აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას ზოგირეთი მოსაზრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

 

საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, არ შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სოციალური, პოლიტიკური და ზნეობრივი უფლებების დაცვის უზრუნველმყოფ დოკუმენტად. კანონპროექტი შეიცავს უამრავ ბუნდოვან თეზისს, ის გაჯერებული არ არის დევნილი მოქალაქეებისათვის დღემდე დაშვებული სახელმწიფო რეგულირების მიზან–შედეგობრივი სახის კონსტატაციებით, არ იგრძნობა საცხოვრებელი და ტერიტორიადაკარგული ადამიანების წინაშე სახელისუფლებო პასუხისმგებლობა, ამ მხრივ გაკეთებული ცალკეული მინიშნებები ილუზორული, არაფრისმთქმელი და დეკლარაციული ხასიათისაა. გამოსაყოფია ზოგიერთი  აშკარად დისკრიმინაციული და სეგრეგაციული ნიშნის მატარებელი პუნქტი თუ პოსტულატი. სახელდობრ,

 

1. კანონპროექტის სათაურშივე გაუგებრობა – რატომ მარტო „დევნილთა“ და არა „ლტოლვილთა“ შესახებ?! საერთაშორისო სამართალი აღნიშნულ ტერმინებს დიფერენცირებულად იყენებს. კანონპროექტით წარმოდგენილი დევნილის ცნება პრაქტიკულ დატვირთავს ვერ ატარებს.

 

2. უკანონო და აშკარად დისკრიმინაციულია არასრულწლოვანთათვის დევნილის სტატუსის მინიჭების კანონპროექტისეული განსაზღვრა.

 

3. ავტორები ცდილობენ კანონპროექტით  შეუქმნან არარეალიზებადი მოლოდინები საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, დევნილ მოსახლეობას მათი უფლებების დაცულობის ვალდებულებაზე უკანონო მიგრაციის შემთხვევაში (საცხოვრებლის დატოვება, ქონების დაკარგვა, უფლებების დაცვა, ღირსების  დაცვა და ა.შ.), რაც სიმძიმის ცენტრის აქტუალური საკითხების მიღმა გადატანის უსუსური მცდელობაა, თანაც იმის გაუთვალისწინებლად, რა არის ამ მიმართულებით გაკეთებული განვლილ 20 წელიწადში.

 

4. კანონპროექტით შემოთავაზებული მუხლი, რომლის მიხედვით იმ პირებს, ვისაც 1250 ლარზე მაღალი სახელფასო თვიური შემოსავალი აქვთ შემწეობის თანხა არ დაერიცხება. აქ კომენტარები ზედმეტია. მუხლი დისკრიმინაციული და სეგრეგაციული ნიშნის აშკარა მატარებელია.

 

5. ყოვლადმიუღებელი და შეუსრულებადია საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ მფლობელობაში ქონის, იქიდან გამოსახლების, მათი დაკანონიების, საცხოვრებელი ფართის მფლობელისა და იქ დროებით განსახლებულის ურთიერთობის კანონპროქტით გათვალისწინებული რეგულაციები.

 

6. შეურაცხმყოფელია კანონპროექტით თითქოსდა გათვალისწინებული მუდმივ საცხვორებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლების დაფიქსირება. რა გააკეთა სახელმწიფომ იმ უკანონობის აღსაკვეთად, რასაც ქვეყნის შიგნით ჰქონდა ადგილი რესტიტუციის პროცესის დაწყების დროს? არ უნდა იყოს კანონპროექტში მინიშნებები მაინც იმ პირთა დასჯადობაზე, ვინც მხილებული იყო ან იქნება დევნილთა უპირველესი უფლებების შებღალვის მცდელობაში?!

 

კანონპროექტში არსებული ჩემს მიერ მითითებული და სხვა შეუსაბამობები მაძლევს უფლებას დავადასტურო, რომ კანონპროექტი აფხაზეთის პრობლემატიკიდან გამომდინარე დევნილობასა და ლტოლვილობაში მყოფი მოქალაქეების პოლიტიკურ, სოციალურ და ზნეობრივ–ფსიქოლოგიურ დაცულობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ უზურნველყოფს. კანონპროქტი აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას მისი ზედაპირულობის, ცალკეული პოსტულატის შეგნებულად გაბუნდოვნების, მათი ავტორების მიერ ხელისუფლების და არა იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის წინაშე ვალის მოხდის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტი მცდელობისა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები კანონპროექტის ავტორთა მოსაზრებას კანონპროექტის დახვეწილობაზე სამართლებრივი სტრუქტურისა და საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. ის გარემოება, რომ წინამდებარე კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს თავსთავად მიუთითებს ავტორთა დამოკიდებულებაზე დევნილი მოქალაქეების ინტერესებისადმი.

 

გამომდინარე ზემოანიშნულიდან კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საქართველოს კანონის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ წარმოდგენილი სახით მიღებას.

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე                                                თ.ხუბუა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions