დევნილთა და ლტოლვილთა აფხაზეთში დაბრუნების გზებსა და მეთოდებზე გაიმართა მსჯელობა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში.
დეპუტატებმა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს აფხაზეთის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პიროვნების, გივი მეშველიანის მიერ უმაღლეს საბჭოში შემოტანილი პროექტი, რომელშიც აფხაზეთში დაბრუნების ავტორისეული კონცეფცია იყო მოცემული.
დისკუსიაში მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული პროექტის თეზისები ძირითადად იმეორებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მოცემულობას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის თაობაზე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ხუბუამ, რომელიც უძღვებოდა დისკუსიას, მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისა და წარმოდგენილი კონცეფციისათვის და განხილვის დასასრულს აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭო, მისი ფრაქციები, კომისიები, აპარატის სამსახურები გააგრძელებენ მუშაობას აფხაზეთის პრობლემატიკის ირგვლივ არსებული პროექტებისა და თეზისების შესაჯერებლად, დასახვეწად და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებში წარსადგენად.