თამაზ ხუბუა: “ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, თუმცა კონკრეტულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ“

 

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება.

 

ამ ფორმატთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აცხადებს, რომ - „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის გავლენის ამჟამად და უახლესი, სავარაუდოდ შეუცვლელი პერსპექტივის გათვალისწინებით არსებული მდგომარეობა ცალსახად მარწმუნებს აბაშიოძე-კარასინის ფორმატის პოლიტიკურ უპირატესობაში ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებთან. 1998-2004 წლებში, როგორც ჟენევის პროცესის საკოორდინაციო საბჭოს მუდმივი წევრი, ვმონაწილეობდი მითითებული ეგიდით წარმოებულ 15-მდე ოთხმხრივ შეხვედრაში და, მერწმუნეთ, ამ მოლაპარაკებებს არავითარი (!) შედეგი არ ჰქონია არც მაშინ და არა აქვს არც დღეს. გასაკვირია ისიც, თუ რატომ ცდილობენ ამ მოლაპარაკებების მონაწილე ქართული დელეგაციის ცალკეული წევრები „რაღაც მნიშვნელოვანის“ დაფიქსირებას ყოველი რაუნდის დამთავრების შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ჟენევის ფორმატის მიერ რეკომენდირებული კომისიის მნიშვნელობას, რომელსაც თითქოს ევალება ოკუპირებულ გალის და  დანარჩენ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების პრევენცია-მონიტორინგი, მე ამ საკითხს უკომენტაროდ ვტოვებ, რამეთუ ასეთი მიდგომა პოლიტიკურად ძალიან უსუსური, საერთაშორისო  თანამეგობრობის ქრონიკული უმოქმედობის გამამართლებელი და ამ რეგიონიდან იძულებით გამოდევნილი ადამიანებისათვის ზნეობრივად უაღრესად შეურაცხმყოფელია. სხვათაშორის კარგი იქნება საჯარო თუ გახდება ამ ფორმატით ჩატარებული მოლაპარაკებების თუნდაც ერთი რაუნდის ქრონომეტრაჟი, - საინტერესოა რა განცხადებებს აკეთებენ ამ მოლაპარაკებებზე საქართველოდან წარგზავნილები, მათ შორის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი, აღნიშნულ და პრობლემატიკის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართულმა დელეგაციამ კვლავინდებურად უნდა გააგრძელოს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან თავის არიდება არ დაგვბრალდეს, მაგრამ კონკრეტულ შედეგებს ამ ფორმატისაგან არ უნდა ველოდოთ“.

 

„მე უფრო მეიმედება აბაშიძე-კარასინის შეხვედრებისა. რატომღაც დარწმუნებული ვარ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ამ ფორმატს მოკლე პერიოდში გაუფართოვდება განსახილველ საკითხთა  დიაპაზონი და შესაბამისად სამოქმედო არეალი, რაც კონფლიქტების სამართლიანი მოწესრიგების გზაზე ახალი, უფრო ხელშესახები  პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მუხტის მატარებელი იქნება“ - აცხადებს თ.ხუბუა.

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions