საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ ”აფხაზეთის ხელისუფლების სურვილის შესაბამისად, მომზადებულია აფხაზეთთან თანამშრომლობის 2014 წლის გეგმა”.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ განაცხადა, რომ ”გაერო თავის ე.წ. შემრიგებლის როლს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ერთობ უსუსურად რომ ახორციელებს, არახალია. ამ შემთხვევაში მე ნაკლებად მაინტერესებს სხვა ”ცხელ წერტილებში” ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი, მაგრამ აფხაზეთის პრობლემატიკის პოლიტიკურ მოწესრიგებაში მას რომ ნულოვანი რესურსები გააჩნია, 20-წლიანმა პერიოდმა და ამ ორგანიზაციის მიერ, აფხაზეთში - საქართველო, კონფლიქტის გარშემო მიღებულმა 30-ზე მეტმა აბსოლუტურად არაქმედუნარიანმა რეზოლუციამ დაადასტურა. ამის ფონზე ვინმე სკოტის მიერ გაჟღერებული გაეროს მზადყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სეპარატისტულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე, ვერ ვიტყვით, რომ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. თუმცა აფხაზეთის დევნილი საზოგადოებისთვის ეს და მსგავსი განცხადებები ღირსების შემლახველია. ბატონ სკოტს პასუხს ვერ მოვთხოვთ, რადგანაც იგი ჩვეულებრივი კლერკია, რომელიც ”პატრონთა” ზრახვებს ახმოვანებს.