თამაზ ხუბუა: “რატომ ტოვებენ ასეთ ფაქტებს შესაბამისი რეაგირების გარეშე საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებული უწყებები“

 

აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მუდმივად მოიხსენიებენ რუსეთის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე მომუშავე უცხო ქვეყნების კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა გასულ კვირაშიც. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

„კვლავ გრძელდება (უნდა ითქვას დაჟინებული თანმიმდევრობითა და პოლიტიკური მორგებულობითაც) რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან აშკარა წახალისებით კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებისაგან თავიანთ ოფიციალურ ელექტრონულ საკომუნიკაციო დოკუმენტებში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ფიქსირება. ამაში გასაკვირი არც არაფერი უნდა იყოს – რუსეთს ძალიან აღიზიანებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების მტკიცე პოლიტიკის გატარება და საწინააღმდეგოდ მსგავს უსუსურ ინსინუაციებს მიმართავს. გაუგებარი სხვა რამ არის, თუ რატომ ტოვებენ ასეთ ფაქტებს შესაბამისი რეაგირების გარეშე საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებული უწყებები, უპირველესად კი საგარეო საქმეთა სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

მწარედ ცდებიან ისინი (ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც), ვინც მიიჩნევს, რომ აფხაზეთიდან ლტოლვილი და დევნილი საქართველოს მოქალაქეები ინდეფერენტულნი გახდნენ თავიანთ სახლებში უპირობო დაბრუნების პერსპექტივისადმი, ყველამ, ვისაც ამ სფეროში რაიმე ღირებულის გაკეთება მართებს და შეუძლია, უნდა იღვაწოს მუხლჩაუხრელად, ხოლო ვალის მოსახდელად გაკეთებული უკბილო განცხადებები და აწუკვე სასაცილოდ გადაქცეული „შეშფოთებები“ და „შეწუხებები“ თავიანთთვის დაიტოვონ“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions