აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი მდ.ფსოუს პერიმეტრზე 11 კილომეტრით შეიწევს ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში.
აღნიშნულ ფაქტს კომენტარს უკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.
- ბატონო თამაზ, რით არის გამოწვეული და რამდენად მართლზომიერია აფხაზეთის დე–ფაქტო აღმასრულებელი ორგანოს ეს დადგენილება?
უპირველეს ყოვლისა შევთანხმდეთ, რომ ეს დადგენილება მხოლოდ ფორმალურად არის სოხუმის ადმინისტრაციის მიერ მიღებული (ვამბობთ სოხუმი, იგულისხმება – მოსკოვი!), ხოლო რაც შეეხება მართლზომიერებას, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად ისეთივე „სწორია“, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება და საქართველოს ამ რეგიონში საოკუპაციო ჯარის ნაწილების შეყვანა. მე მესმის, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მისი ორგანიზატორი ქვეყანა უსაფრთხოების ღონისძიებებს ამკაცრებს. საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შემთხვევაში ლოგიკურიც კი იქნებოდა ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობასა და შესაბამისი დროებითი, ორივე მხარისათვის მისაღები ქმედებების ერთობლივ დაგეგმვაზე საუბარი. რაც ამჟამად ამ დადგენილების სახით ხორციელდება - გახლავთ რუსეთის ფედერაციის მორიგი დაუფარავი მცდელობა, აჩვენოს საქართველოს და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას თუ ვინ არის ამ ტერიტორიის „მფლობელი და განმკარგავი“. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ დღეებში რუსეთის სტრატეგიული კონიუქტურის ცენტრის დირექტორის მოადგილის მიხეილ ჩერნოვის სკანდალურ განცხადებასაც რუსეთის ამიერკავკასიაში დაბრუნებისა და საქართველოს საზღვრების გადახედვის უკვე შეუქცევადი გადაწყვეტილების შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო!
- რა კონტრღონისძიებები შეუძლია დაუპირისპიროს ამგვარ ქმედებებს დასავლეთმა, საქართველოს ხელისუფლებამ?
ვშიშობ, დღეისათვის ამ ზემოქმედებებმა გარდა დეკლარირებისა რაიმე სხვა, უფრო ეფექტიანი შედეგების მიღების შესაძლებლობები წარმოაჩინოს. არადა რუსეთმა პოლიტიკური ნიშნის მიგებით არაერთი პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ზნეობრივად გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან მიმართებაში - ჯერ იყო და აფხაზეთიდან დაუკითხავად გაიტანა მილიონობით კუბამეტრი ინერტული მასალა, შემდგომ ოლიმპიადის მეჩირაღდნედ დანიშა საქართველოს ომში მონაწილე რუსეთის გმირი სამხედრო მფრინავი, ახლა მეზობელი ქვეყნის საზღვრებს მისი შეხედულებისამებრ „ჭრის და კერავს“. ამაზე მეტი ღირსების შემლახველი, დამამცირებელი და პოლიტიკურად ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებები რა უნდა იყოს არამარტო საქართველოს, არამედ იმ საერთაშორისო პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიმართ, ვინც პრეტენზიას აცხადებს აფხაზეთის პრობლემატიკის ობიექტურ გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამიტომაც სოჭის ოლიმპიადაში, თუნდაც სპორტსმენების დონეზე მონაწილეობა - არმონაწილეობის საკითხი ჩვენთვის უკვე საჭოჭმანო არ უნდა იყოს (მხედეველობაში მაქვს კატეგორიულად არმონაწილეობა ნებისმიერი ფორმატით). აქვე მინდა აღვნიშნო ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის „გულდამშვიდებული“ დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტისადმი. ზოგიერთი მათგანი გვამშვიდებს, რომ 21 მარტის შემდეგ ეს დადგენილება ძალას კარგავს და“სტატუს-კვო“ აღდგება, მეორენი ხელისუფლებას რადიკალურ ქმედებებს ურჩევენ მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი და აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას არ გააუქმებენ. ვერ ვიტყვი დასახელებულთაგან რომელი პოზიციით არის უპრიანი ვიმოქმედოთ, მაგრამ ვშიშობ, რომ უკვე წესად გვექცა მოვლენებისადმი ყოველთვის დაგვიანებული, რაღაცნაირად ვალის მოსახდელი რეაგირებები და ამისაგან მორალური და პოლიტიკური კმაყოფილებით ტკბობა.
ბატონებო, ნუთუ მოსაცდელად გვაქვს საქმე?!