულმა მოსახლეობამ გაგრა დატოვა. ვინც ვერ მოახერხა, მათ საშინელი სისტიკით გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქუჩებში ეყარა. 5 ოქტომბერს მტრის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, ხელოვნურად შეკოწიწებული და საქართველოს დაპირისპირებული ჩრდილოკავკასიური კონფედერატების, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის, ე.წ. აფხაზური გვარდიის ძალისხმევით განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს.

 

იმ დღეების მოვლენების მონაწილეები იგონებენ.

 

მერაბ ნადარეიშვილი: უკვე 21-ე წელია, რაც ჩვენ ამ ტაძარში ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მე მინდა გაგრელების სახელით ყველა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო და გავამხნევო, რომ უფლის წინაშე დაკარგული არაფერია, მით უმეტეს სამშობლოსთვის წამებულთა სისხლი. მძიმედ გასახსენებელია ის დღეები. ფაქტიურად საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გაიმეტა გაგრა და მერე მთლიანად აფხაზეთიც. ჩვეთვის რომ იარაღი და ტყვია-წამალი მოეცათ, ამ ბრძოლას არ წავაგებდით. გაგრის ბატალიონის გმირები წინახაზზე 30 ტყვიით მიდიოდნენ, წარმოგიდგენიათ ასეთი ომი?

 

როინ ახვლედიანი: ხელისუფლებამ გაგრა უპატრონოდ დატოვა, ფაქტიურად გაწირა. საშინელი არეულობა იყო იმ დროს გაგრაში.  შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ არსებობდა. ყველა დაჯგუფება თუ რაზმი თავისთვის იბრძოდა. ადგილობრივი მოსახლეობა გაგრელებისგან შემდგარ ბატალიონში გაერთიანდა. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. რომელიც საბოლოო ჯამში მაშინდელი სახელმწიფო და სამხედრო საბჭოს ”პოლიტიკის” მძევალი აღმოჩნდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს განგებ ხდებოდა სიტუაცია უმართავი.... 1ოქტომბერს ღამით გაგრა ფაქტიურად უკვე აღებული იყო - ქალაქი ალყაში მოექცა. 2 ოქტომბერს მოსახლეობამ ქალაქი დატოვა.  ტყუპის ცალივით ჰგავს ერთმანეთს გაგრის და სოხუმის დაკარგვა. ორივე შემთხვევას წინ უძღოდა ”შეთანხმებები” - გაგრის შემთხვევაში 3 სექტემბრის, სოხუმის შემთხვევაში კი 27 ივლისის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით ქართული მხარე სრულიად განიარაღდა, ხოლო აფხაზურ მხარეს მთელი საბრძოლო ტექნიკა საკმაოდ ხელმისაწვდომ ადგილას ჰქონდა დისლოცირებული. ცხადია, ასეთ უთანასწორო გარიგებას, შემდგომში კი განახლებულ შეტაკებას  მხოლოდ მარცხი უნდა მოჰყოლოდა.... ეს ყველაფერი მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურის, პირადად ედუარდ შევარდნაძის და სამხედრო საბჭოს ”დამსახურება” იყო.

 

ვენერა რურუა, 1992 წელს გაგრაში მდგომარეობის დარეგულირების საკოორდინაციო საბჭოს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი: ეს იყო მთლიანად აფხაზეთის დაკარგვის დასაწყისი. აფხაზეთი 27 სექტემბერს არ დაკარგულა, ეს დაიწყო 1992 წლის 2 ოქტომბერს, დაგვირგვინდა 5 ოქტომბერს გაგრის დაცემით. გაგრა არ ყოფილა ერთი ჩვეულებრივი საკურორტო ქალაქი, იგი წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს სტრატეგიული თვალსაზრისით - საქართველო-რუსეთის ჩრდილოეთის საზღვარს, რომლის გადმოლახვა დაიწყო 2 ოქტომებრს და დამთავრდა ერთი წლის თავზე, 27 სექტემბერს. ეს იყო მესამე ძალის მიერ კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ბრძოლა, რომელსაც წინააღმდეგობას უწევდა ჩვენი ძალიან ცუდად შეიარაღებული და არაორგანიზებული ჯარი, რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. ჩემთვის ეს ყველაზე საშინელი დღეა. მე თავად ვარ იმ შემზარავი სისატიკის თვითმხილველი, რასაც ადგილი ჰქონდა იმ დღეებში გაგრაში.... ძნელია უყურო, როგორ ანადგურებს მტერი შენს საყვარელ, მშობლიურ ქალაქს... დასანანია, რომ ჯერ არ დამდგარა ის დრო, როცა სათანადოდ და ობიექტურად შეფასდება ის მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ 21 წელი გავიდა, დღემდე არსებობს  ძალიან დიდი კითხვის ნიშანი - რატომ და როგორ მოხდა აფხაზეთის გასხვისება?  რა იყო ამის მიზეზი - მესამე ძალა, ჩვენი დაქსაქსულობა, გამიზნული პოლიტიკა თუ კიდევ სხვა რამ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions