შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ”უხუცესთა საბჭო”, რომლის დამფუძნებლებიც არიან როგორც საქართელოში, ისე საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები უხუცესების წარმომადგენლები.
უხუცესთა საბჭოს მიზანია დაამყაროს თანმიმდევრული, საქმიანი კავშირი აფხაზეთში მოქმედ, ანალოგიურ ”აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსთან”, რომლის შემადგენლობაშიც ტრადიციების ერთგული, ასაკოვანი აფხაზი ეროვნების პიროვნებები არიან გაერთიანებული.
დევნილობაში შექმნილი ”აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს” წევრები უპირველესად მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანები არიან.
აფხაზეთიდან დევნილი ”უხუცესთა საბჭო” სახალხო დიპლომატიის ბერკეტების ამოქმედების მეშვეობით, დევნილ საზოგადოებასთან მუდმივი კონსულტაციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ურთიერთმიტევებისა და პატივისცემის ვითარებაში იზრუნოს აფხაზთა და ქართველთა შორის ჩატეხილი ხიდის, შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად.
”უხუცესთა საბჭოს” მესვეურთა განცხადებით, ისინი მიზნის მიღწევას და აფხაზთა და ქართველთა შორის ტრაგიკული დაპირისპირების განწყობის შეცვლას, ნათესაური, კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობების აღდგენას ჰუმანური და კეთილშობილური გეგმის შესაბამისად შეეცდებიან და ამ გზაზე, უპირველესად, თავიანთ წევრებსა და აფხაზეთში დღეს მცხოვრებ და მის ფარგლებს გარეთ მყოფ აფხაზთა შორის ტრადიციულად არსებულ კავშირებს გამოიყენებენ.
”უხუცესთა საბჭოსთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ზემოთ აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, ამ ორგანიზაციის წევრები აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
დევნილი მოსახლეობის ”აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს” თავმჯდომარედ არჩეულია ქართული და აფხაზი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პიროვნება, გამოცდილი სამეურნეო ხელმძღვანელი და საზოგადო მოღვაწე ლორენცო შარანგია.