თამაზ ხუბუა: “რატომაა მარტო აფხაზების გადასაწყვეტი ეს რეგიონი საქართველოში დარჩება თუ რუსეთს შეუერთდება?“

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პ.ზაქარეიშვილმა ამასწინათ განაცხადა - „კეთილი ინებეთ აფხაზებმა და ოსებმა, დაფიქრდით, რუსეთში რჩებით, თუ მოდიხარ საქართველოსთან ერთად ევროპაში“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის მოადგილეს თამაზ ხუბუას მიაჩნია, რომ აღნიშნული განსცხადება ერთობ გაუგებარია.

 

„თუ ბატონი სახელწიფო მინისტრი აფხაზეთის და აფხაზეთში დაბრუნების ერთადერთ გზად ქვეყნის ეკონომიკის ზეაღმატებულ განვითარებას მიიჩნევს, ეს მისი უფლებაა და შედავებასაც არ ვაპირებ. მაგრამ რატომაა მარტო აფხაზების გადასაწყვეტი ეს რეგიონი საქართველოში დარჩება თუ რუსეთს შეუერთდება? დავუშვათ, აფხაზებმა „დაფიქრების“ შემდეგ გააკეთეს არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ვეთანხმებით თუ რა?! ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ (ან რატომ ვართ პოლიტიკურად და, თუ გნებავთ, ადამიანურადაც ასეთი მიამიტები), რომ აფხაზეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის ხელში და რუსეთის საოკუპაციო „მფარველობის“ პირობებში დანარჩენი საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების თუნდაც გაუგონრად მაღალი პარამეტრების მიღწევის შემთხვევაშიც აფხაზი ხალხის გადასაწყვეტი არ იქნება ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი?? ვერ გამიგია, აფხაზეთიდან იძულებით განდევნილი ადგილობრივი თითქმის 400 ათასამდე ქართველი, აფხაზი, ბერძენი, რუსი, ებრაელი უკვე პოლიტიკურ ბალასტად არის შერაცხული, ამიტომაც არ იმსახურებენ მათი მოსაზრებების გათვალისწინებას მათივე შემდგომი ბედის განსაზღვრაში?!

 

ვინმეს შეიძლება საკითხის ამგვარი წარმოჩენა პოლიტიკური ინსინუაციებისათვის სჭირდებოდეს, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის აბორიგენ მოსახლეობას, აღნიშნული კატეგორიულად „არ გვაწყობს“! რაც მთავარია, ამ მოსაზრებას ვერ შეცვლის ვერავითარი პოლიტიკური კონიუქტურა და კონფლიქტის მოწესრიგების დროში გაწელვის შიში. დროა ზოგიერთმა მინისტრმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტებმა თუ ჟურნალისტმა თავი დაანებოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დევნილი და სრულიად საქართველოს საზოგადოების საწინააღმედეგო იდეების უბოდიშო „ფრქვევას“! - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions