აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვის გარშემო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის  და ცალკეული პიროვნების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, მათ მიერ საზოგადოებისთვის მიმდინარე  პროცესების შესახებ არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაციის მიწოდება მიზნად ისახავს  საზოგადოების დაპირისპირებას აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებთან, რაც მათი მხრიდან  აფხაზეთის ხელისუფლების თითქოსდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან გამოსვლის,  დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მოტივით არის შენიღბული, სინამდვილეში თავიანთი ქმედებებით სრულიად საპირისპირო, დევნილთათვის და ზოგადად აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისათვის მავნე და საშიში ტენდენციების განვითარებას უწყობენ ხელს.

 

გამომდინარე აქედან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავს ვალდებულად თვლის მოსახლეობისათვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განაცხადოს, რომ ამ ბოლო პერიოდში, როგორც არასდროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ცდილობს მოხდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა სრული გამჭირვალობის და საჯაროობის პირობებში. პროექტი განთავსებულია უმაღლესი საბჭოს საიტზე და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის. მიმდინარეობს პროექტის განხილვა  საქართველოს  პარლამენტში, სხვა კანონშემოქმედებით ორგანოებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ და პროფესიონალთა წრეებში. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების უმთავრესი მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არსებული  ნაკლოვანებების აღმოფხვრა  და მისი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. სწორედ 2013 წლის  ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, განაპირობა აფხაზეთის კონსტიტუციიდან ისეთი მუხლების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა – განთავისუფლებაზე საქართველოს პრეზიდენტის თანხმობას,  რასაც ამ ცვლილების ოპონენტები აფასებენ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან გასვლის მცდელობას,  რაც სრული აბსურდია და უბრალოდ სხვადასხვა ცნების ერთმანეთში აღრევაა (2004 წლის 30 ნოემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ნიშნავდა და ანთავისუფლებდა აფხაზეთის მინისტრთა  საბჭოს თავმჯდომარეს).

 

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მიმართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების  უფლებამოსილების გაზრდის  და პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლებისაკენ. ამ ცვლილებებით რეგულირდება ბევრი  ისეთი  საკითხი, რომელიც დღეს მოქმედ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული და რამაც სამართლებრივი კოლაფსის ფაქტის წინაშე დააყენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიმდინარე  წელს ახალი მთავრობის ფორმირების  დროს.

 

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტმა  პოლიტიკურმა პარტიამ, საზოგადოებრივმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ, პროფესიონალმა, დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციაში შესატანი  ცვლილებების პროექტის განხილვაში, რათა საკონსტიტუციო კომისიას მიეცეს შესაძლებლობა გაითვალისწინოს  მათი წინადადებები, მოსაზრებები და მათთან კონსულტაციების შედეგად მიიღოს აფხაზეთის კონსტიტუციაში შესატანი სამართლებრივად გამართული ცვლილებები. ჩვენდა სამწუხაროდ, განსახილველად გამოტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების ოპონენტები, თავიანთი სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნების განსახორციელებლად,  სამართლებრივი არგუმენტების არ არსებობის  პირობებში  ცდილობენ  პროტესტის უკიდურესი  ფორმებით  და   პირადული შეურაცხყოფებით, ზეწოლა მოახდინონ  საკანონმდებლო ორგანოზე, რაც ყოვლად დაუშვებელია და მიუღებელია ავტონომიური რესპუბლიკის  უმთავრეს  კანონზე მუშაობის პროცესში.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველას – აფხაზეთის  კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებით დაინტერესებულ პირებს, პოლიტიკურ  პარტიებს,  საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, – კონსტრუქციული, საქმიანი და ცივილური თანამშრომლობისაკენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით აღმოვფხრათ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო  სივრცეში არსებული სამართლებრივი ვაკუუმი.

 

ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებთან, პროფესიონალ კონსტიტუციონალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მხოლოდ საერთო სახალხო განხილვის შედეგების მათთან  შეჯერების შემდეგ მოხდება ცვლილების შეტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კონსტიტუციაში.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო



2013 წლის 14 ნოემბერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions