„მაკდონალდსის“ ბრენდის აფხაზეთში შესვლის შესაძლებლობებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი.ღარიბაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.
„ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას საქართველოში „მაკდონალდსის“ წარმომადგენლობის ინიციატივასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „...ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სხვა სახელმწიფო, არის მხოლოდ ერთი სახელმწიფო, და ეს – საქართველოა!“ მედიაში გავრცელდა ცალკეული პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მოსაზრებები იდეასთან დაკავშირებით. უდაოდ მისასალმებელია, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს აინტერესებთ აფხაზეთი და გულწრფელად (სხვაგვარი შეფასების საბაბი არ მაქვს!) ცდილობენ განზე არ დარჩნენ ამ საერთოეროვნული პრობლემატიკისაგან. მაგრამ ზოგიერთ ამ განცხადებაში (ვ.რჩეულიშვილი, თ.ჭყონია და სხვა) ვფიქრობ ზედმეტი იმედებია გამოთქმული მსგავსი პროექტებით სეპარატისტების დედა-სამშობლოსკენ მოქცევის პერსპექტივებისადმი. ნამდვილად ვერ გამოვდგები და არც მაქვს სურვილი ნებისმიერი სახით დავიცვა აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ესათუის პოზიცია, მაგრამ ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ იქ ზიან მიამიტი, პოლიტიკურად, ეკონომიკურად გამოუცდელი ადამიანები და ადვილია მათი „მოთაფლვა“ მსგავსი პროექტების შეთავაზებით. არ გამოვრიცხავ მათ მიიღონ კიდევაც „მაკდონალდსის“ ან სხვა ბრენდის ბიზნეს– წინადადებები, მაგრამ ეს გარემოება, მერწმუნეთ, არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს მათს პოლიტიკურ მრწამსზე, უფრო მეტიც – ეს შეთავაზება სოხუმის მიერ მყისვე კვალიფიცირებული იქნება, როგორც „ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დასაწყისი“. პოლიტიკურ პროცსეში ეკონომიკური შემადგენლის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვარ, თუმცა შეცდომაა მისი პრიორიტეტულად მიჩნევა პროცესის პრინციპულ, შეუვალ პოლიტიკურ მახასიათებლებთან მიმართებაში, მარტივად თუ ვიტყვით – მე მტკიცედ მწამს მხოლოდ ისეთი მოცემულობისა, როდესაც სახეზე გვექნება სამართლიან პოლიტიკურ შეთავაზებაზე ოპონენტი მხარის ადეკვატური პასუხის შემთხვევაში რეგიონისთვის მაღლაეფექტიანი ეკონომიკური პროექტების დაუყოვნებლივ ამოქმედების საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი გარანტიებით განმტკიცებული პირობის დადება და არა პირიქით. თავს ვერ დავდებ ჩემი პოზიციის უპირობო ჭეშმარიტბაზე, უბრალოდ იმას ვამბობ, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული და რაც აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებლად მიმაჩნია“ – აცხადებს თ.ხუბუა.